ტეგები

,


1990 წლის დასაწყისში  დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მწერალ გურამ პეტრიაშვილის პეტრია 2წერილების სერიამ სათაურით “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ..” ავტორი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს ხან რუსულის გავლენით ქართული ენის დამახინჯების   გამო საყვედურობდათ, ხანაც რუსულად აზროვნების გამო, ხანაც რეპეტიციების რუსულ ენაზე ჩატარების გამო და ასე შემდეგ. ცდილობდა აეხსნა,  “რომ რუსეთუმეობა ცუდია” და ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკს მოუწოდებდა. გურამ პეტრიაშვილის კრიტიკას და საყვედურებს  უპასუხეს “შემოქმედებითი ინტელიგენციის” წარმომადგენლებმა, მათ შორის ასე ვთქვათ მძიმე წონიანებმაც. მოკლედ,  გურამ პეტრიაშვილის წერილებს – “ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ” – საკმაოდ ცხარე დისკუსია მოჰყვა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”1990 წელს მივუყვებით და უინტერესო არ უნდა იყოს იმის გახსენება, თუ რაზე კამათობდნენ მაშინ ქართველები, რა  ხდებოდა მათ შორის ურთიერთდაპირისპირების მიზეზი.  ჯერ შემოგთავაზებთ ამონარიდებს გურამ პეტრიაშვილს პირველი და მეორე წერილიდან.

გურამ პეტრიაშვილი: “ნახეთ, როგორი ფართე ფრონტით შემომიტიეს; სამწუხაროა, რომ პრესაში ჩემს ოპონენტებად შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, ანუ ისინი, ვინც თვით უნდა ედგას ბურჯად ქართულ ენას.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს „ელიტარულ“ წრეებში რუსულად ლაპარაკს ამჯობინებენ. ხოლო რუსულად რომ ლაპარაკობს კაცი, ის, ცხადია, რუსულად იწყებს აზროვნებას. ვერც ბოლომდე რუსი ხდება, ქართველი უკვე ვეღარაა, და გაორებული ცნობიერების მქონე რუსეთუმე ხდება. ალბათ გახსოვთ, „რუსეთუმე“ გასულ საუკუნეში დაარქვეს იმ ქართველებს, ვინც ქართულად ფიქრს და ლაპარაკს რუსულს ამჯობინებდა. ასე რომ, ეს სენი ძველია.”

gurama

“გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნებულ ჩემს წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულგრილი, მგონი, არავინ დარჩენილა. ზოგმა ლანძღვა-გინებით ამიკლო, ზოგმა მადლობა მითხრა.

მლანძღველების ნათქვამები ერთ წინადადებად რომ შევაჯამოთ, ასეთი რამ გამოვა: შე ასეთო -ისეთო, როგორ გაუბედე გაკრიტიკება ჩვენს ბრწყინვალე მუსიკოსს ლიანა ისაკაძესო. ხოლო მეორე მხარეს რაც მითხრეს, ასე შეიძლება შეჯამდეს: კაი კაცი ხარ, ჩვენს მშობლიურ ენას რომ იცავო.

საქმეც ისაა, რომ იმ ჩემს წერილს ორი მოქმედი პირი ჰყავს: ლიანა ისაკაძე და ქართული ენა და მკითხველთა მიერ ჩემი წერილის მოწონება-არმოწონებაც იმაზე იყო დამოკიდებული ვინ როგორ უყურებს ენას, საერთოდ, და, კერძოდ, მშობლიურ ენას.

ზოგისთვის ენა, შეიძლება ითქვას, არაფერია, ამათ ჰგონიათ, რომ ენა მხოლოდ იმისთვისაა, რათა ერთმანეთს გავაგებინოთ: პური ვიყიდე, კინოში წავედი, მაწონი თეთრია, კაბა ჭრელიაო. ჰოდა, ვისაც ასე ჰგონია, იმისთვის სულერთია, თუ რა ენაზე ილაპარაკებს, ქართულად, რუსულად თუ ფრანციცულად. ამიტომ ასეთები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ავი და ბოროტია ის კაცი, რომელიც ჩხრეკას იწყებს, თუ რა ენაზე ლაპარაკობს ესა თუ ის გამოჩენილი ადამიანი.

„დიდი ამბავი, თუ არა ლაპარაკობს ქართულად, ის დიდი ადამიანია და დიდ ადამიანს ეგ პაწია ნაკლი ეპატიებაო.“ – აი, ასე ფიქრობენ ჩემი ოპონენტები… ერთი ვაი-ვიში ამიტეხეს, როგორ არა გრცხვენია, ადამიანს ორიოდე რუსული სიტყვა წამოსცდა და ამისთვის შეურაცხყოფა მიაყენეო?

