ტეგები

,


1990 წლის ახალი წლის დღეებში შიდა ქართლში შემზარავი დანაშული  მოხდა. 3 იანვარს სოფელ ფრისში ნიკორიშვილების ოჯახზე თავდამსხმელებმა 9 თვის ბავშვი მოკლეს. მეორე დღეს ფრისის, ერედვის, ქემერტის და სხვა სოფლების ქართული მოსახლეობის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ, ჟურნალისტებს შეხვდნენ და რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან შველა ითხოვეს. ავტონომიური ოლქის ქართველები ოსი ეროვნების ბანდიტების თარეშს და ადგილობრივი მილიციის სრულ უმოქმედობას გმობდნენ. ისინი მოითხოვდნენ რესპუბლიკის მილიციას ხელში აეღო ცხინვალში და მის შემოგარენში ვითარების მართვა და აელაგმა შეიარაღებულების თარეში. 1990 წლის 4 იანვრის ამ შეხვედრის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა გაზეთმა “კომუნისტმა.” მასში მოყვანილი იყო ცხინვალის რეგიონიდან თბილისში მშველელის საძიებლად ჩამოსული ქართველების გამოსვლები.”დამოუკიდებლობის გაკვეთილები”  გთავაზობთ ალეკო ასლანიშვილის ამ  სტატიას. მასში ავტონომიური ოლქის მოსახლეობის მონათხრობი ცხადყოფს, მესამე ძალას როგორ მოჰყავდა მოქმედებაში საქართველოში ჩადებული საშინელი ნაღმი და საბჭოთა ხელისუფლება როგორი არაფერს აკეთებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განუკითხაობის შესაჩერებლად.

შემზარავი სისასტიკე
შიდა ქართლში კრიზისული ვითარებაა  ( გაზეთი “კომუნისტი,” 1990 )

ფრისიის, რაც 3 იანვრის ღამეს მოხდა ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისში, იმდენად შემზარავია თავისი სისასტიკით, რომ აღწერა მიჭირს, ( როდესაც ამ ამბავს ისმენდნენ, თვით მრავლისმნახველმა ჟურნალისტმა მამაკაცებმა ცრემლი ვერ შეიკავეს); ნიკორიშვილების ოჯახს თავს დაესხა შეიარაღებული ბრბო და აკვანში ტყვიით მოკლეს 9 თვის თოთო ბავშვი. გორის საავადმყოფოში ჩაყვანილი თავში მძიმედ დაჭრილი ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კიდევ ერთი ბარბაროსული აქტი! ჯერაც არ გაციებულა 17 წლის თამარაშენელი ჭაბუკის ვეფხია თუთარაშვილის სისხლი და აი, კიდევ ერთი მსხვერპლი. ჯერაც არ შემშრალა ჯგუფურად გაუპატიურებული და მხეცურად ნაწამები ქართველი გოგონას ცრემლები და კიდევ ერთი დანაშაული!
და აივსო მოთმინების ფიალა. გუშინ, 4 იანვარს, სიმართლის საძიებლად თბილისს მოაშურა ერედვის, ქურთის, ქემერტის, ფრისის და სხვა სოფლების ხალხმრავალმა წარმომადგენლობამ, 150 ზე მეტმა ქალმა და კაცმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა. ისინი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობას მიადგნენ და პრესის მუშაკებთან შეხვედრა მოითხოვეს.

100_3215ეს შეხვედრა “კომუნისტის“ სათათბირო დარბაზში გაიმართა, მასში მონაწილეობდნენ გაზეთების რედაქტორები, სახტელერადიოს ხელმძღვანელი მუშაკები, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების, სახალხო ფრონტის, ილია მართლის საზოგადოების, ჰელსინკის ჯგუფის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები. გაიმართა მღელვარე, უკომპრომისო საუბარი. შიდა ქართლიდან ჩამოსულებმა იქ ქართველთა ყოფის მძიმე სურათი წარმოგვიდგინეს.

