ტეგები

, ,


“ამ ხნის მანძილზე რუსებს არ ჰყოლიათ ეროვნებით რუსი დიდი ქართველოლოგი, გასაკვირვია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. რუსებს შორის იმჟამად არ მოიძებნებოდა ქართული კულტურის იმგვარი მოამაგე და მეგობარი, და -ძმა უორდროპები რომ იყვნენ. მაშ, რას უნდა მივაწეროთღ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა”… მერაბ კოსტავა, 1976.

 

კოსტამერაბ კოსტავას ვიხსენებთ  საბჭოთა პრესაში მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული ერთი წერილით. ესაა  1976 წელს დაწერილი “გზა ჭეშმარიტებისკენ,” რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატს და რუსეთ -საქართველოს ურთიერთობებს  ეხება. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწილს  მერაბ კოსტავას ამ  უაღერესად საინტერესო  ნაშრომიდან. ამჯერად იმის შესახებ, თუ რა ხიბლავდათ საქართველოში რუს კლასიკოსებს… ” მეგობრობის ტრაქტატის” შემდეგ, რატომ დარჩა საქართველო მათთვისაც კი ასე უცხო და შეუცნობელი..

“ერთის შეხედვით მოხდა საკვირველება. ქრისტიანულმა რუსეთმა სამეფოს გაუქმებით, ქართული ენის დევნითა და ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფით ერთმორწმუნე საქართველოს გაუკეთა ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენია თვით სპარსეთსა და თურქეთს, სისხლის წვიმების არაერთგზის დამყენებელს საქართველოში და ეს ყოველივე კონტაქტის დამყარებისთანავე მოხდა. რას მივაწეროთ ეს ამბავი? – დიდ და მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის სხვაგვარი დამოკიდებულების გამორიცხვას, თუ იმჟამად აღორძინებული კოლონიალიზმის თავისებურებას?! უშვებდნენ საქართველოს მეფენი, უპირველეს ყოვლისა კი, ერეკლე მეორე, საქმის ამგვარად შემოტრიალების შესაძლებლობას, ოდეს თავგამოდებით ცდილობდნენ გამუდმებული შემოსევებისაგან სისხლდაწრეტილი ქვეყანა ეხსნათ ერთმორწმუნე ჩრდილოელის მეშვეობით? ჩემის აზრით, არა, რადგან მათ არ იცოდნენ მათი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის, კოლონიალიზმის და დიპლომატიის ისტორია, არა უწყოდნენ ახალი, დახვეწილი მეთოდებისათვის, მათი ორგანიზებულობისა და თანმიმდევრულობისათვის სხვათა თუ ახალ მიწებზე ფეხმოკიდების საქმეში, რაც სავსებით განსხვავდებოდა დროებითი, პერიოდული შემოსევისა და ხარკის დადების მოძველებული, აზიური მეთოდებისგან. არა იცოდნენ ასიმილირების იმ უნარებისა და მისწრაფებებისათვის, ახალგაზრდა მზარდ ერებს რომ გააჩნდათ, “-  წერდა მერაბ კოსტავა  წერილში “გზა ჭეშმარიტებისკენ” და  იქვე  აღნიშნავდა, რომ რუსეთი და საქართველო ისტორიულ გზათშესაყარზე, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერისას ერთმანეთს ერთობ ზერელედ, ან თითქმის არც იცნობდნენ. საქართველოს რომ უძველსი კულტურა და ისტორია გააჩნდა, რომელიც პრომეთე-ამირანის, ნოეს კიდობანის, არგონავტთა ლაშქრობის მითებიდან და ლეგენდებიდან იღებს სათავეებს.. რუსეთს და საქართველოს რომ ჰყავდათ ერთიდაიგივე ქრისტიანი ნათლია, ანდრია პირველმოციქული, საქართველო სირიასთან, ბიზანტიასა და სომხეთთან რომ ინაწილებდა პიონერობას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ იცოდნენ არათუ იმჟამინდელი რუსეთის მმართველმა წრეებმა, არამედ თვით პუშკინმა, ლერმონტოვმა, გრიბოედოვმა, ტოლსტოიმ, კავკასიაში გადმოსახლებულმა ცნობილმა დემოკრატებმა, სხვათა და სხვათა. მივყვეთ მერაბ კოსტავას წერილს: ” მათზე და მათ შემოქმედებაზე უდიდეს გავლენას ახდენდა კავკასიონის ზვიადი მწვერვალები. ისინი აქ პოულობდნენ ახალ თემებს, იმუხტებოდნენ მძლავრი შემოქმედებითი იმპულსებით, ექცედნენ უჩვეული პოეტური ინსპირაციების არეში. საქართველოს სამხედრო გზას შემთხვევით როდი უწოდეს რუსული ლიტერატურის ისტორიის გზა..

