ტეგები

, ,


1990 წლის დასაწყისში საქართვეოლოს მოსახლეობა უკიდურესად აღაშფოთა ცხინვალის რეგიონში შექმნილმა განუკითხაობამ და სოფელ ფრისში მომხდარმა  შემზარავმა დანაშაულმა – 9 თვის ბავშვის ცხიმკვლელობამ. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცანით 1990 წლის 4 იანვარს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან თბილისში მშველელის საძებნელად ჩამოსული ქართველების შეფასებები.  შეხვედრა მათ პრესის წარმომადგენლებთან გამართეს და ეს  შეხვედრა ფართოდ გააშუქეს მაშინდელმა გაზეთებმა. საინტერესოა, რომ იმ დღეებში, საქართველის საბჭოთა ხელისუფლებისთვის ავტონომიურ ოლქში წესრიგის დასამყარებლად გადამჭრელი ზომების გატარება მოუწოდებიათ  საქართველოში  გამომავალი ოფიციალური  გაზეთების მთავარ რედაქტორებს.

საქართველი სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს,
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს,
შიდა ქართლის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან 1990 წლის 4 იანვარს შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტების მიმართვა

mimartvaუკანასკნელ დღეებში შიდა ქართლში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თავგასული ოსი ექსტრემისტები ქართული მოსახლეობისადმი მიმართავენ ყოვლად აღვირახსნილ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ( სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუპატიურება, დაჭრა, კაცისკვლა, ბანდიტიზმი). ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი გახდა, რომ 3 იანვარს ქართული ოჯახების მორიგი დარბევისას, სოფელ ფრისში ჩადენილია გაუგონარი დანაშაული, ცეცხლსასროლი იარაღით აკვანში მოკლულია 9 თვის ბავშვი.

დღეს, როდესაც შევხვდით და მოვუსმინეთ შიდა ქართლიდან ჩამოსულ ჩვენს სასოწარკვეთილ თანამემამულეებს, საჭიროდ ვცანით, მოგმართოთ:

1. გამოცხადდეს ოფიციალური პროტესტი ქართველი ხალხის სახელით საქართველოში მიმდინარე პროცესების საკავშირო პრესაში და ტელევიზიით ტენდენციურად და ცალმხრივად გაშუქების გამო, რაც უკიდურესად ამწვავებს ვითარებას. ამასთან მოვითხოვთ, რესპუბლიკის შესაბამისმა სტრუქტურებმა შეგვიქმნას სათანადო პირობები რეგიონში შექმნილი ვითარების სრულყოფილი გაშუქებისთვის.
2. განხორციელდეს გადამჭრელი ზომები, რათა უმოკლეს ვადაში რესპუბლიკის ძალებით აღდგეს რეგიონში სრული წესრიგი, ქართველ და ოს მოსახლეობას შეექმნას ნორმალური ცხოვრების პირობები. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, დაუყოვნებლივ გამოვლინდნენ და სამაგალითოდ დაისაჯონ ქვეყნის მოღალატენი, რომელთა მიზანია ეთნოკრიზისების გამოწვევა და საგანგებო მმართველობის შემოღება.
3. მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნილ ვითარებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება, რისთვისაც პასუხისმგებლობას ვერც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აიცილებს.

ვახტანგ აბაშიძე – გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის“ რედაქტორი;
ვან ბაიბურთი – გაზეთ „ხორურდაინ ვრასტანის“ რედაქტორი;
თენგიზ გაჩეჩილაძე – გაზეთ „ლელოს“ რედაქტორი;
ვლადიმერ გოგოლაშვილი – გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ რედაქტორი;
ალექსანდრე იოსელიანი – გაზეთ „ზარია ვასტოკას“ რედაქტორი;
აპოლონ სილაგაძე – გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქტორი;
კაკო სიხარულიძე – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის მდივნის მოადგილე;
სულეიმან სულეიმანოვი – გაზეთ „სოვეტ გურჯისტანის“ რედაქტორი;
მინდია უგრეხელიძე – გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის პირველი მოადგილე;
დალილა წულაძე – გაზეთ „ვეჩერნი ტბილისის“ რედაქტორის მოადგილე;
რამინ ჭელიძე – ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე;
ელიზბარ ჯაველიძე – გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი;
გიორგი გაჩეჩილაძე – რუსთაველის საზოგადოების ერთაშორისი ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე.
გურამ ყორანაშვილი – საქართველიოს სახალხი ფრონტის ერთაშორისი ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე.