ტეგები

,


“მეგობრებო, ყოველ თაობას უწევს განაახლოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. მარგარეტ თეტჩერი

margalita 1მარგარეტ ტეტჩერის მრჩეველი 1986 -1988 წლებში ჯონ ო’სალივანი  თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა როგორ დაიწყო რონალდ რეიგანის და მარგარეტ თეტჩერის ბრწყინვალე მეგობრობა: “რონალდ რეიგანთან მეგობრობა 1975-ში დაიწყო. თეტჩერი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ ახალი არჩეული იყო, როცა რეიგანი ლონდონში იმყოფებოდა. მან ისურვა კონსერვატიული პარტიის ლიდერს შეხვედროდა. პროგრამის მიხედვით შეხვედრა 30 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კი მან 2 საათზე მეტს გასტანა. ასე დაიწყო მეგობრობა. პოლიტიკურ მოკავშირეობის პერიოდი კი 1981 წლიდან დადგა. მარგარეტ თეტჩერის ვაშინგტონში ვიზიტისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდ ნაწილს პრეზიდენტის დისტანცირება სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. რონალდ რეიგანმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ეს უკვე ბრწყინვალე მეგობრობის დასაწყისი იყო.”

ამავე ინტერვიუში ჯონ ო’სალივანი მარგარეტ თეტჩერზე საუბრუსას აღნიშნავდა:„ის იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელების უმეტესობა ( ვისთანაც კი მისაუბრია) დღემდე მადლიერები არიან მისი. დღემდე ახსოვთ, რომ თეტჩერი მხარს უჭერდა მოძრაობა „სოლიდარნოსტს,“ რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა შეიქმნა, მან მხარდაჭერა გამოუცხადა დისიდენტურ მოძრაობას. მისი განკარგულებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაფრინდა პოლონეთში და მივიდა კომუნისტური რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის – ეჟი პოლელუშკოს საფლავზე.” (ანტიკომუნისტური გამოსვლებით ცნობილი მღვდელი ეჟი პოლელუშკო 1984 წელს მოკლეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი მკვლელები მილიციის თანამშრომლები იყვნენ. სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი კათოლიკე მღვდლის მკვლელობას  პოლონეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.)

„მარგარეტ თეტჩერის პოზიცია იყო – ბრიტანეთის მთავრობას მკვეთრად გაეკრიტიკებინა საბჭოთა კავშირი, მონაწილეობა მიეღო თავდაცვის ეფექტური სისტემის შექმნაში და გაეკეთებინა მკაფიო ანტიკომუნისტური განცხადებები.“ – მიუთითებდა ჯონ ო’სალივანი. მისი იტერვიუდან ციტატები მოყვანილია “რადიო თავისუფლების” რუსული რედაციის ერთ-ერთ პუბლიკაციაში.

მარგა “თუ ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირი ჩარევა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვთქვათ სიმართლე იმის შესახებ, რომ  სადღაც ბოროტება ხდება.“

“საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი.” მარგარეტ თეტჩერი

“ცივი ომის” დასასრულისა და მარგარეტ თეტჩერის შეასახებ ედუარდ შევარდნაძის მოგონებებიდან

“არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო დიდი ბრიტანეთის საშუამავლო როლის შესრულება საბჭოთა კავშირ – ამერიკის ურთიერთობაში. „რკინის ლედის’ აქ ნამდვილად ეთქმოდა სიტყვა. თეტჩერის პოზიციას ჯერ ჩემი და შულცის, შემდეგ კი რეიგან – გორბაჩოვის შეხვედრები უნდა დაეჩქარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ამერიკელებს ერთმანეთთან შეხვედრა გვსურდა, მაინც ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მათ გაქარწყლებაში გადამწყვეტი როლი სწორედ თეტჩერს უნდა ეთამაშა. ნიშანს ორივე მხარე ელოდა და როდესაც ქალბატონმა ტეტჩერმა მითხრა, რომ შემოდგომით ვაშინგტონში რეიგანთან ახალ შეხვედრაზე „ჟენევის სულისკვეთება“ უნდა გაგვეგრძელებინა, მე თანხმობის ნიშნად გამეღიმა. ეს ზუსტად ის იყო რასაც ველოდი. ლონდონში ამ ვიზიტის დროს მართლაც თვალში საცემი გახლდათ, რომ ამერიკა – საბჭოთა კავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა ინგლისელებისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი იყო. ამ სურვილში ის ჭეშმარიტად ღრმა პოლიტიკური ინტერესი ვლინდებოდა, რომლის საშუალებითაც ლონდონი არა მარტო სსრკ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდა და ამით ამერიკასთან თავის სამოკავშირეო ვალდებულებას ასრულებდა, არამედ თავის მრავალსაუკუნოვან ამბიციასაც იკმაყოფილებდა – გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. “