Tags

, ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გთავაზობთ  კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ნაწილს მერაბ კოსტავას 1976 წლის ვრცელი სტატიიდან “გზა ჭეშმარიტებისკენ.” აქ თქვენ წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ აანალიზებს საქართველოს ეროვნული გმირი 1921 წლის ტრაგედიას – საქართველოს  დემოკრატიული რესპუბლიკის კრახს  და რამდენად საყურადღებო  დასკვნებს აკეთებს 1918-21 წლების საქართველოს მთავრობის საბედისწერო შეცდომების შესახებ.

კოსტავა 1„საქართველოს მთავრობა სრულ უსუსურობას იჩენდა იდეოლოგიურ -დისციპლინარული, დიპლომატიური და სახელმწიფო უშიშროებისთვის საშური ღონისძიებების გატარებისას. გაბედულობა და დამაჯერებლობა აკლდა მის ყოველ ქმედებას. არ იგრძნობოდა გამოცდილება კადრების შერჩევისას . არ იყო მჭიდრო და ორგანული პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას კავშირი ხალხთან. მის ავტორიტეტს უდავოდ აკლდა ელვარება. მის პიროვნებაში არ გამოსჭვიოდა ერთდროულად გმირი და ბრძენი, ნებისმიერ გარემოებაში უყოყმანოდ რომ მიყვება ხალხი. ახლადშექმნილ სახელმწიფოში არ იგრძნობოდა გონების დაძაბული მუშაობა, ნებელობითის ძალუმი პულსი, მიზანდასახული სწრაფვა მთელი ერისა – სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი საწინდარი. ვის უნდა შთაებერა იმჟამად ქართველი ერისთვის დაუცხრომელი სული თუ არა საქართველოს მთავრობას.

შექმნილ ვითარებაში ბოლშევიკების გამარჯვება ამიერკავკასიაში შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:

1. ქართველ სამოციანლეთა მიერ გაღვიძებულმა ეროვნულმა თვითშგნებამ ვერ ჰპოვა სრული გამოხატულება პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში.
2. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განაპირობა არა იმდენად შინაგანმა, რამდენადაც გარეგანმა ფაქტორმა. ამადაც სახელმწიფო საჭე უფრო შემთხვევითი პიროვნებების ხელში აღმოჩნდა.
3. საქართველოს მთავრობა ყველგან ეძებდა ხსნას, გარდა საკუთარი თავისა, ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების საქმეს არ განამტკიცებდა ჭეშმარიტი ინციატორისა და ეროვნული გმირის საყოველთაო ავტორიტეტი. ქვეყანას იმჟამად არ აღმოაჩნდა თავად ისტორიის მიერ განწესებული ამ საქმის ღირსეული წინამძროლი. მოწამენი კი მრავლად დაშთნენ, რაც იშვიათი არაა დამარცხების შემთხვევაში.
4. პოლიტიკური პრაქტიკის სფეროში ბოლშვიკებს იმჟამად ჰყავდათ უფრო ძლიერი და გამოცდილი კონტინგენტი, ვიდრე სხვა პარტიებს.
5. დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა, სახელმწიფოებრიობა, როგორც სიკეთის ერთადერთი გეგმა ერისათვის, რჩებოდა მძლავრი იდეოლოგიური პროპაგანდის გარეშე. სტიქიურ პატრიოტული გრძნობების ამარა, მაშინ რიდესაც ბოლშევიკებთან პოლიტიკური პროპაგანდის საქმე უმაღლეს დონეზე იდგა.
6. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები საქართველოსათვის არასასურველად ვითარდებოდა.
7. ქართველი მენშევიკების, სომეხი დაშნაკებისა და აზერბაიჯანელი მუსავატისტების უთანხმოებათა გამო ამიერკავკასიაში მოქმედებდნენ გამთიშველი ძალები. ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ბოლშევიკებს კი მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ურთიერთთან და მათი წარმატების შესაძლებლობას კავკასიაში კიდევ უფრო აძლიერებდა რუსეთში ბოლშევიკების საბოლოო გამარჯვება.
8. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მოქმედების ერთიანი გეზი და მიზანი. მთავრობის შემადგენლობაში მყოფი მენშევიკები ალბათ არც კი მოისურვებდნენ საქართველოს რუსეთისგან გამოყოფას, იქ რომ მენშევიკებს გაემარჯვათ.
ნოე9. საქართველოს მთავრობას არ დაუსახავს პერსპექტივები ფინანსურ-ეკონომიკური პოლიტიკის ძირეული გარდაქმნისათვის, ,მძიმე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის რეორგანიზაციისთვის. არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები ახალი, განვითარებული სახელმწიფოს შესაქმნელად, რაიც იმთავითვე იმ რთულ ვითარებაშიც კი, აუცილებელი იყო, როგორც გარანტია დამოუკიდებლობის ღირებულების ამაღლებისა.

