ტეგები

, ,


“არც ჩემი ერი, არც მე, საკუთარი ბედის მგმობელი აროდეს ვყოფილვართ, არამედ შავს ბედთან მებრძოლი ვიყავით მუდამ. ამიტომ უცხოა ჩვენთვის ბოღმის ნთხევა და ქექვა ნაგვისა. მაგრამ თუ ჩვენი ერების ურთიერთობის გახსენებისას როდესმე ნაგვისთვის ფეხი წამოგვიკრავს, მეწრმუნე, იგი არც მე, არც თვისტომთა ჩემთა არ დაგვიყრია.” – ასე მიმართავდა მერაბ კოსტავა იმათ, ვინც რუსეთის მიმართ საქართველოს სამართლიან საყვედურებსა და პრეტენზიებში დაუნახაობას ხედავდა, გვაყვედრიდა, რომ საქართველოში შემოსვლით რუსეთმა თავისუფლება კი აგვყარა, სამაგიეროდ არსებობის საშუალება მოგვცა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შეგვაქვს ბოლო ამონარიდი  მერაბ კოსტავას წერილიდან “გზა ჭეშმატირებისკენ.” ის  ზუსტად მაშინ დაიწერა, როცა საბჭოთა საქართველოში “გეორგიევკის ტრაქტატის” ხელმოწერიდან  მრგვალ თარიღს ზეიმობდნენ. 

“ორი ადამიანის მეგობრობა მხოლოდ მაშინ არის იდეალური, ოდეს არცერთის პიროვნული თავისუფლება არ კნინდება. მაგრამ აქ კიდევ დასაშვებია და მოსაწონიც როცა ერთის საკეთილდღეოდ მეორე თავისივე ნებით გაიღებს ხოლმე მსხვერპლად თავის თავისუფლებას.

ტრამაგრამ სახელმწიფო პიროვნება როდია და ამიტომ, ორი ხალხის მეგობრობისას, ბრძნულად და გულწრფელად უნდა იქნას განბჭობილი ყველაფერი, გამაბრუებელი ქება-დიდების გარეშე ერთობლივად წარმოჩენილი და მორალის სასწორზედ დადებული წარსულის ყოველი დარღვევა, შეცდომა თუ გატეხილი სიტყვა, რათა შემდგომში მსგავსი აღარ განმეორდეს…
ერეკლერუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მთელი ისტორია ამ ტრაქტატის ცხოვრებაში განხორციელებისთვის ბრძოლისა და მცდელობის ისტორიაა და ეს ბრძოლა ჯერაც არ დამცხრალა. როგორც ჩანს, ერეკლე მეორემ, ამ დოკუმენტზე საქართველოს სახელმწიფო ბეჭდის დასმით მზამზარეულად კი არ მოგვართვა მასში გათვალისწინებული ღირებულებები, არამედ მათ მოსაპოვებლად შეუპოვარი ბრძოლა დაგვიბედა. საბოლოო შედეგი ამ ნაბიჯისა მაინც საკმაო ბუნდოვანებით იყო მოცული.

მე კი განმიღია კავკასიონის კარიბჭე, უთქვამს გიორგი მეთორმეტეს, და აწ უფლისთვის მიმინდვიაო მისი დახშობისა და გაღების საქმე. იმჟამად, ახალგაზრდა რუსეთი, თავისი მორალური სახის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა, პროცესში, რომელიც ერთობ ხანგრძლივია, არასწორხაზოვნად ვითარდება და საბოლოო ნაყოფს შორეულ მომავალში, ანუ ამ ერის სიჭარმაგესაც წარმოაჩენს. საქართველოს მეფეებმა ამ გაურკვევლობის ოკეანეში გადაშვება ამჯობინეს სპარსეთისა და თურქეთის მათთვის ცნობილ, უკვე დადგენილ და იმთავითვე მიუღებელ, ერთ ადგილზე გაყინულ და კონსერვირებულ მორალურ სახეს. სპარსეთი და თურქეთი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხის ორიენტირი. შეუპოვარი წინააღმდეგობის გარდა ამ ქარიბდასა და სცილას შორის იგი ლავირებდა მხოლოდ მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ქართველების ჭეშმარიტი ორიენტირი მუდამ საკუთრი თავის იმედი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. რუსეთთან არა არსებობის, არამედ სახელდობრ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებალდ დასდო ხელშეკრულება საქართველომ, რადგან მათ გარეშე რაღა ფასი ექნებოდა არსებობას.”

მერაბ კოსტავა

1976