ტეგები

,


1990 წლის ერთ  ინტერვიუში აკაკი ბაქრაძეს ჰკითხეს, რამდენად შეეძლო  ინტელიგენციას პოლიტიკის წარმოება, საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება. ამ შეკითხვაზე თავისი მოსაზრების ჩამოყალიბებისას აკაკი ბაქრაძე შეეხო ლანძღვა – გინების კორიანტელის ტენდენციას მაშინდელ პრესაში  და თქვა: “ის, ვინც ლანძღვა-გინებას მიმართავს, არ ეძებს ჭეშმარიტებას, მას მხოლოდ მეტოქის დამცირება – შეურაცხყოფა სურს. ხოლო ის, ვინც ჭეშმარიტებას არ ეძებს, არ შეიძლება იყოს მოაზროვნე.” 25 წლის შემდეგ, “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენებთ საინტერესო ამონარიდს 1990 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან.  რადიო – ჟურნალ “დროების” კორესპონდენტის შეკითხვებს აკაკი ბაქრაძე  პასუხობდა.

ბატონო აკაკი, როგორ ფიქრობთ, ინტელიგენციას, როგორც სოციალურ ფენას, შესწევს უნარი აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, ჩამოაყალიბოს საკუთარი პარტია და გაატაროს  საკუთარი პოლიტიკური ხაზი?

akრატომ არ შესწევს? ვინ დაამტკიცა ეს? პოლიტიკა აზროვნების სახეობაა, როგორც ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნების ესა თუ ის დარგი. პოლიტიკას უნდა ემსახურებოდეს ის, ვისაც ამის ნიჭი აქვს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელ სოციალურ კლასს ან ფენას ეკუთვნის ის, ვისაც პოლიტიკოსობა სურს. გადამწყვეტი ნიჭია, ხოლო ნიჭიერი შეიძლება იყოს გლეხიც, ინტელიგენტიც და მუშაც. „ნიჭს აძლევს ზენა მაღლით კაცს და არა გვარიშვილობას’, არც კლასობრივი კუთვნილება იძლევა ნიჭს.

მაგრამ კითხვა გააჩინა იმან, რომ ჯერჯერობით ისევ მარქსისტულ – ლენინურად ვაზროვნებთ, იმის მიუხედავად, რომ ლენინსაც და კომუნიზმსაც თავგამატებული ვაკრიტიკებთ. ჩვენში, სამწუხაროდ, აზროვნების წესი ჯერ არ შეცვლილა. დააკვირდით, თუ გადაათვალიერებთ ადრინდელ საბჭოთა პრესას, სულერთია, ქართული იქნება თუ რუსული, ნახავთ – რა ლანძღვა -გინების კორიანტელია დაყენებული, აძაგებენ ყველას, ვინც კომუნისტი არ არის. ახლა ნახეთ დღევანდელი არასაბჭოური პრესა. აქაც ლანძღვა – გინების კორიანტელია დაყენებული, ოღომდ, ამჯერად, აძაგებენ კომუნისტებს. მოხდა ისე, რომ შეიცვალა გინების სუბიექტი და არა აზროვნების წესი.

მოაზროვნეა ის, ვინც არც ერთ უშვერ სიტყვას არ იხმარს და მეტოქეს თავის სიმართლეს დაუმტკიცებს არგუმენტებითა და საბუთებით. ის, ვინც ლანძღვა-გინებას მიმართავს, არ ეძებს ჭეშმარიტებას, მას მხოლოდ მეტოქის დამცირება – შეურაცხყოფა სურს. ხოლო ის, ვინც ჭეშმარიტებას არ ეძებს, არ შეიძლება იყოს მოაზროვნე. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენი ცნობიერება განთავისუფლდეს, უპირველესად, თავი უნდა დავაღწიოთ მარქსისტულ -ლენინური აზოვნების წესს…..

პარტიულ -პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ეწეოდეს ის ინტელიგენტი, რომელსაც ამის ნიჭი აქვს და არა განუკითხავად ყველა. მაგრამ, როგორ გინდა დაარწმუნო ადამიანი, რომ ის უნიჭოა? ანატოლ ფრანსმა იხუმრა: ამქვეყანად ყევლაზე კარგად და სამართლიანად ჭკუააო განაწილებული. ყველაფრის ნაკლებობას უჩივის ადამიანი. ერთადერთი, რის ნაკლებობას არავი უჩივის და ყველა კმაყოფილია, ეს ჭკუააო. თავისი ჭკუით კმაყოფილი ადამიანები ერთიანად გადაეშვენ პოლიტიკაში და არავინ კითხულობს – აქვს თუ არა ამის ნიჭი. ეს ფრიად სახიფათოა..”