არა, ჩემო კარგებო, წამოცდენილი სიტყვებისთვის არ გამიკრიტიკებია ის ხელოვანი.
სულაც არაა გასაკვირვი, ქართველმა საუბარში უნებლიეთ რუსული სიტყვა გამოურიოს. ჩვენ ხომ გამუდმებით გვბომბავდნენ რუსული ენით. როგორც ვიღაც ოხუნჯებს უთქვამთ, უთოს რომ ჩავრთვათ, იქიდანაც რუსული ლაპარაკი და სიმღერა ისმისო.

ქართველ ხელოვანს ის ვუსაყვედურე, რეპეტიციებს რუსულად ნუ ატარებ-მეთქი.
წამოცდენილი სიტყვა უნებლიე შეცდომაა, ხოლო რეპეტიციების უცხო ენაზე ჩატარებას კი მხოლოდ ერთი სახელი აქვს – მშობლიური ენის უგულებელყოფა ანუ იგნორირება.
როგორც ვთქვი , რუსული სიტყვა შეიძლება ყველას წამოგვცდეს, მაგრამ ერთისთვის ეს იქნება შემთხვევითი შეცდომა, მეორისთვის კი – კანონზომიერი. და თქვენც, ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, ქართველ კოლეგებს და ნაცნობებს რუსულად რომ ელაპარაკებით და ქართულ წიგნებს რომ არა კითხულობთ, ამიტომაც მიმოაბნიეთ წერილებში მარგალიტებად ყველამ თქვენ-თქვენი „ვენგრია-ხრამები.“

თქვენი ეგრერიგად გაწიწმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ იგრძენით: ის ერთი ადამიანი კი არ გავაკრიტიკე, ყველა თქვენნაირს ვუკიჟინე, რუსეთუმე ნუ ხართ-მეთქი, ამიტომაც ინსტინქტურად იცავთ უფლებას, რომ რუსულად ილაპარაკოთ ერთმანეთში. იცავთ გააფთრებით და ხანდახან გაბოროტებითაც კი. ამას მარტო იმიტომ კი არ სჩადიხართ, რომ გეძნელებათ მოიშოროთ ეს ჩვევა, არამედ უფრო იმიტომ რომ არ გესმით თუ რა განსხვავებაა ორ ქართველს შორის, რომელთაგან ერთი ქართულად აზროვნებს და ლაპარაკობს და მეორე რუსულად

პეტრიაროდესაც ადამიანს ეუბნებიან მაგანს ნუ სჩადიხარო და ამან კი არ იცის, რატომ არ უნდა სჩადიოდეს, ბრაზი ერევა. ეს ადვილად გასაგები ამბავია და როდესაც ჩემთვის ნათელია თქვენი გააფთრებისა და გაბოროტების მიზეზი, რადგანაც ვიცი, რომ ეს მიზეზი უცოდინრობაა, ამიტომაც, ჩემო ძვირფასო ოპონენტებო, ჩემი ჯიშისა და ჯილაგის ხალხო, ლანძღვა – გინებაში კი არ აგყვებით, არამედ მშვიდად წაგიკითხვათ თქვენსავე წერილებს და შევეცდები დაგისაბუთოთ, რომ რუსეთუმეობა ცუდია.

——————————————————————————————————
ზოგადად მსჯლეობას სჯობს კონკრეტული თვალსაჩინო მაგალითები მოვიშველიოთ და ერთმანეთს ისე შევადაროთ სხვადასხვა ენები. სამაგალითოდ ერთმანეთს შევადარებ ქართულს და რუსულს, ( მართალი თუ გინდათ, რუსულის მაგიერ სხვა ენას ვერ ავირჩევდი, რადგან ამის მეტი უცხო ენა არ ვიცი).
მაშ შევუდგეთ საქმეს.

ალბათ გახსოვთ სტუდენტი ა. ჩხარტიშვილი რომ წერდა: „ქართულ ენას საერთოდ არ ფლობდნენ ( ან თუ ფლობდნენ, ძალიან ცუდად).“ როგორც ვთქვით „ენის ფლობა“ კალკია რუსულისა „ვლადეტ იაზიკომ.“ რუსული ენისთვის „ვლადეტ იაზიკომ“ ბუნებრივი თქმაა.

შეგახსენებთ, რომ ამ ენაში არის საკუთარი სახელი „ვლადიმირ“ ანუ „ვლადეი მირომ.“ რაც ნიშნავს მოწოდებას „დაეუფლე სამყაროს“-ო ანუ იბატონე მასზეო. ( საინტერესოა, რომ ბულგარელი ხალხის ენაში არის სახელი „ლიუბომირ“ – გიყვარდეს სამყარო)
გავიხსენოთ ისიც, რომ რუსულ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა ქალაქებს „ვლადიკავკაზ“ და „ვლადივოსტოკ“ დაარქვა.

ახლა მგონი ნათელია „ვლადეტ იაზიკომ“ იმას ნიშნავს, რომ რუსული ენა სხვა ენის შესწავლას „უცქერის“ როგორც იმ ენის „დაუფლებას.“ თავისი უფლების მასზე გავრცელებას, ანუ მასზე გაბატონებას.. და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის იმპერიის ექსპანსიურობას, შეიძლება ითქვას, რომ რუსის მიერ ნათქვამი „ია ხოჩუ ოვლადეტ მოზამბისკიმ იაზიკომ“ ლირიული უვერტიურაა მეორე ნათქვამისა – „მი ხოტემ ოვლადეტ მოზამბიკოი“. ამგვარად, ყოველგვარი იუმორის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ცნება „ვლადეტ იაზიკომ“ იმპერიული ცნებაა, ამიტომ მისი კალკი „ენის ფლობა“ ჩვენს ენაში შემოსაშვები არაა.

რა სინონიმი გვაქვს ენის ცოდნისა ქართველებს? ჩვენ ვამბობთ: „ფრანგული მეხერხება“ ან „გერმანული არ მეხერხება.“ რას ნიშნავს აქ სიტყვა „მეხერხება?“ რა აზრია ჩამალული მასში?„ფრანგული მეხერხებაო“-ო , ამით ვამბობთ, რომ გვაქვს უნარი ფრანგული ენა ხერხად, მეთოდად გამოვიყენოთ. ესე იგი, იმ ენაზე „გაბატონების“ პრეტენზია არ გვაქვს.

ადამიანი რომ შეცდება რუსულად ეტყვიან „ ვი ოშიბკი დოპუსკაეტე“-ო, თუ ქართულად ილაპარაკებ ხათრიანად უნდა შენიშნო „შეცდომა მოგსვლიათო.“

განა სულერთია მთელი სიცოცხლე „რუსულ პროკურორულად“ უყურებ ადამიანებს, როგორც შეცდომათა განგებ „დამშვებ“ დამნაშავეებს, თუ „ქართულ მოწყალედ“, როგორც ღვთის არასრულყოფილ შვილთ, რომლებსაც უნებლით მოსდით შეცდომები?

აქვე უნდა გავიხსენოთ ამ კეთილი არსების – ქართული ენის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში. უფრო სწორედ კი ჩვენი ენის „ადეკვატობის“ აპოთეოზი – ზმნები: შემომეჭამა, შემომეხარჯა, შემომაკვდა და მისთანანი.

გესმით, ძმებო?!
კი არ შეჭამაო, კი არა დახარჯაო, კი არ მოკლაო, არამედ იმ საჭმელმა იმდენი ქნა, ვიდრე თავი არ შეაჭმევინა, არ მოისვენაო. ის ფულიც ისეთი იყო, თავისით საით წავიდა და წამოვიდა, კაცმა არ იცისო; იმ ვიღაცას კიდევ სიკვდილი სდომებია და მაინცდამაინც ეს საწყალი უდანაშაულო კაცი აურჩევია, გინდა თუ არა ამას უნდა მოვეკვლევინოო, აურჩევია და სისრულეშიც მოუყვანია განზრახულიო.

აი, ასეთია ქართული ენა.
„საწყალს კაცი შემოჰკვდომიაო“, ამას მხოლოდ შენ იტყვი, მშობლიურო ჩემო ენავ! სხვას არავის ძალუძს ასეთი მიმტევებლობა, შენი ჭირიმე, შენი!

შეიძლება ვინმემ მითხრას, მაგ ზმნებში უპასუხიბმგებლობა იმალებაო.
ეგეც მართლია, როცა კაცი ამბობს, ფული შემომეჭამაო, ის ამით თითქოს ცდილოს თავისი ნამოქმედარი სხვას გადააბრალოს. ”

გურამ პეტრიაშვილი

1990

გავიდა ცოტა ხანი და საქართველოში გურამ პეტრიაშვილსაც ესროლეს, სამშობლოდან ისიც გააგდეს. უკან  დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა და გვითხრა: “რომელი მწერალი იცით, რომელსაც ავტომატებით მისდევდნენ და ესროდნენ? მე მესროდნენ.  უკრაინაში ძალიან მიჭირდა. ხშირად ვსესხულობდი, ეს ვალები რომ არ გადამეხადა და ისე წამოვსულიყავი, ჩვენზე იფიქრებდნენ, რომ გადამგდები ხალხი ვართ.”