ტეგები


მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ ქართულმა ( ჯერ კიდევ საბჭოთა) პრესამ  აქტიურად kostaდაიწყო მისი   წერილების გამოქვეყნება.  1990 -ში ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის ამ ლიდერის წერილებს, თითქმის, მთელი წლის მანძილზე ბეჭდავდა  ჟურნალი “მნათობი.” მერაბ კოსტავას “ფერისცვალების მოლოდონშიც”  “მნათობმა”  გააცნო მკითხველს.  ეს ტექსტი 1973 წლის აგვისტოშია დაწერილი, საინტერესოა  საქართველოს ეროვნულ გმირის ახლოდან დასანახად.

 

ფერისცვალების მოლოდინში

თბილისი: ტაძრებით, ადამიანებით, აღმართებით, ციხეებით, წარსულით და აწმყოთი, საკუთარი და უცხო თვალებით დანახული.

უბნები, ვიწრო, პროსპექტები, ხეები, შენობები დღითა და ღამით..

მილიციელები თეთრ ხაზზე – ჭაბუკთა თვალებში ღიმილის ნაპერწლები.

მოყვითალო ვოლგები მომრავლდნენ ქალაქში..

რეპროდუქტორები სდუმან ანძეზე..

ყვითელი ვოლგები, მეწამული  ქედები და მათი პატრონების იმპერატივები..

რა მოხდა?

მოძრაობა გაიზარდა? უბედური შემთხვევები გახშირდა? ადამიანებმა ტყეებში მხეცები გაჟუჟეს და მათ ნაცვლად გზებზე სიკვდილის მთესველი მანქანები აუშვეს?

რაო?!  ნუთუ მეცნიერებისა და პროგრესის მტერი ხარ? როგორ არ გესმის, რომ გარდაუვალი პრობლემა ატმოსფეროში ჟანგბადის განუწყვეტელი კლებისა, მეცნიერთა მეოხებით დანერგილი ეს პანიკური  შიში, მალე გადახაზავს კლასობრივი ზიზღის ყველანაირ სამანებს და ორივე სამყაროს მეცნიერები ერთად მოუსხდებიან ჭადრაკის მაგიდას საჭირბოროტო საკითხებზე თავგახურებული მუშაობის შემდეგ?!

აი, ესეც მეგობრობის ხიდის ექსტრავაგანტული პროექტი..ჭეშმარიტად საინჟინრო შედევრი..

მოკლედ მიმიხვდებით! თბილისი თანამედროვე ქალაქს ემსგავსება.

ასფალტის დნობისა და გაბზარვის ტემპერატურა გზათა  ტრესტების ბარომეტრში წითელი ხაზებითაა აღნიშნილი, მაშინ როდესაც ფეხის გულისათვის იგივეა ცვრიანი ბალახი, რაიც თვალისათვის კაბადონი ცისა.

ქალაქი  მასსივების სასაფლაოებით, სადაც ქვის ყოველი კუბო ერთ სოფელს იტევს და მაინც.. ბავშვის თვალები გაფაციცებით დაეძებენ სივრცეში თაღებს, სვეტებსა და კაპიტელებს.

მასსივების გორგონამ უმოწყალოდ დაასამარა ფიდიასის უმწიკვლო  მზერა, ციებ -ცხელება..

გაზეთის კიოსკებმა ვერ  ამოყორეს ცმობისმოყვარეების გაუმაძღარი სტომაქი: სპორტი!.. სპორტი!.. სპორტი!..

უპოვართათვის  სანახაობას არ იშურებს გულუხვი კეისარი.

ღრიანცელი კივილი, სტვენა, ზმუილი.. ვალპურგიის ღამე შუაგულ ქალაქში.

სტადიონი, საიდანაც ათასობით ხორხიდან აღმომსკდარი ზიზღისა და გინების სამმუმი ცოფიან რადიოსებად აწყდება ქალაქის კიდეებს.

