ტეგები

, , ,


1989 წლის მიწურულს დიდი ხმაური შექმნა,  საბჭოთა კავშირის მთავარი სამხედრო პროკურორის ალ. კატუსევის მიერ, სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე წარმოდგენილმა დასკვნამ.  კატუსევმა დეპუტატებს 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების  შედეგები გააცნო. სსრკ სამხედრო პროკურატურა ამართლებდა თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების უსასტიკეს დარბევას, ადამიანების დახოცვას. ყრილობაზე გამოტანილი დასკვნა ისეთი იყო, რომ  საქართველოს დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდნენ  ანდრეი სახაროვი და ბორის ელცინიც.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მთავარ სამხედრო პროკურორს ალექსანდრე კატუსევს  ერთხელ  უკვე შევხდვდით  “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში,” როცა სუმგაითის ტრაგედიას ვიხსენებდით.  თავისი საჯარო განცხადების გამო, მას ადანაშაულებდნენ სუმგაითის ტრაგედიის პროვოცირებაში. რუსული წყაროების თანახმად, სსრკ-ს შემდეგ, კატუსევი  ბანკ “როსიისკი კრედიტში”მეჩევლად მუშაობდა.

ახლა კი გივი გუმბარიძის გამოსვლა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე

(1989 წლის 24 დეკემბერი)

“ჩემი თანამემამულეების ცნობიერებაში, რომლებიც ახლა მღელვარებით ადევნებენ თვალყურს 9 აპრილის მოვლენების ამ განხილვას, მჭიდროდ არის გადახლართული ერთმანეთში პოლიტიკა და სინდისი, მორალი და სამართალი, უწინარეს ყოვლისა კი უფლება ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირსების შენარჩუნებისა.

giviko9 აპრილს ქართველმა ხალხმა მძიმე ზნეობრივი განსაცდელი გამოიარა და მერე სიმართლე იმ დღეების შესახებ სახალხო დეპუტატთა პირველი ყრილობის ტრიბუნიდან წარმოითქვა იმ იმედით, რომ ყოველივე ეს გულწრფელ ადამიანურ თანაგრძნობას გამოიწვევდა და მკაცრი პოლიტიკური შეფასება მიეცემოდა იმ ანტიჰუმანურ, სამარცხვინო და გარდაქმნის ეპოქისთვის ყოვლად უღირს ქმედებას.

მაგრამ ძნელი არ არის იმის დანახვა, თუ როგორ ამოქმედდა ჯერ ფარულად, შემდეგ კი უკვე აშკარად, ის ზამბარები, რომლებსაც ძალუძს სიმართლის მაძიებელი ბრალდებულად აქციოს. ხატოვნად რომ ვთქვათ, მთელი ერი დაამსგავსოს გოგოლისეულ უნტერ-ოფიცრის ქვრივს, რომელმაც თავი თვითონვე გაიროზგა. მაგრამ ახლა მაშინდელი როზგები მომწამვლელმა გაზმა და მესანგრეთა ხელბარებმა შესცვალა..

სიყალბითა და ცილისწამებით ვერ შევუშრობთ დედებს ცრემლს, ვერ ვაიძულებთ საზოგადოებას აღიდგინოს დაკარგული სულიერი წონასწორობა. პატივი უნდა მიეგოს იმ ხალხის მწუხარებას, რომელიც ნამდვილი პოლიტიკური ტრაგედიის მსხვერპლი გახდა. იგი დიდსულოვნად გვაძლევს მონანიების საშუალებას, მაგრამ არასოდეს გვაპატიებს გაუკუღმართებულ შეფასებას და თავისი სულიერი ტკივილების შეურაცხყოფას..

რესპუბლიკაში, აპრილის შემდგომი პერიოდის მრავალი კონფლიქტის მიუხედავად, თითქმის ერთი სცენარით რომ გათამაშდა, ჩვენ ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი აზრად არ მოგვსვლია ძალის გამოყენება..

9  აპრილი 4გულწრფელობა და ვაჟკაცობა სჭირდება იმის აღიარებას, რომ თბილისის ტაგედიის თავიდან აცილება აცილებელი და სავსებით შესაძლებელი იყო. ცდადაც კი არ ღირს მომხდარი საშინელების გამართლება. სულაც არ ვარ სენტიმენტალური, მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია: როგორ შეიძლება გულმოწყალე იყო არა მსხვერპლის, არამედ მოძალადის მიმართ. თუ  ვაპირებთ ერთად ცხოვრებას, რატომ ვთრგუნავთ ბუნებრივ გრძნობებს და მქუხარე ტაშით ვაჯილდოებთ მოძალადეს, როცა მგლოვიარე ხალხი ძაძებითაა შემოსილი?!

