ტეგები

, ,


1990 წლის ქართულ პრესაში ხშირად შეხვდებით ჩვენი ოსი თანამემამულეების ემოციურ ღია წერილებს. მათი ავტორები  გმობდნენ ცხინვალის რეგიონში მომხდარ დანაშაულებს (მაშინ იქ ქართველები მოკლეს, მათ შორის ჩვილი ბავშვი სოფელ ფრისში), მოითხოვდნენ დამნაშავეების დასჯას, ოსებს და ქართველებს ერთიანობისკენ მოუწოდებდნენ. გაგახსენებთ როგორ მიმართავდნენ ოს მოსახლეობას თბილისის ტრიკოტაჟის საწარმო “ბახტრიონის” ოსი თანამშრომლები  და რას მოუწოდებდა ოსებს და ქართველებს ცხინვალელი მწერალი მერი ცხოვრებოვა.              სამხრეტი                                                                                       “შიდა ქართლში მცხოვრებ ოსი ეროვნების მოსახლეობას ამ წერილს გწერთ თბილისის ტრიკოტაჟის საწარმოო გაერთიანება „ბახტრიონის“ აღშფოთებული ოსი ეროვნების მშრომელები. ინფორმაციამ სოფელ ფრისში დატრიალებული უბედურების შესახებ, გაგვაოგნა.ასეთი უბედურება არასდროს გვსმენია. ქართველები და ოსები ოდითგანვე ერთად ვართ, ჭირიცა და ლხინიც საერთო გვქონია, ამიტომაც სასტიკად ვგმობთ შემზარავ დანაშაულს. ვთვლით, რომ ნამდვილი ვითარება უნდა გაირკვეს და მკაცრად დაისაჯონ ის პირები, ვინც ეს ჩაიდინა. დროა აღიკვეთოს ამ ორ ეროვნებას შორის შუღლის გამღვივებელთა მოქმედება. ახლა ჩვენი ძალა და ენერგია საქართველოს ერთიანობას უნდა მოვახმაროთ. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს წინაპართა ხსოვნისა და მომავლის წინაშე. ეს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ, საწარმოში მომუშავე ყველა ოსი მშრომელი ხელს ვაწერთ წერილს.” ფილიევა, ხუბაევა, ხარებოვა, მაკიევა და სხვები ( სულ 26 კაცი)

აქვე გაეცანით ამონარიდის  ოსი მწერლის მერი ცხოვრებოვას  ღია წერილიდან, რომელიც ასევე 1990 წლის პრესაში გამოქვეყნდა…

“თქვენ დაგტრიალებთ ჩემი ფიქრი ჩემო ხალხო – ოსებო და ქართველებო. თქვენ მოგმართავთ: რას შვრებით? რას ვედავებით ერთმანეთს? რა გვაქვს გასაყოფი? ნუთუ სისხლის გარეშე არ შეიძლება ჩვენი უთანხმოებანი ( თუკი კი გვქონია) მოვაგვაროთ? როგორ მოხდა ჩვენს შორის უნდობლობის თესლის გაღვივება? გული უსიამოდ მეკუმშება, მაინც იმედი მქონდა: იქნებ ჩაცხრეს ვნებები, ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმა უნდა იდავონ, გასარკვევი გაარკვიონ, გარკვეულს რაღა მტკიცება სჭირდება-მეთქი. ვდუმდი, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემი დუმილი ტკივილი იყო, უსაშველო ტკივილი, რომელიც ახლაც გულზე მარწუხივით მიჭერს და ორტოტად მადენს სისხლს. ორტოტად, რადგან მე, ქართულ სოფელში დაბადებულმა, იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ დავიწყე გარესამყაროს შეცნობა. ამ ენაზე ვეზიარე რუსთაველის, გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას. გალატკიონის ღვთიურ აზრს. ხოლო ცხინვალში სასწავლებლად ჩამოსული კოსტა ხეთაგათის, თემირბოლათ მამსირითის, არსენ ქოცოითის, სეკა და ცომაყ გადიათების, ოსური ლიტერატურის სხვა წარმომადგენლების შემოქმედებას ვეზიარე… საწყევრად ნუ დავუტოვებთ მომავალ თაობებს ჩვენს სახელს. ღვიძლ ძმებსაც მოსდით უსიამოვნება, მაგრამ რიგდებიან და ისევ ძმებად რჩებიან. დავუთმოთ ერთმანეთს. ამ აწეწილ საუკუნეში რომ ვჭირდებით ერთმანეთს ისე არასდროს დავჭირვებივართ. ვიყოთ, როგორც ვყოფილვართ მარადჟამს ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის იმედად.მერი ცხოვრებოვა ცხინვალი