ტეგები

,


1990 წელს გამოქვეყნებულ  ერთ-ერთ ინტერვიუში აკაკა ბაქრაძე საუბრობს ეკონომიკურ მოწყობაზე დამყარებულ სტაბილიზაციაზე, აშშ -ს მაგალითი მოჰყავს და ამბობს: სწორედ ასეთი მყარი, “მარადიული”  სტაბილურობის აშენება  უნდა დაისახოს მიზნად საქართველომ, როცა ის დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნებაო. ამისთვის კი ბრძოლაა საჭირო და ვინ იმარჯვებს ბრძოლაში? “ვისაც, ვთქვათ,ძირითად ამოცანად სწორედ ბრძოლა აქვს დასახული და არა ურთიერთმტრობა ან ურთიერთკინკლაობა. ჯარისკაცს, რიმელიც მტერს ებრძვის და სანგარში ზის, არავითარი უფლება არა აქვს იფიქროს იმაზე – რა ურთიერობა, რა დამოკიდებულება აქვს გვერდით მდგომ ჯარისკაცთან.”

“დამოუკიდებლობის გაკევთილები” გთავაზობთ  ამონარიდს  აკაკი ბაქრაძის 1990 წლის ინტერვიუდან და მის მოსაზრებებს მოჩვენებით და მყარ სტაბილიზაციაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლაზე.

სტაბილურობა

(ფოტოზე – საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი. ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე)

“ჩვეულებრივ რიგით ადამიანსაც და თუ გნებავთ, სხვებსაც, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებენ, სჭირდებათ სტაბილიზაცია. ის მონატრებულია ამ სტაბილიზაციას, რადგან წყნარად მოწყობილ მდგომარეობაში ხდება ყოველგვარი ცხოვრება – იქნება შემოქმედებითი თუ პრაქტიკული, სამეურნეო თუ სამრეწველო, სამეცნიერო თუ სახელოვნებო, რომელი შრომაც გნებათ – შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნორმალურად და დაწყნარებით, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურია.

მაგრამ ჩვენ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა განვუმარტოთ: სტაბილურობა არის ორგვარი – ერთი გახლავთ ის, როდესაც ესა თუ ის ხელისუფლება ძალით ამყარებს, იარაღით ამყარებს, მუშტით ამყარებს სტაბლურობას, რაც არსებითად მოჩვენებითი და დროებითია. ასეთი სტაბილურობა საბჭოთა კავშირში არსებობდა, როდესაც მას სტალინი მართავდა. ყველაფერი დაწყნარებული იყო, კაციშვილი არაფერზე ხმას არ იღებდა. ყველა თავჩაქინდრული შრომობდა და საკუთარ თავსაც კი ვერ უმხელდა საკუთარი გულის ნადებს. ყველას ახლობლბის, ოჯახების, ნათესავების, მეგობრების, ცოლ-შვილის ეშინოდა და ხმას არ იღებდა არაფერზე. ესეც სტაბილურობა იყო, მაგრამ ეს სტაბილურობა მოჩვენებითი იყო. ამ სტაბილურობის შედეგად დიაბადა ყველა ის უზარმაზარი პრობლემა, რომელთა მოგვარება დღეს ვერაფრით მოხერხებულა.

მაგრამ არის მეორე სტაბილურობა – ნამდვილი სტაბილურობა, რეალური სტაბილურობა, რომელიც ემყარება ქვეყნის ეკონომიკრ მოწყობას, ქვეყნის ეკონომიკურ სიმძლავრეს. სამაგალითოდ შეიძლება დავასახელოთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც სტაბილურობა სწორედ ეკონომიკურ მოწყობას ემყარება და სადაც მას ( სტაბილურობას) მარადიული ხასიათი აქვს. აი, ასეთი სტაბილურობა გვინდა ჩვენც. ეროვნული მოძრაობა სწორედ იქეთკენ მიისწრაფვის, რომ საქართველოში, როცა ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, არსებობდეს მყარი სტაბილურობა და არა მოჩვენებითი, არა შემთხვევითი – დამყარებული ძალადობასა და მუშტზე. მაგრამ იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ საჭიროა ბრძოლა, ამ ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მომზადებულია ბრძოლისთვის და ვისაც, ვთქვათ,ძირითად ამოცანად სწორედ ბრძოლა აქვს დასახული და არა ურთიერთმტრობა ან ურთიერთკინკლაობა. ვფიქრობ, პიროვნული ურთიერთდამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს ჩვენ ერთმანეთს შორის. ჯარისკაცს, რიმელიც მტერს ებრძვის და სანგარში ზის, არავითარი უფლება არა აქვს იფიქროს იმაზე – რა ურთიერობა, რა დამოკიდებულება აქვს გვერდით მდგომ ჯარისკაცთან, სძულს თუ უყვარს ის. პირიქით, ისინი ყველანი ერთად უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რომ ებრძოლონ მტერს, მთელი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს გადატანილი, ერთმანეთთან დამოკიდებელება შემდეგ შეუძლიათ გაარკვიონ.აკაკი ბაქრაძე. 1990 წელი.