ხშირად საქართველოში მოსაუბრეთაგან გამიგონია როგორც წარმოსროლილი სიტყვები: ქართველებს რომ დამოუკიდებლობა მოგვცა, მარტო ჩვენი მარგანეცი, ბორჯომის წყალი და კურორტები შეგვინახავდაო. ეს პარაზიტული აზრი კარგს არაფერს ამბობს მთქმელის სახელმწიფოებრივი შეგნების დონეზე. მარგანეცმა და კურორტებმა უნდა შეგვინახოს თუ თავგანწირვამ, ტიტანურმა შრომამ და მეურნის გამჭრიახობამ? ძალაუნებურად გიპყრობს ფიქრი: ნუთუ იმჟამადაც ასე აზროვნებდნენ ჩვენში? გამოდის რომ თავისუფლების მთელი არსი გაყიდვა და გაქირავება ყოფილა, რათა შემდეგ დაჯდე და სტომაქი ამოიყორო. გმოდის, ჩვენც იმ პრიმიტიული ხალხების დონეზე ვყოფილვართ, ბუნების მიერ მორთმეულით რომ საზრდოობენ.

მესხეთიმაგრამ ასე არ სწირავს ჩვენი მღვდელი. ჩვენ ოდითგანვე ხალიბებად და გეორგიანებად სახელდებული პირველი მეტალურგები და სოფლის მეურნეები ვიყავით.ჩვენთვის უხსოვარი დროიდან იყო დამახასიათებელი შემოქმედებითი მიმართება გარემოსთან, რაც დღესაც ატყვია მიუდგომელი სიმაგრეებით გადაქსელელ საქართველოს მთებს, ტაძრებითა და ბაზილიკებით დამშვენებულ ხევებსა და ველ-მინდვრებს, მესხეთის გაშიშვლებულ დამრეცთა ტერრასებს, ძველქართული სოფლის მეურნეობის ამ ფანტასტიურ მოვლენას. დიახ, შემოქმედებითი და შრომითი შემართების უნარმა ოდითგან ფენიქსად აქცია მრავალგზის ფერფლიდან აღმდგარი საქართველო, მომაკვდავის სარეცლიდან კვლავ სიცოცხლისკენ გამოაბრუნა. ოცნება და იმედი სინამდვილედ უქცია.
მაგრამ საქართველოს მთავრობას, რომლის ინერტულობა გადამდებად მოქმედებდა ხალხზე, არ აღმოაჩნდა იმჟამად სახლმწიფოს შემოქმედებითად მართვის უნარი. მან ვერ გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობა ქვეყნის განახლებისა და აღშენებისათვის. განახლებას ვინღა დაეძებს დამოუკიდებლობასაც კი ვერ გაუფრთხილდა და 1921 წელს, ბოლშევიკებმა, რუსეთის სტეპებიდან კავკასიაში შემოჭრილი მე-11 არმიის მეოხებით საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს საქართველოში.”

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატეანეში დაცული 2 ფოტო, პირველზე ასახულია მერაბ კოსტავა, მეორე ფოტოზე კი  ნოე ჟორდანია მთავრობის წევრებთან ერთად.