ტეგები

, ,


“არჩევნების ბოიკოტის მომხრენი არ უარყოფენ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, როგორც ასეთის, შექმნის აუცილებლობას. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ორგანოს სახელწოდება და მისი შექმნის მექანიზმი – საარჩევნო სისტემა. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ კონსტიტუციური ცვლილებებისა და საარჩევნო კანონების პროექტებზე მუშაობისას გაჩნდა. იმ პერიოდში გამოიკვეთა, რომ არაფორმალურ ორგანიზაციათა უმრავლესობა მომხრეა პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნისა მრავალპარტიულობის საფუძველზე.” დავით უსუფაშვილი, 1990 წელი.

საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას უზენაესი საბჭოს არჩევნები უნდა ჩაეტარებინა.  საარჩევნო კომისია საარჩევნო მზადებას შეუდგა. 1990 წლის 25 მარტს პირველად საბჭოთა სინამდვილეში ტარდებოდა არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველს სხვა და სხვა კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემოდა. ასეთი სიახლის მიუხედავად არჩევნებითა და მისი შესაძლო შედეგებით ამომრჩევლთა დაინტერესება არ იგრძნობოდა. საქმე იმაში იყო, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული ძალების უდიდესმა ნაწილმა თქვა: არ  შეიძლებოდა ქართველი ერის ნების გამომხატველი იყოს საბჭოთა ხელისუფლების არჩევნების შედეგებიო და საბჭოთა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მცირე ნაწილმა ეს რადიკალური დამოკიდებულება არ გაიზიარა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო კიდეც, მაგალითად “საქართველოს სახალხო ფრონტი.”

საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნიშნავდა  სხვა და სხვა საინიციატივო ჯგუფებთან ერთად კანდიდატების დასახელებას, მათ მხარდაჭერას. 1990 წლის 25 მარტის არჩევნებს შემოჰქონდა პერსონალური კონკურენცია, მაგრამ ის არ ითვალისწინებდა მრავალპარტიულობას.  საბოლოოდ,  25 მარტის არჩევნები არ შედგა. კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა არჩევნები შემოდგომაზე გადაეტა, რა დროისთვისაც უკვე  მრავალპარტიული საარჩევნო სისტემა ამუშავდა.

“1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს.. მაგრამ როდესაც ’“მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს ახალი საარჩევნო კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული და არა საბჭოური არჩევნები.” ზვიად გამსახურდია.

უსუ“დამოუკიდებლობის გაკვეთილები” გაგაცნობთ 1990 წლის  25 იანვრის  “ახალგაზრდა კომუნისტში” გამოქვეყნებულ წერილს სათაურით “ისტორიული შანსი.” მისი ავტორი  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დავით უსუფაშვილი იყო.  სტუდენტი უსუფაშვილი ( მის ბიოგრაფაში აღნიშნულია, რომ 1990 წელს საარჩევნო კომისიის იურიდილი კონსულტანტიც იყი)  წერდა ბოიკოტისტების, მისი აზრით, მცდარ პოზიციაზე. ანვითარებდა მოსაზრებას, რომ ჯობდა ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები  წასულიყვნენ “ზნეობრივ კომრომისზე,” ეცნოთ კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნები და მიეღოთ მონაწილეობა მასში: “ეს ყველაფერი ძალების მაქსიმალურ დაძაბვასთან ერთად მანევრირებას და ზოგიერთ ზმეობრივ პრინციპზე (ოკუპანტის მიერ დაკანონებულ რეჟიმზე უარის თქმა და მისთანები) დროებით უარის თქმას მოითხოვს, პოლიტიკა ყოველთვის იყო, არის და დარჩება ყველაზე უფრო „უზნეო“ თამაშად და, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი პრინციპი იგივე რჩება – უფრო კეთილშობილური მიზანი ამართლებს ნაკლებად კეთილშობილურ საშუალებას.”

“ისტორიული  შანსი”

1990 წლის იანვარი

136 “საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე ორი თვე დარჩა. საარჩევნო კამპანია თანდათან ძლიერდება და გადამწყვეტ ფაზაში შედის. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და ზოგი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მოძრაობის დახმარებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეძლო დროის სიმცირითა და საარჩევნო კანონის სიახლით გამოწვეული სიძნელეების გადალხვა. საოლქო საარჩევნო კომისიათა უმრავლესობაც ჯერჯერობით თავს ართმევს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამჟამად ისინი დასაქმებულნი არიან საარჩევნო უბნების და საუბნო კომისიების შექმნის ორგანიზებითა და ოლქებში დეპუტატობის კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით. გარეგნულად ყველაფრი რიგზეა და შეშფოთების საბაბიც თითქოს არ ჩანს. სინამდვილეში კი საარჩევნო კამპანიას დღევანდელამდე თან სდევს მეტად მნიშვნელოვანი ნაკლი – ესაა ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილის დაუინტერესებლობა არჩევნების შედეგებით. ამაზე ყველაზე ნათლად მეტყველებს დღემდე დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ მოქალაქეთა ანკეტური მონაცემები. არჩევნებში მონაწილეობა ყველას უფლებაა და ეს ძალიან კარგია, რომ პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელები აქტიურად ჩაებნენ საარჩევნო კამპანიაში, სურთ ხალხის სამსჯავროზე გამოიტანონ თავისი ნამოღვაწერი.