უმეცარნო, უწყოდეთ: ფეხბურთი მარტოოდენ გასართობი როდია! არსებობს „ინტელექტუალური“ ფეხბურთიც.

ფეხბურთი „ხელოვნებაა“.

ფეხბურთი  თანამდეროვე „ვიზიონერობის“ იშვიათობაა.

დეტალურად ახსოვს ფირანას ათი წლის წინათ გატანილი გოლი.

იგი უნივერსიტეტის პროფესორ  N-საც მკაფიოდ აღებეჭდა. ამგვარ ინტიმში შობილი გინებისა და აღფრთოვანების შეძახილები „უტყუარი“ საშუალებაა მუშისა და „ინტელიგენტის“ კომუნიკაბელურობისა.

გამოხუთულ ოთახებში ეკრანთა წამწამების უსიამო პარპალი  „ტკბილი“ მეზობლობის მტკიცე  ბალავარია.

ვხედავ სხვაა მათთვის რიცხვების მნიშვნელობა.

შემოდგომიდან გაზაფხულამდე, თამაშიდან თამაშამდე ვაკუუმში იხუთებიან.

იერიქონის საყვირივით ხმას დავარისხებ, ღრიანცელის კორიანტელს დავფარავ, რათა გასმინოთ:

„სტადიონი მტარვალთა გალავანია, ტარანებითა და ვერძებით შესამუსრი.

დააქციეთ კერპი, რომელმაც წარიტაცა გონების  სიფხიზლე.

გააცამტვერეთ სიბილწის საკურთხეველი, სადაც ნაცვლად საკმეველის ნელსურნელებისა, ერთა შორის ზიზღის ბალღამი იღვენთება.

იავარჰყავით ბომონი, რომელმაც მოსპო ჭეშმარიტი გმირობის გაგება და მსოფლიო რეკლამის ბაზარზე ცრუგმირები გამოჰფინა.

ამ სიტყვებისთვის ვიცი გავეშებეული ბრბო ამკუწავს. მოზვერივით  მსხვერპლად მიმცემს თავისსავე ბომონს. უწყინარი სისხლით რისხვას დაიოკებს, მაგრამ მოთმინება და სიმშვიდე იქონიეთ და უსმინეთ, თუ აპოკალიპტური ხატი კუპრისფერი მხეცისა გამალებით  როგორ ეწევა დომინოს რეკლამას.

განცხადება: ბალღებს ეკრძალებათ  დომინოს თამაში, რადგან რა ხანია ეს თამაში მოზრდილებმა მიისაკუთრეს.

განცხადება მეორე: რკინეულობის მაღაზიაში იყიდება ყველანაირი ლურსმანი..

მეწვრილმანეთა სპეციფიური სუნი..

ქალაქის  ჭუჭყი იტვირთა მტკვარმა.

ოდესღაც  მწერლები აკითხავდნენ მესროპას, ხელმარჯვე მეთევზეს.

კაპრონის ძაფს კონსერვატორის სიცოფით სწყევლიდა მოხუცი.

უბრალო ძაფით კემსავდა ბადეებს.

ნაღვინევი ფანტაზია კინტოს და ყარაჩოღელს აერთებდა მოხუცის მზერაში.

სალომეს ტრფობაშიც ორბელიანს  თუ ბაძავდნენ ორიგინალური მიბაძვის მძებნელნი.

ხსოვნაში  აგუბებულმა  ტკივილმა მუსლიმან   ბაგრატოვნათა პლეადა ამოატივტივა.

ჰმ.. კომპრომისი.. წყეული კომპრომისი.

გოგირდიანი წყალი მტკვარში… გველივით დაგრეხილი ბოლი ჰაშიშისა.. შარბათივით დამტკბარი თარსი გამოხედვა.. მწვანეთვალება ეშმას იონები.

მდინარის ღმერთებო!

ვხედავ, ტექნიკის ულმობელი ტორი დაეცა თქვენს მოსარკულ პირსახეს.