გიორგი ქრისტესაშვილი ხადაზმული, მრავალჭირგამოვლილი კაცი აღელვებას ვერ ფარავას: დიდი გასაჭირი გვადგას ქართველებს, ფაქტობრივად, უუფლებონი ვართ. ოსი ეროვნების მილიციის მუშაკები თვითონვე მონაწილეობენ ჩვენზე თავდასხმებში. შიშით ცხინვალში ვერ ჩავსულვართ, იქიდან ვერავითარ სურსათს ვერ ვიღებთ, ყველაფერი ოსურ სოფლებში ნაწილდება. გორის რაიონი რომ არ გვეხმარებოდეს შიმშილობა მოგვიწვეს. დაეხეტებიან ავტომატებით და ტყვიამრფქვევებით შეიარაღებული ჯგუფები. 3 იანვარს სროლით დაესხნენ თავს სოფელ ხეითს. კეხვი, ქურთა, ძარწემი და სხვა სოფლების ლამის ალყაშემორტმულია.

ლალი ცოტნიაშვილი: განა ფრისში მომხდარი ამბავი გამონაკლისია? პირველ იანვარს თავს დაესხნენ და სროლა აუტეხეს ერედველ ფრიდონ ბორცვაძეს, რომელსაც მანქანით ცოლ-შვილი მოჰყავდა. ტყვია დაახალეს ქრისტესიაშვილის მანქანასაც. ორივე სასწაულად გადარჩა. ცხინვალის რადიო კი ისეთ ცნობებს გადასცემს „ქართველთა მხეცობაზე,“ რომ ხალხს სისხლს უმღვრევს.

ლალი ბალიაშვლი: მე ცხინვალელი ვარ, მაგრამ ახლა ქმარ-შვილით ერედვს შევეხიზნე. გვაშინებენ, მე თვითონ შვილთან ერთად მომავალს გადამიდგნენ გზაზე, რევოლვერი მიადეს მკერდზე ჩემს ბიჭს და ჩახმახს გამოკრეს. არ გავარდა, დაუტენავი ყოფილა, მაგრამ ერთი სიკვდილი გავათავე. სამჯერ დაესხნენ თავს პირველ ქართულ სკოლას. არ ვიცი რა გზით, მაგრამ ფაქტია, რომ ჯავშანტრასნსპორტიორებს ჯარისკაცებთან ერთად ექსტრემისტებიც დააგრიალებენ, ყოველღამ სროლაა.

მიხეილ ქრისტესიაშვილი: 27 ნოემბერს რამდენიმე შეიარაღებილი კაცი დავაკავეთ, იარაღი ჩამოვართვით და ჩვენს მილიციას ჩავაბარეთ. მერე რა? ადგნენ და გაუშვეს. ჰოდა, ისე არიან გათამამებულები მიმტევებლობით, რომ ხვალ უარესს გვიზამენ.

ლიანა ზუბაშვილი: ჩემი მაზლი სევასტი ზუბაშვილი დაჭრეს. გორში ჩავიყვანეთ საავადმყოფოში, მეორე დღეს ცხინვალის რადიომ გამოაცხადა, ქართველებმა კიდევ ერთი ოსი სევერიან ზუბაევი დაჭრესო, ასე, კიდევ ერთით გაიზარდა „დაზარალებული“ ოსების რიცხვი.

ამაღლვებელი იყო 70 წელს მიწეული ლუბა ალბოროვა – ვახტანგაშვილის სიტყვა: ქმარი და მაზლი იმში დამეღუპა, სამი შვილი ობლობაში გავზარდე, 9 შვილიშვილი მყავს, ვიფიქრე სიბერეში გავიხარებ-მეთქი, მაგრამ ახლა აღარ ვარ ამათზე დარდით. ჩვენი კაცები ვეღარაფერს შვრებიან, სულ გზებსა და ტყისპირებს ყარაულობენ, რომ ოჯახები არ დაუწიოკონ, ცხინვალი რომ საქართველოა განა ამას მტკიცება უნდა? მე ძველი ქალი ვარ, მახსოვს ცხინვალში თითო-ოროლა თუ ცხოვრობდა ოსი. ძირთადად ქართველები სახლობდნენ: კასრაძეები, მინდიაშვილები, ჭოველიძეები და სხვები, სომხები და ებრაელებიც იყვნენ. ეს მერე, ოციან წლებში წამოიწიეს ოსებმა ქალაქში მთებიდან.