მაგრამ ჩვენ ის გვაშფოთებს, რომ მათ გვერდით ცოტას ვხედავთ მართლა ხალხის მიერ დასახელებულ კანდიდატებს და თვით ხელმძღვანელ მუშაკთა არჩევნებში ერთსულოვან ჩაბმასაც ხელოვნურობის, იძულებითი თანხმობის ელფერი დაჰკრავს. მართალია მთელ რიგ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავიანთი გადამწყვეტი სიტყვა ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ აშკარაა, რომ მხოლოდ ისინი ვერაფერს გახდებიან, თუ ამომრჩევლთა მხრიდან სათანადო მხარდაჭერა არ იქნება. დღეს შეუძლებელია ისაუბრო უზენაესი საბჭოს მომავალ არჩევნებზე და არ შეჩერდე მოსახლეობის ერთ ნაწილში მეტად პოპულარულ არჩევნების ბოიკოტის იდეაზე. ცნობილია, რომ ეს პოზიცია დაიკავა არაფორმალურ ორგანიზაციათა უმრავლესობამ და მათ მრავალი თანამოაზრეც გამოუჩნდა. ჩ

ვენში არჩევნები თავისუფალია და ზოგიერთი უცხო სახელმწიფოსგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობისგან თავის არიდებისთვის მოქალაქეს პასუხს არავინ მოსთხოვს, ამდენად ყოველ ჩვენთაგანს სრული უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს, მაგრამ რადგან ბოიკოტის იდეა საკმაოდაა გავრცელებული და უკვე გამოიკვეთა მის მომხრეთა უმთავრესი არგუმენტები, თავს ნებას ვაძლევ ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვა. ცხადია, არჩევნების ბოიკოტის მომხრენი არ უარყოფენ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, როგორც ასეთის, შექმნის აუცილებლობას. აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ორგანოს სახელწოდება და მისი შექმნის მექანიზმი – საარჩევნო სისტემა. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ კონსტიტუციური ცვლილებებისა და საარჩევნო კანონების პროექტებზე მუშაობისას გაჩნდა. იმ პერიოდში გამოიკვეთა, რომ არაფორმალურ ორგანიზაციათა უმრავლესობა მომხრეა პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნისა მრავალპარტიულობის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ სავსებით ვიზიარებთ მათ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის, როგორც ასეთის, უფრო დემოკრატიულობისა და დახვეწილობის თეზისს, მეტიც მიგვაჩნია, რომ ქართულ სამართლებრივი სახელმწიფოს საარჩევნო სისტემას უახლოეს მომავალში აუცილებლად მრავალპარტიულობის პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად, მიგვაჩნია, რომ საქართველოში, კავშირსა და მსოფლიოში დღეს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში აუცილებელია „დახურული“ პოლიტიკრი თამაში ე.ი. უმთავრესი ყურადღება უნდა დაეთმოს მოვლენათა შინაარს და ზოგჯერ ჩვენთვის სასარგებლო შინაარსის მოვლენა მოწინააღმდეგისთვის სასიამოვნო ფორმით უნდა შევნიღბოთ.

თავის დროზე ხაზგასმით აღინიშნა და ახლაც ვიმეორებთ, რომ დღეს მოქმედ საარჩევნო კანონს არ მივიჩნევთ საარჩევნო კანონის იდეალურ ვარიანტად და დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას ვერ ვაღიარებთ ყველაზე დემოკრატიულ საარჩევნო სისტემად. ადვილად დამეთანხმებით, რომ დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა მსოფლიოს ყველაზე უფრო დემოკრატიული სახელმწიფოების ანალოგიური კანონების თარგმნა და მისი წარდგენა უზენაესი საბჭოს სესიისთვის. მაგრამ ამ დროს პასუხი უნდა გაგვეცა სულ მცირე ორი კითხვისთვის: რამდენად რეალური იყო უზენაესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის და რესპუბლიკის ხელმძვანელობის მიერ ასეთი კანონის მიღება? საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეგნების დონე რამდენად შეესაბამებოდა იმ ყველაზე უფრო დემოკრატიული საარჩევნო სისტემით მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ უარყოფითი შეიძლება იყოს.