დაროგამათ შემოქმედებზე საქართველოს ზემოქმედება უფრო ბუნებისმიერი იყო და ეს ზემოქმედება ერთობ ძლიერი და მომნუსხველი აღმოჩნდა. მის ძალას იგი მიხვდება, ვისაც წაუკითხავს ანდრეი ბელის აღმაფრთოვანებელი ესსე დარიალისა და არაგვის ხეობათა გასულიერებული ბუნებისადმი. გამოდის, რომ ერეკლე მეორეს მარტოოდონ რუსეთის ჯარისთვის როდი გაუხსნია ვახტანგ გორგასლიანის მიერ ოდესღაც მტკიცედ ჩარაზული დარიალის კარიბჭე, არამედ რამდენადმე რუსული ლიტერატურისთვისაც გაუღია აღსავლის კარები. მაგრამ იმჟამად რუს მოღვაწეთათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კარიბჭე დახშული აღმოჩნდა, რის გარეშც შეუძლებელი გახლდათ საფუძვლიანი შეხება იბერიის ერის სულთან.

მათ საქართველო იზიდავდა უფრო როგორც აღმოსავლური ეგზოტიკის ქვეყანა, ხიბლავდათ ქართველთა სტუმართმოყვარეობა და ქართული სუფრის ეშხი, მამაკაცთა რაინდული სიდარბაისლე და ქალთა კდემამოსილება, გულთბილი დამოკიდებულება და ის გაგება და თავისუფალი ატმოსფერო, რასაც ესოდენ მოკლებულნი იყვნენ თავიანთ სამშობლოში. რა იცოდნენ იმჟამად საქართველოს დიდებულმა სტუმრებმა, რომ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეშუ ჰყავდა ბუმბერაზი მსოფლიო პოეზიისა, რომლმაც ქართული პოეტური გენიის პრიზმაში აღმოაბრწყინა გასაოცარი სინთეზი ძველინდური, ძველსპასრული, ელინური, ადრექრისტიანული, ქრისტიანულ-თეოლოგიური, შედარებით გვიანაღმოსავლური და ევროპის ქრისტიანულ-რაინდული კულტურებისა. ან ვინ იცოდა მოწინავე რუსთაგან ქართული ენა იმდენად, რომ გაცნობოდა რუსთაველის, გურამიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებას, „ვისრამიანს,“ „ქართლის ცხოვრებას“ და ქართული ჰაგიოგრაფიის ნიმუშებს ან საიდან მოეტანათ მათი რუსული თარგმანები?… ქართველოლოგიის დარგი რუსეთში გვიან იშვა და ერთობ ზანტად ვითარდებოდა. ასეთ ვითარებაში მე-19 საუკუნის მანძილზე და შემდეგაც ისევ ქართველებმა იპყრეს ხელთ ინიციატივა რუსთათვის ქართული კულტურის გაცნობისა, რისთვისაც დაუღალავად იღწვოდნენ პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი, საგინაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კირიონ საძაგლიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო მარი, ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვები. ისინი თარგმნიდნენ რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს, აქვეყნებდნენ რუსულად შრომებს ქართული კულტურის შესახებ. დიახ, ისევ ქართველებმა ჩაუყარეს საფუძველი რუსეთში ქართველოლოგიას და მათი დაუცხრომელი საქმიანობის შედეგად 1845 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული ფილოლოგიის განყოფილება. ამ ხნის მანძილზე რუსებს არ ჰყოლიათ ეროვნებით რუსი დიდი ქართველოლოგი, გასაკვირვია, მაგრამ იმჟამად ევროპელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ ქართველოლოგიის სფეროს. გავიხსენოთ თუნდაც მარი ბროსე, არტურ ლაისტი, ოლივერ და მარჯორი უორდროპები. რუსებს შორის იმჟამად არ მოიძებნებოდა ქართული კულტურის იმგვარი მოამაგე და მეგობარი, და-ძმა უორდროპები რომ იყვნენ. მაშ, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ინგლისურად უფრო ადრე ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, „ ვისრამიანი“, გიორგი ბრწყინვალის “ძეგლი დიდება,” ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ და ა.შ “ვეფხისტყაოსნის” ბალმონტისეული რუსული თარგმანი სწორედ უორდროპისეული თარგმანის გაცნობამ განაპირობა. მართალია ილია ჭავჭავაძემ, ივანე მაჩაბელმა და სხვებმა ითამაშეს დიდი როლი უორდროპების საქათველოთი და ქართული კულტურით დაინტერესებაში, მაგრამ განა ისინი უარს ეტყოდნენ რომელიმე რუსთაგანს იმავე სამსახურის გაწევაში, თუკი  შეისწავლიდა ქართულ ენას და ანალოგიური საქმიანობისთვის გულწრფელად მოინდომება მათთან მეგობრობას? როგორც ჩანს, ამგვარი მეგობრობისთვის ვერ გადაილახა იმჟამად გარკევული ზღურბლი.”

მერაბ კოსტავა, 1976 წელი.