ტექნიკა – შუადღის  მზეზე ხის ჩეროში პირდაფჩენლი წოლაა დაღეჭილი ნაყოფის მოლოდონში..

ტენქიკა სტომაქში ჩამარხული აზროვნებაა, ღვთაებრივი  ათინათის შეურაცხმყოფელი.. იგი სამხრეთელი  უქნარას სიზმარია  ჩრდილოეთში სიბეჯითის ნიღბით აღმოცენებული..

გაიხსენეთ მთავარია სინათლის ცვარ-მარგალიტით მოჭედილი ზურმუხტოვანი კორდი მცხეთაში.. ნათელღებული ყივჩაღები – სავარდეში გადმორგული თვალუწვდენელი სტეპების ეს ველური ყვავილები..

თანამედროვე ადამიანების  ნაყროვანებამ კუპრისფრად შეღება მტკვარი.

ამ  საუკუნის  სასწაულებრივი კოსმეტიკაც ვეღარ ათეთრებს დიდ  მდინარეთა ბედის თანაზიარს.

ანკარა გული კი დიდ მდინარეებშიც  ნიადაგ ანკარა წყაროებს დაეძებს.

ვის გინახავთ სისხლით აღვსებული მდინარის კალაპოტი?

ახალგარდაცვლილთა სულების კვირტებად  აფეთქება ცის კაბადონზე..

ნატყორცნი ქვისგან აღძრული წრეები წყლის ზედაპირზე..  როგორ გვაგონებს მათი სრბოლა სწრაფვას სულისას: გაფართოვდეს, გაარღვიოს სხეულის დილეგი, ვეფხვური კამარით აღავსოს ყოველი.

ვისი ნებაა ყოველწლიურად თითო რგოლი რომ ემატება ბერმუხის მერქანს?

ცაში არწივთა  ირაოს მჭვრეტი, რომელი ჩასწვდება წრეთბრუნვის მიზნებს ან განზრახვას იმ იდუმალი ხელოვანისას, ზამთრის ღამეში დაორთქლილ მინას ყინულის მაქმანი, ყვავილიწნულების და ფოთლების ფანტასიკური კორიანტელი რომ დააქარგა?

სისხლში მოგიზგიზე ცეცხლის საიდუმლო ვინ ამოიკითხა?

სინანულის სახმილით დაფერფლილი კაცის ღმერთობა ვინ იწამა?

ვარსკვლავთა მოციაგე წრეების მშთანთქავი სული ვინ გაიმეცნიერა?

სიონის ემბაზი მომზადება იყო მარტოოდენ..

საქართველოში ქრისტიანული ნათლობის რიტუალი ნიადაგ სისხლში განბანვით გვირგვინდებოდა.

სისხლი იღლებოდა სხეულში ხეტიალით, დახშული წრედით, ერთიდაიმავე გათელილ გზებით გულგადალეული.. დილეგის დაგდებას, სამყაროს ხილვას მიელტვოდა იგი.. მიესწრაფვოდა.. ასე იწყებოდა  ფერისცვალების ფანტასმაგორია..

შეწირული სისხლით მითიურ წალკოტში მაისის ვარდები იფერებოდნენ.

გონებისწამღები გარიჟრაჟები  ძოწით და ჰორფირით იმოსებოდნენ.

ოდესღავ მტკვარში ირეკლებოდა ვარსკვლავიანი ღამის მესსა.

ანგელოსთა სულთათანა დამნისვლელი ირმის ნახტომის.

ძვირფასი ქვებით დათრთვილული ოქროს გვირგვინი თამარის შუბლზე.

ქერუბიმთა მეტანია დამბადებლისადმი.

უმანკო ბაგით წარმოთქმული ლოცვა“ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და მართალთა შორის სათნოება.“

გულისამგმირავია,მტკვარო, ეგ შენი მელანქოლია!

ზეცას რახანია შენს დაწმენდილ სარკეში აღარ ჩაუხედავს.

მერაბ კოსტავა,

1973 წლის აგვისტო.