ახლა პასუხი გავცეთ კითხვას თუ რა იყო ჩვენი უმთავრესი, ყველაფრის განმსაზღვრელი მიზანი – მსოფლიოში საუკეთესო საარჩევნო სისტემის დაკანონებისთვის უმძიმესი ბრძოლა და შემდეგ ამ „უმოქმედობისათვის“ განწირული ფარატინა ქაღალდების ფრიალით თავის მოწონება თუ ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში ხალხისთვის სასურველი, ავტორიტეტული, გონიერი და ეროვნულ პოზიციაზე მდგარი ადამიანების შეყვანა? ვფიქრობ რეალისტი პოლიტიკოსი უყოყმანოდ აირჩევდა მეორე მიზანს და თავის საქმიანობასაც მისი განხორციელებისათვის ყველაზე უფრო უმტკივნეულო გზების ძიებისკენ მიმართავდა.

არჩეული გზის ანუ არსებული საარჩევნო სისტემის უმტკივნეულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი გარედან „შელამაზებულია“ მოწინააღმდეგეთა თვალისთვის მისაღები ფასადით, შიგნითაც უხვადაა „მოპირკეთებული“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა საამებელი ტრადიციული ცნებებითა და დებულებებით, სინამდვილეში კი მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლას გვთავზობს და პარტიათა შორის პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლის საშუალებას იძლევა. ამისთვის საჭირაო ერთადერთი რამ – რეგისტირებულ და არარეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა წევრების მიერ კანონის ყურადღებით შესწავლა და მასში არსებული უამრავი, მხოლოდ ჭკვიანი პოლიტიკოსებისთვის შესამჩნევი ნიუანსების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალების მაქსიმალურ დაძაბვასთან ერთად მანევრირებას და ზოგიერთ ზმეობრივ პრინციპზე (ოკუპანტის მიერ დაკანონებულ რეჟიმზე უარის თქმა და მისთანები) დროებით უარის თქმას მოითხოვს, რადგან პოლიტიკა ყოველთვის იყო, არის და დარჩება ყველაზე უფრო „უზნეო“ თამაშად და, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი პრინციპი იგივე რჩება – უფრო კეთილშობილური მიზანი ამართლებს ნაკლებად კეთილშობილურ საშუალებას.

მაშასადამე ბოიკოტის მომხრეებისთვის საკუთარი გადაწყვეტილბის გამამართლებელ მიზეზად არ გამოდგება ის არგუმენტები, რომ თითქოს არსებული საარჩევნო სისტემა არ იძლევა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხალხის ჭეშმარიტი რჩეულბით დაკომპლექტების და დემოკრატიული საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას. ვფიქრობ, არც ის მოსაზრებაა სწორი, რომ თითქოს გაუმართლებელია მონაწილეობის მიღება ხელისუფლების არაკანონიერი ორგანოების ფორმირებაში. ხელისუფლების ასარჩევი ორგანოს არაკანონიერების თეზისი უკრიტიკოდაც რომ ვაღიაროთ, იგი მაინც მხოლოდ ჩვენთვის რჩება არაკანონიერი, ცენტრი და უცხო სახელმწიფოები კი მხოლოდ მას ცნობენ კანონიერად. ამიტომ საჭიროა გავიაზროთ, პოლიტიკურად რა უფრო მომგებიანია ხალხისთვის – არაკნონიერ და ცენტრისთვის კანონიერ ორგანოში ხალხისათვის თავდადებულ მამულიშვილთა შეყვანა და მათი საშუალებით საჭირო იურიდიული ბაზის მომზადება ხალხისთვის კანონიერი ხელისუფლების ორგანოს შესაქმნელად თუ სახალხო ხელისუფლების დამყარების ყველაზე იოლ გზაზე უარის თქმა და ეროვნული მოძრაობის წაყვანა იმავე მიზნის მქონე, მაგრამ ათასგვარი დაბრკოლებებით აღსავსე მიმართულებით.

ახლა ვნახოთ რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ბოიკოტს. არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გამოიკვეთთა ორი მიზანი: ზნეობრივი – ოკუპანტის მიერ დაკანონებულ რეჟიმზე უარის თქმა. ამით ერთგვარი მორალური განწმენდა და პოლიტიკური არჩევნების ჩაშლა, ამ გზით საბჭოთა ხელისუფლების კრიზისის გამოწვევა და ძალაუფლების ხელში აღება. რეალურად ეს ორი მიზანი გაერთიანებულია და თითქოს ერთი და იმავე პროცესის ორ მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს, მაგრამ სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი მათგანი იქცევა უმთავრეს მიზნად. თუ ზნეობრივი მიზნის მიღწევაზე გაკეთდა ძირითადი აქცენტი, მაშინ ჩვენ საქმე გვექნება არჩევნების პასიურ ბოიკოტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომხრე პოლიტიკური გაერთიანებები და მათი თანამოაზრეები არავითარ მონაწილეობას არ მიიღებენ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ არც სხვას შეუშლიან ხელს. შედეგად ბოიკოტის განმახორციელებლები მოიპოვებენ მორალურ გამარჯვებას და პირნათელნი იქნებიან საკუთარ სინდისთან ზნეობრივი პრინციპებისამდმი ერთგულების გამო, მაგრამ ვფირობ, მათი გამარჯვება ძალზედ ძვირი დაუჯდება ხალხს, რამეთუ საარჩევნო კამპანიას ჩამოშორდება ყველზე უფრო პროგრესული იდეების მქონე, ყველაზე უფრო მებრძოლი ნაწილი. ასეთ ვითარებაში არჩევნებში მონაწილე სხვა პროგრესულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მეტად გაუჭირდებათ რეაქციულ ძალებთან ბრძოლა, რადგან ამ უკანასკნელთათვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ პრობლემებში გაუთვითცნობიერბელი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუება. შედეგად იმას მივიღებთ, რომ რესპუბლიკის ხელისუფლების საჭესთან აღმოჩნდებიან ის ადამიანები, ვინც დემოკრატიზაციის პროცესს საკუთარი მილიონების ლეგალიზაციის პროცესთან აიგივებენ. ხოლო თუ რას მოუტანს ერს ასეთი მესაჭე, ერთი მხრივ, და ხალხსა და მთავრობას შორის გაცილებით უფრო მწავვე დაპირისპირება, მეორე მხრივ, წარმოსადგენადაც კი ძნელია.

რა მოყვება აქცენტების გადატანას პოლიტიკურ მიზანზე? ვფიქრობ, კიდევ უფრო უარესი. არჩევნების ჩასაშლელად აუცილებელია აქტიური ბოიკოტის განხორციელება, ე.ი ხელის შეშლა იმათთვისაც, ვინც არ იზიარებს ბოიკოტის იდეას. ნაკლებად სარწმუნოა, რომ აქტიური ბოიკოტის განხორციელებისას მისმა მომხრეებმა უმთავრესად მიმართონ საარჩევნო კამპანიის ჩაშლის პირდაპირ გზას, ე.ი. შეეცადონ საარჩევენო კომისიათა შენობების და ხმის მიცემის ადგილების ბლოკირებას, ამომრჩეველა ფიზისკურ და ფსიქიკურ იძულებას და სხვა.. ეს მეთოდი თეორიულად მეტად მარტივია, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება მრავალ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, უფრო მომგებიანი იქნება არჩევნების ჩაშლა არაპირდაპირი გზით. ამ დროს განსახორციელებელ ღონისძიებათა დამუშავებას მეტი დრო და ენერგია დასჭირდება, სამაგიეროდ გაცილებით მეტ პრაქტიკულ ეფექტს გამოიღებს. რა შედეგი მოჰყვება აქტიური ბოიკოტის მცდელობას? ვფიქრობ უკიდურესად უარყოფითი, გარდუვალი იქნება როგორც შიდა პოლიტიკური ძალების უკიდურესი დაპირისპირება, ისე ცენტრის მხრიდან საკმაოდ ნოყიერ ნიადაგზე მოწყობილი პროვოკაციები, რაც გამოიწვევს კავკასიაში აგიზგიზებული ცეცხლის ალის საქართველოში გადმონაცვლებას.

სრულიად არ გამოვრიცხავ მე ვცდებოდე და დღევანდელ სიტუაციაში სწორედ არჩვენების ბოიკოტი იყოს ობიექტურად ყევლაზე უფრო გამართლებული ნაბიჯი, ამას დრო განსჯის. ამ წუთში კი მტკიცედ მწამს, რომ ეროვნული მოძრაობის მოწინავე ძალების მხრიდან არჩევნების ბოიკოტი ( პასიური თუ აქტიური) ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ერის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ მძიმე პოლიტიკურ შეცდომათა შორის ‘საპატიო“ ადგილს დაიკავებს. ვიცი, ხავსმოჭიდებულ წყალწაღებულს ვემგვანები, მაგრამ მაინც ვამბობ: ჯერ კიდევ გვიანი არ არის.. დეპუტატობის კანდიდატების დასახელება 8 თებერვლამდე გრძელდება. ხელიდან ნუ გავუშვებთ მშვიდობიანი გზით სახალხო ხელისუფლების დამყარების ისტორიულ შანსს!”