ტეგები

, ,


9 აპრილის ბაღს უწინ კომუნარების ბაღს ეძადნენ. იქ, 1989 წლის 2 დეკემბერს ოსი ეროვნების მოქალაქეები შეიკრიბნენ და გამოხატეს თავიანთი აღშფოთება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განვითარებული პროცესების გამო, დაგმეს “ადამონ ნიხასის” საქმიანობა, თანადგომა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ოსებს მოუწოდეს –  არ აყოლოდნენ პროვოკატორებს.  სწორედ ამ შეკრებაზე დაარსდა „ირონ ასოციაცია რასძინად“( “ოსური ასოციაცია სიმართლე”) 1989 წლის პრესამ შემოგვინახა კომუნარების ბაღში გამართულ მიტინგზე გამოსვლების სტენოგრამები. დიდი ხნის შემდეგ, “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენებთ  დღეს, როცა ჩვენმა ოსმა თანამოქალაქეებმა  ყველას გასაგონად თქვეს: ქართველების თავისუფლება, ჩვენი თავისუფლებაცააო.

gazaeviომარ გაზაევი: “მე მქონდა შესაძლებლობა ჩავსულიყავი ცხინვალში 3 დღით ადრე იმ არეულობამდე, რომელიც კინაღამ კატასტროფაში გადაიზარდა. ამ სამ დღეში სამ ოჯახში ვიყავი და ყველგან აღშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მთელი ოსი ხალხის სახელით შუღლს თესავს ოსებსა და ქართველებს შორის, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. თითქმის არ არსებობ ოსური ოჯახი, რომელსაც ქართველი ნათესავები არ ჰყავდეს.

ერისათვის მძიმე დღეებში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ავტორიტეტული პირები, რომლებიც ხალხს სწორ გზაზე აყენებენ. მე მწყინს რომ „ადამონ ნიხასში“ ასეთი ადამიანები არ აღმოჩდნენ.როცა ჩვენთან „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენელი ჩამოვიდა და მას ვკითხე: რა აშფოთებდათ და ასე უცებ რამ დაამეგობრათ აფსუა სეპარატისტებთან? მან ვერ მოიყვანა ვერც ერთი ობიექტური არგუმენტი თავის გასამართლებლად, ბოლოს კი აღიარა – ჩვენ არ ვდგევართ აფხაზების გევრდითო.

მე მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც მათ მიჰყვებიან. ნუთუ ჩვენ აფხაზთა შეცდომები უნდა გავიმეოროთ? ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი ქართველ ხალხთან, მითუმეტეს გამოსაძალავი. პირიქით, ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ქართველებს მათ მოძრაობაში,რადგან მათი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაცაა.გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ( ხანგრძლივი ტაში)

მე არ მინდა გავიმეორო, მაგრამ აბა დაფიქრდით, როგორ შემიძლია გავყიდო მიწა, სადაც დასაფლავებულია დედაჩემი – ქართველი ქალი! სადაც დაიბარა ჩემი ქართველი ცოლი და ჩემი შვილები და ასეთ მდგომარეობაშია საქართველოში მცხოვრები ოსების უმრავლესობა. ჩვენ საქართველოში მცხოვრები ოსები მცირე ძალას როდი წარმოვადგენთ და თუ ჭკუით მოვიქცევით და არ ავყვებით „ადამონ ნიხასს,“

შევძლებთ დანარჩენი ოსების დარწმუნებას მათი მოქმედებისა და მოთხოვნების სიმცდარეში. არ შეიძლება აჰყვე საეჭვო მოწოდებებს, ასეთივე საეჭვო არიან ის ოსებიც, რომლებიც „ადამონ ნიხასში“ არიან გაერთიანებულები. მეგობრებო, თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, შთამომავლობა და ისტორია არ გვაპატიებს, ამიტომაც გონიერებისკენ მოგიწოდებთ ყველა ოსს!”

