ტეგები

, ,


საბჭოთა კავშირი იშლებოდა, საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე იყო, “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვაქვეყნებთ ამონარიდს 1990 წელს მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან.

ამ ინტერვიუში საბჭოთა საქართველოს უკანასკნელი შს მინისტრი წუხდა –  საზოგადოება ქურდის და ავაზაკის დაჭერას კი არ იწონებს, აპროტესტებსო. ის  დანაშაულის მკვეთრ მატებაზე და დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობდა იმის ხაზგასმით, რომ  ვითარების დამძიმების მიზეზი მარტო მილიციის უმოქმედობა ან ცუდი მუშაობა  არ იყო.  ხალხის მხარდაჭერის გარეშე მილიცია ვერაფერს იზამს, –  ასეთი იყო საბჭოთა შს მინისტრის მოსაზრება.

გავიხსენოთ 1990 წელი  –  მძიმე კრიმინალური ფონი, დაუსჯელობის სინდრომის პრობლემისადმი გულგრილი საზოგადოება და “დაუცველი მილიციის” მინისტრი.

პოლიციაშოთა გორგოძე: საოცარია, მაგრამ აღმოვჩნდით დიდი დილემის წინაშე. მილიცია აბსოლუტურად დაუცველია, მას თურმე კანონის გამოყენების უფლებაც არ ჰქონია. ქურდს, არამზადას დაიჭერ და თანადგომის მაგიერ საზოგადოება პროტესტს აცხადებს. ეს უკვე გაუგებარი პოზიციაა, საზოგადოება გვერდით უნდა გვედგას.

ხალხის დახმარების გარეშე რაიმე წარმატების იმედი არც უნდა გვქონდეს, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ადამიანები ისე მჭიდროდ არც ერთ უწყებასთან არ არიან დაკავშირებულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

იყო დრო, როცა ჩვენი სამინისტროს გამოცდილებას სხვები სწავლობდნენ, ანზოგადებდნენ, პირველად სწორედ საქართველოში შეიქმნა წესრიგის დაცვის საყრდენი პუნქტები, მიკრორაიონის საბჭოები, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ინსტიტუტები და ა.შ. ამ ბოლო დროს სიახლეებისთვის ვეღარ ვიცლით, ეთნოკრიზისებმა, ანომალიურმა მოვლენებმა სხვა კუთხით წარმართა ჩვენი ყურადღება. პირდაპირი მოვალეობა კი – სამართალდარღვევების პროფილაქტიკა, დანაშაულის გახსნა, დამნაშავეთა დაკავება დაგვავიწყა.

მიმდინარე წლის რვა თვეში 1549 მძიმე დანაშაული მოხდა, ეს 360 ერთეულით მეტია შარშანდელი შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლზე. განსაკუთრებით საშიში ხასიათი მიიღო მოქალაქეთა განზრახ მკვლელობამ, ქურდობამ, რვა თვეში რეგისტრირებულია 170 მკვლელობა, 69 მკველელობის მცდელობა. დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ მკვლელთა დიდი ნაწილი საშინელი ცინიზმით და სისასტიკით ხასიათდდება. ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში მკვლელები დაუსჯელად დათარეშობენ, რაშიც მილიციის ორგანოები უნდა დავადანაშაულოთ.

საშიში ხასიათი მიიღო აგრეთვე ქურდობამ. იმავე რვა თვეში აღრიცხულია პირადი ქონების ქურდობის 2387 შემთხვევა. 1160 პროცენტით გაიზარდა ყაჩაღური თავდასხმები, 114 პროცენტით ძარცვა. სამწუხაროდ, დანაშაულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდობაზე მოდის. ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს სერიოზულად ჩავუფიქრდეთ ვითარებას, გავაასკეცოთ სიფხიზლე, მაგრამ ვიმეორებ, წარმატების იმედი ვერ გვექნება, თუ მილიციას ხალხი მხარს არ დაუჭერს. ამავე დროს მილიციამაც უნდა გაზარდოს თავისი მუშაობა. პირველად რა თქმა უნდა, უნდა აღიკვეთოს დაუსჯელობის სინდრომი.

– თქვენ მინისტრი ბრძანდებით და ბუნებრივია, მილიციის ინტერესს იცავთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენც რიგითი მოქალაქე ხართ. როგორ შეაფასებდით ყოველიევ იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

– მე უპირველესად მოქალაქე ვარ, ადამიანს თუ გააზრებული არა აქვს მოქალაქეობრივი მრწამსი, ვერც მინისტრობას შეძლებს და ვერც გუთნისდედობას. ცხადია, სამოქალაქო პირი რომ ვიყო,  მილიციაზე, მის საზრუნავ -საფიქრალზე, ჭირსა და ვარამზე ასე უხვი ინფორმაცია არ მექნებოდა. მაგრამ ძნელია, საღად მოაზროვნე ადამიანმა საგანს სახელი არ უწოდოს. მილიცია ისევე სჭირდება სახელმწიფოს, საზოგადოებას, როგორც ადამიანს პური და ჰაერი.

– გწამთ თუ არა საქართველოს უკეთესი მომავლის?

– ამ რწმენის გარეშე ერთი დღეც ნუ მაცოცხლა!