ტეგები

,


“საქართველო, როგორც ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის ქვეყანა,” –  ასეთი სათაური აქვს  აკაკი ბაქრაძის წერილს, რომელიც 1990 წლით არის დათარიღებული. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ ამ წერილს. ის საინტერესოდ აღწერს საქართველოს –   ევროპული ცივილიზაციის უძველეს ნაწილს.

ვარძია“საქართველო, ალბათ, მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყნაა, რომელსაც არავინ იცნობს. არავინ იცის რას წარმოადგენს იგი. წარსულ საუკუნეებში საქართველო ზოგს თურქეთის ნაწილი ეგონა, ზოგს – სპარსეთის. დღეს სამხრეთ რუსეთის ნაწილად მიაჩნიათ. ნამდვილად კი საქართველო არც თურქეთის ნაწილია, არც სპარსეთის და არც რუსეთის. საქართველო საქართველოა. ძველი ბერძნები და რომაელები მას გეორგიას ეძახდნენ. ხან კოლხეთსაც და ხან იბერიასაც. პირენეის იბერიისგან რომ განესხვავებინათ, კავკასიის იბერიად იხსენიებდნენ.

როგორც მითებიდან ჩანს, ძველ ბერძნებს საქართველოზე კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, რაკი არგონავტების მითში ელინები სწორედ საქართველოს შავი ზღვის ნაპირს ეწვევიან. აქედან მიაქვთ მათ ოქროს საწმისი და მიჰყავთ ქართველთა მეფის ასული კოლხი მედეა. მედეას კი ჩინებულად იცნობს ამირანიევროპული მწერლობა. ბევრი დრამატული ნაწარმოების გმირია იგი, დაწყებული ევრიპიდეთი და დამთავრებული ჟან ანუით. საქართველოში, კავკასიის ქედზე იყო მიჯაჭვული ბერძენთა ღმერთი პრომეთე, კაცობრიობისათვის ცეცხლის მოტანისთვის. ქართველებსაც აქვთ ანალოგიური მითი ამირანის შესახებ, ამირანიც ცეცხლის მოტანისთვის არის დასჯილი და კლდეს მიჯაჭვული.ასე, რომ საქართველო თავისი კულტურული ცნობიერებით ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციას ეკუთვნის.ქართველებმა მწიგნობრობა და დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში შექმნეს, მეფე ფარნავაზის დროს. ფარნავაზი ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვეა. ცოტა მოგვიანებით კი ქართველ მეფეს ფარსმანს რომაელები რომის ფორუმზე ძეგლს აუგებენ, როგორც საუკეთესო მოჯირითესა და მოისარს. ამას რომაელი მემატიანეები გვაუწყებენ. მათ კი მიკერძოებულობაში ბრალს ვერ დავდებთ. ამავე პერიოდში გახდებიან მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟებად ქართველი უფლისწული რადამისტი და ზენობია. მათი თავდავიწყებული სიყვარული მსოფლიო პოეზიის საგანია.

ძველ ფაზისში, დღევანდელ ფოთში, მთელ ანტიკურ სამყაროში სახელგანთქმული რიტორიკული სკოლა არსებობდა. ბევრ გამოჩენილ ორატორს, ქართველსა და არაქართველს უსწავლია ამ სკოლაში. ამასაც ბერძნული წყაროები გვიამბობენ.

ანტიკურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობამ გახადა შესაძლებელი მე-4 საუკუნის პირველ მეოთხედში ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ამ საქმეს თავკაცობდნენ რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დედა ელენე, განმანათლებელი ნინო და ქართველთა მეფე მირიანი. ათასხუთას წელიწადს ითვლის ქართული ლიტერატურა, არქიტექტურა, მხატვრობა, მუსიკა. ამის საბუთია „შუშანიკის წამება,“ „აბოს მარტვილობა“, ჯვრის ტაძარი, სვეტიცხოველი, წრომი, კუმურდო, ???????????????????????????????ატენის ფრესკები, ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ჰიმნი „შენ ხარ ვენახი,“ ქართული პოეტური კულტურის შედევრი „ვეფხისტყაოსანი“ და უთვალავი სხვა ძეგლი, რომელთა ჩამოთვლა პაწია ინფორმაციაში შეუძლებელია. ქართველი ქმნიდა და იბრძოდა. თერთმეტი საუკუნე – მეშვიდედან დაწყებული მეთვრამეტე საუკუნით დამთავრებული – ებრძოდა პატარა ქრისტიანული ქვეყანა დიდ მუსულმანურ სამყაროს: არაბებს, სპარსელებს, თურქებს. საქართველომ მონღოლთა შემოსევასაც გაუძლო.

თერთმეტსაუკუნოვანი ანტიმაჰმადიანური ბრძოლით დაღლილმა საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, მაგრამ მოტყუვდა. დახმარების მაგიერ რუსეთმა დაიპყრო 1801 წელს. გააუქმა საქართველოს სამეფო, ქართული სამეფო დინასტია რუსეთში გადაასახლა. ეკლესიებსა და სკოლებში აკრძალა ქართული ენა და რუსული შემოიღო. საქართველო გახადეს რუსეთის ორ გუბერნიად. მიუხედავად ამისა, ქართველ ხალხს კულტურის მშენებლობა არ შეუწყვეტია. მე-19 საუკუნემ მოგვცა: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა – ფშაველა და სხვანი და სხვანი. საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ ( ევროპული გაეგბით) მხატვრობას, მუსიკას, მეცნიერებას სხვადასხვა დარგში.

ყოველი ქვეყანა, დიდია თუ პატარა, კაცობრიობის თვალში იმ კულტურით იძენს ღირებულებას, რაც მან შექმნა. ანტიკური საბერძნეთის პატარა პოლისები და უზარმაზარი ჩინეთი თანაბრად ფასობენ, რაკი ორივემ დიდი კულტურა შექმნა. მიუხედავად მუდმივი ომებისა, შინააშლილობისა, დამპყრობელთა შოთაბატონობისა, შემოქმედების თვალსაზრისით ქართველი გულხელდაკრეფილი არ მჯდარა. ქართველი კულტურას ქმნიდა იმ შეგნებით, რომ ბოროტს ყოველთვის სძლევს კეთილი, რადგან ბოროტი უსუბსტანციოა („ვეფხისტყაოსანი“),
რომ რასაც მტრობა აქცევს, მას სიყვარული აშენებს ( ილია ჭავჭავაძე), რომ ეს სიყვარული განფენილია მთელ სამყაროში და ზემხედური ცნობიერებით მისტიკური კავშირი არსებობს ადამიანსა და სხვა ყოველ საგანს შორის, სულერთია ეს საგანი, სულიერია თუ უსულო ( ნ. ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა), რომ ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო თავისი დანაშაულოს გამო, არამედ სხვისი დანაშაულისთვისაც, რადგან მთელი კაცობრიობა ერთიანია და ჩვენ ნაწილები ვართ ერთმანეთისა ( აკ. წერეთელი), რომ კაცობრიობის ცხოვრება არსებობის საიდუმლოების მარადიული და უსასრულო შეცნობაა, რადგან „სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს“ (გალაკტიონ ტაბიძე).

კულტურული ამშენებლობის გვერდით არ შეწყვეტილა ეროვნულ – გამანთავისუფლებელი ბრძოლაც. ამ ბრძოლის შედეგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დამოუკიდებლობამ დიდხანს ვერ იარსება. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა კვლავ დაიპყრო საქართველო, ამჯერად უკვე კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით.

ძნელბედობას მიჩვეული ქართველი ხალხი აგერ 70 წელიწადია კომუნისტური დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და ქმნის, დღე კი თავგამტებული იბრძვის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.”