ეფიმ იკოევი: “მეგობრებო, მე ოსი ვარ. ვცხოვრობ გორში. ცოლი ქართველი მყავს, რძალიც. როცა მოვკვდები ოსებმაც უნდა დამიტირონ და ქართველებმაც.
გამიგეთ, მას შემდეგ, რაც ოსეთში არეულობა დაიწყო, მე შვილიშვილებს უკვე ისე ვეღარ ვეფერები და ღამეები აღარ მძინავს. თოთოეულ კეთილსინდისიერ ოსს უნდა აწუხებდეს მომხდარი. იმათთვის, ვისაც ქართველებთან ცხოვრება არ უნდა, ღიაა გვირაბი და შეუძლიათ ისარგებლონ. მე ძმა მყავს, რომელიც ბოჟანში ცხოვრობს და იშვიათად ვხედავ, სამაგიეროდ ყოველდღე ვხვდბი ქართველებს, სამუშაოზე ანდა სახლიდან გამოსვლისას და მათთან მე იმათთაგანად ვგრძნობ თავს. მე ქართველებთან არაფერი მაქვს გასაყოფი. არ უნდა მოვუსმინოთ მათ, ვინც ქართველების წინააღმდეგ მოგვიწოდებს. მე ამ მიწაზე დავიბადე, მინდა ქართველებთან ერთად ვიცხოვრო და არ არსებობს ძალა, რომელიც ხელში თოფს ამაღებინებს და დამამიზნებინებს იმ ხალხისთვის, ვის შორისაც ვცხოვრობ, ვმუშაობ და ნათესავები მყავს. მზად ვარ თავად მოვკვდე, ოღონდ დანარჩენები შერიგდნენ. მე მაწუხებს ეს გათიშულობა, რაც პროვოკატორების მოწყობილია, ასეთი სიცოცხლე სიკვდილს უდრის.”

სანაკოევი გორიდან: “პირველ რიგში მე მინდა გითხრათ რომ საქართველო მარტოა და ერთიანი უნდა იყოს. ჩრდილო ოსეთთან შეერთების მოთხოვნა არაა სამართლიანი და არ შეიძლება ამ მოთხოვნას მხარი დავუჭიროთ არც ახლა, არ არასდროს. მე დიდი საწარმოს გენერალური დირექტორი ვარ და არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა რომ ვინმეს როდესმე ოსობა ესაყვედურებინოს, ჩვენ არ უნდა ავყვეთ “ადამონ ნიხასის“ პროვოკაციებს.”

zairaზაირა ცხოვრებოვა ( ქ თბილისის მე- 11 ოსურ -რუსული სკოლის დირექტორი): “ძმებო და დებო! მე სკოლაში ვმუშაობ. მართალია ეს სკოლა რუსულია, მაგრაკ ოსური ენა საკმაოდ ფართოდ ისწავლება. არ შემიძლია თქმა, რომ ქართველები როდისმე გვჩაგრავდნენ. ეს არ შემიძლია იმიტომ, რომ ამგვარი ფაქტი, უბრალოდ, არ ყოფლა. თუ ოსებს თავისუფლება გვინდა, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენი ერთობა ურღვევია.’

gazashviliგაზაშვილი:“მეგობრებო, მე ოსი ვარ, მაგრამ საქართველოს ეროვნული მოძრაობის წვერი ვარ და მრცხვენია, რომ ოსებს შორის აღმოჩდნენ ისეთი პროვოკატორები, როგორებიც წუხელ ტელევიზიით გამოვიდნენ. ძალიან მწყინს, რომ მათ გაჰყვა ოსი ხალხის გარკვეული ნაწილი. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ“ ადამონ ნიხასის“ მსგავსი პროვოკატორები და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ქართველებმა და ოსებმა ერთად უნდა ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს თავისუფლებისთვის. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! ( ხანგრძლივი ტაში)