ასევე უზნეობაა მთელ ქართველ ხალხს მიაწერო ანტირუსული განწყობილება და რუსთმოძულეობა. რუსეთის თვითმპყრობელობის იმპერიული პოლიტიკაც კი საქართველოში არასოდეს გაიგივებულა რუს ხალხთან, პოლიტიკა, რომელმაც ორი საუკუნის წინ ფეხქვეშ გათელა საქართველოს და რუსეთს შორის დადებული გეორგიევკსის ხელშეკრულება, მოუსპო ქართველ ერს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი!

ჩვენში ღრმად აქვს გადგმული ფესვი სტერეოტიპებს. განა 1920 წლის ხელშეკრულების დარღვევის აღიარება ბრალდებას ნიშნავს რუსი ხალხის მიმართ? ასეთი აღიარება ბრალს სდებს და პასუხისმგებლობას აკისრებს არა რუს ხალხს, არამედ მაშინდელი ქვეყნის ზოგიერთ ხელმძღვანელს, რომლებმაც შელახეს არა მარტო ქართველი, არამედ რუსი ხალხისა და სხვა ხალხების ეროვნული ღირსებაც და თუ გვინდა სრული ნდობა მოვიპოვოთ, ისტორიის ფაქტები კი არ უნდა მივჩქმალოთ, არამედ ბოლომდე წარმოვაჩინოთ, ასევე არ შეიძლება ქართველი ხალხი გავაიგივოთ ჩვენი საერთო ისტორიის ზოგიერთ ოდიოზურ სახელთან, როგორც ეს გუშინწინ გაისმა ამ ტრიბუნიდან. არ ვიცი, აღინუსხა თუ არა ეს 9 აპრილის საქმის მასალებში, მაგრამ თბილისში ყველამ იცის, რომ მიტინგის დარბევის დროს ზოგიერთ გახელებულ სამხედრო მოსამსახურეს პირზე ეკერა სტალინის და ბერიას სახელები….

თავს ნებას მივცემ შევნიშნო: სამხედრო უწყება ჩვენში კვლავ განსაკუთრებული უფლებებითაა აღჭურვილი. მე მხედველობაში მყავს არმია, რომელსაც განსაკუთრებულად პატივისცემით და სათუთად უნდა ვეკიდებოდეთ. მაგრამ სამხედრო უწყება არმია როდია, და მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად იგი უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღაირებულ ფარგლებში.

ერთი გენერალი უხეშად არღვევს გენერალური შტაბის დირექტივებს და ჯარისკაცებს უსევს დემონსტრანტებს, მეორე – თვითნებურად იყენებს ქიმიურ საშუალებებს, მესამე ნაჩქარევად აწვდის გაზეთს დაუმთავრებელი გამოძიების მასალებს და თავს უფლებას აძლევს სახელი გაუტეხოს ყრილობის კომისიას. ყრილობაზე ავრცელებენ ცილისმწამებლურ, შავრაზმული შინაარსის ანონიმურ ფურცლებს, რომლებიც უკუღმართულად წარმოგვიდგენენ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესს,რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიციას, რომელიც რა თქმა უნდა ვერ დააკმაყოფილებს ზოგ-ზოგების ვნებათაღელვას, რეპრესიების ნოსტალგიით რომ არიან შეპყრობილნი და ამიტომ, სამწუხაროდ, მეტად ჭირს ყოველივე ზემოთთქმულისთვის ობიექტური პარლამენტური შეფასების მიცემა.

არავის აქვს უფლება ბრალი დასდოს ერს! მხოლოდ ხალხი შეიძლება იყოს საკუთარი თავსი ობიექტური და სამართლიანი მსაჯული! სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს დელეგაცია სრულ უნდობლობას უცხადებს სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებს და კატეგორიულად მოითხოვს შეიქმნას ახალი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაექვემდებარება სამოქალაქო იურისტებს. ამ ჯგუფში აუცილებლად უნად შევიდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც!

სულ უფრო მეტად გვეუფლება გრძნობა: ხომ არავინ ცდილობს კვლავ მკვეთად გაამწვავოს ვითარება საქართველოში?!ამიტომ ამ მძიმე ჟამს მინდა ვთხოვო ჩემს ხალხს და მოვუწოდო – ნუ აჰყვება პროვოკაციას, გამოიჩინოს თავშეკავება, სიბრძნე და შეინარჩუნოს ის ღირსება, რომლითაც ყოველთვის იყო გამორჩეული.”