ცისანა ვახტანგიშვილი: სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ვმუშაობ სანიტრად. თვითონ ვნახე იმათ „თავდაცვის შტაბში,“ რომელიც ცხინვალის ქორწინების სახლშია მოთავსებული, საშინლად ნაცემ-ნაგვემი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ტელევიზიითაც აჩვენეს.

ნათელა ბაღაშვილი: ცხინვალში ქარველების დევნა და აბუჩად აგდება ყოველგვარ საზღვარს გასცდა. 20 ნოემბერს ავად გავხდი, ექიმი გამოვიძახე, რომ გაიგო ქართველი ვიყავი, არც იმ და არც მეორე დღეს არ მოვიდა. ჩემს მეზობელ ოსთან კი სასწრაფოდ გამოცხადდა. ბიბლიოთეკაში, სადაც ვმუშაობ, კატეგორიულად ამიკრძალეს რაიმეზე ხელის ხლება, ქართულად რაიმეს შევსება. ყველა ჩემს ქართველ მეზობელს სარდაფი გაუძარცვეს.

გივი ბორცვაძემ, საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტმა სამხრეთ ოსეთში, დაასახელა დისკრიმინაციული საკადრო პოლიტიკის მაგალითები. ხაზგასმით აღნიშნა, რომ როკის გვირაბით ჩრდილოეთ ოსეთიდან დიდძალი იარაღი შემოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ გვარამიას, რომელიც შეეცადა შეკრებილებისთვის წარმოედგინა სამხრეთ ოსეთში შექმნილი ოპერატიული ვითარება და სინანული გამოთქვა – ქართველები თავდასხმის შემთხვევაში ყოველთვის არ მიმართავენ მილიციას იმისთვის, რომ ყველა შემთხვევა დაფიქსირდესო, სიტყვა შეაწყვეტინეს რეპლიკებით, რომ იქ მილიციამდე მისვლაც კი ჭირს, რომ სამხრეთ ოსეთის მილიცია თავს არიდებს ქართველთა დაზარალების დაფიქსირებას, რომ, საერთოდ, საქართველოს მილიცია უსუსურობას იჩენს, რომ ჯერ არსად ჩანს ერედველთათვის დანაპირები ლაზარეთი, რომ თვით მაიორი გია სანაკოევი, რომელმაც ქართველი დაჭრილი მილიციის მუშაკი შეურაცხყო, ჯერაც ფორმით დადის.

ერთი სიტყვით, შიდა ქართლში ისეთი მდომარეობა გამოიკვეთა, რომელმაც არ შეიძლება არ შეგძრას. ჩამოსულებმა დააყენეს იქ მცხოვრები ქართველების მოთხოვნა: მდგომარეობა უაღრესად კრიზისულია, სათანდო ორგანოები შეუწყნარებელ უმოქმედობას იჩენენ. არ კმარა ცარიელი დაპირებები და ცალკეული ღონისძიებები. რესპუბლიკის მილიციამ თავის ხელში უნდა აიღოს მდგომარეობის მართვა ცხინვალში, უნდა გაუქმდეს იქ არსებული ეგრეთ წოდებული „თავდაცვის შტაპი.“

საუბარში მონაწილეობა მიიღეს: ზვიად გამსახურდიამ, ელიზბარ ჯაველიძემ, აპოლონ სილაგაძემ, მინდია უგრეხელიძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, გურამ ყორანაშვილმა, რამინ ჭელიძემ, ლევან თოფურიძემ, ვალერი კვარაცხელიამ, ვლადიმერ გოგოლაშვილმა და სხვებმა.

ითქვა, რომ რესპუბლიკის პრესა და ტელევიზია მოსახლეობას ვერ აწვდიან ამომწურავ და ოპერატიულ ინფორმაციას შიდა ქართლში შექმნილ ვითარებაზე, საკავშირო პრესაში კი ცალმხრივი, უპირატესად დეზინფორმაციული მასალები იბეჭდება. ქართველმა ჟურნალისტებმა მიმართვა გაუგზავნეს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს და მინისტრთა საბჭოს.