ტეგები


1989 წლის ბოლოს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა მუხრან მაჭავარიანის ესსე “შენ ჩემი თქვი.” ეს ნაწარმოები შეგვაქვს 1989 წლის “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში.” მუხრან მაჭავარიანის “შენ ჩემი თქვი” მარტო მაშინდელს არა, დღევანდელ სათქმელსაც ამბობს. რაც მთავარია –  ეს პატარა ნაწარმოები იტევს ჩვენს სიმცირეს და ჩვენსავე სიდიდეს და ყველაფრის მიუხედავად გვავსებს ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის, თევდორე მღვდლის და სხვა ჩვენი გმირი წინაპრების საქართველოს რწმენით.

მუხრანუთქვამთ: ბუდიდან გადმოვარდნილი ქორის უნაკრტენო ბარტყი ყორანმა შეიკედლა და თვისთა შვილთა თანა ზრდა დაუწყო.რა ქორი იგი აღიზარდა, საგონებელთა იტყოდა: თუცა ამათი ნათესავი არა ვარ, ამათთან ბუდეთა რა ხელი მიც? და თუცა ამათთა გვართაგანი ვარ, რად არათი ვემსგავსებიო?

– შენ ჩემი თქვიო! – ეტყოდა ქორს ბარათაშვილი, მჯერა.

ენით გამოუთქმელი უბედურებაა, – ცხოვრობდე იმ გარემოში, „სადაცა ვერვის იკარებს სული.“
მე შენ გეტყვი, დაგიჯერებს ვინმე, რომ შენ სხვა ხარ ( შენც არ მომიკვდე!)
ვისთვის დაუჯერებიათ, შენ რომ დაგიჯერონ!

შენ ხომ სხეულით ზედმიწევნით მსგავსი ხარ მათი ( ეს კი კაცთათვის სავსებით კმარა!)
„ – უკეთუ ძე ხარ ღმრთისა, გარდამოჰხედ მაგიერ ჯვარით!“ – შემოგძახებენ ნიშნის მოგებით.
ვის ესმის შენი გულის წუხილი, რომ „შენ ახლანდელი მდგომარეობისთვის დაბადებული არა ხარ!“

ჯანი გავარდეს – აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა!
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?

აი, პრინციპი იმ საზოგადოებისა, რომლის უნებლიე წევრი შენცა ხარ. შენ, რომელიც სიცოცხლეს არ იშურებ, რომ „შენ შემდგომად მოძმესა შენსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს!“
და მაინც, გინდა თუ არა, უნდა იცხოვრო იქ, სადაც „ყოველი ფიქრობს საკუთარის თვისისა სარგებლობისათვის, რომლისა მისაღებლად არა მიჰხედვენ არცა სირცხვილსა და არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან.“

უნდა გიხაროდეს რომ „ილიამ პარუჩიკობა გაიკრა!“…
უნდა მოიწყინო, რომ „გალავინის ცოლი წავიდა..“
უნდა დაინტერესდე: „ ნიკოლაი აღაპიჩი ქალაქშივეა თუ არა?!??
მაგრამ არა!
არა და არა!

გასწი, მერანო, შენ ჭენებას არ აქვს სამზღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!..

სათაური ლექსისა „მერანი“ თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს სათაურით „ბედი ქართლისა“, ვინაიდან ეს ღვთაებრივი ნაწარმოები, – თავისი „განწირულის სულის კვეთებით’, – ალიკვალი ისტორიაა საქართველოსი!

მერანიმიჰქრის მერანი და გზადაგზა ცხენებიდან ზედიზედ ვარდებიან სამშობლოსთვის, თავიანთი ქვეყნის უკეთესის მერმისისათვის თავდადებულები:
ცხრა ძმა ხერხეულიძე,
სამასი არაგველი,
თევდორე ხუცესი,
ქეთევან დედოფალი,
ბიძინა ჩოლოყაშვილი,
დიმიტრი ყიფიანი,
ილია ჭავჭავაძე…
თვით მერნის ფლოქვთა თქარუნი გმირებს ითვლის და აღრიცხავს თითქოს…

„ – გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი!“

“ვინც დუმს ის უფრო ტყუის!” – მუხრან მაჭავარიანი 1988 წლის “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” https://lessonsgeo.wordpress.com/2014/10/12/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B/