ტეგები

,


1989 წლის ბოლოს  სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარება სერიოზულად დაიძაბა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგაცნობთ იმ პერიოდის ერთ საინტერესო მიმართვას..

„ირონ ასოციაცია რასდძინად“ -ის  (ოსთა ასოციაცია სიმართლე)  მიმართვა საქართველოში მცხოვრებ ყველა ოსს, საქართველოს სახალხო ფრონტს და ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტს
SONY DSC“ქართველთა და ოსთა საუკუნოვანმა ძმობამ მრავალ გამოცდას გაუძლო. მრავალი ბასიანი და დიდგორი გადაიხადეს ჩვენმა წინაპრებმა, ჭირშიც და ლხინშიც ერთად ყოფნა ექცათ ცხოვრების წესად. ახლა, კვლავ უნდა გავიხსენოთ ეს წესი, რადგან ისევ იბრძვის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, მაგრამ რა გვემართება, რატომ მივუშვირეთ ერთმანეთს მტრისათვის დასამიზნებელი თოფები? მიზეზი უნდა გაირკვეს, დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს წინაპართა ხსოვნის, კაცისა და მომავლის წინაშე. ჩვენი წარსული მოგვიწოდებს მივხედოთ, მივეპატრონოთ ერთიმეორეს, სხვის დასაცინად ნუ გავიხდით საქმეს, სირცხვილია, ნათესავების ჩხუბი თვითმკვლელობაც არის.

გაუგებრობით მოხდა 23 ნოემბრის ამბავი, განუყოფელი სათაყვანებელი მამულის შვილები ვართ. მას შემდეგ არ ცხრება ვნებათაღელვა, აირია ჭორი და მართალი, ოსი პაპა თავის ქართველ შვილიშვილს დარდობს, ქართველი ქალი თავის ოს ქმარს. ისევ საერთოა დარდი, მაგრამ ამჯერად ერთიმეორისათვის ჩვენგანვე გაჩენილი.არ შეიძლება ასეთი უზნეობა, არაბუნებრივია ასეთი მტრობა. ემოციებით დაბრმავებულნი უფსკრულისაკენ მივექანებით, მერედა რატომ, რომელ მიწაზე ვდაობთ და ამ მიწაზე საქართველოს ოსების მოსახლეობას?

osi papaნუთუ უნდა გადავყვეთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო, ვაიპატრიოტის გამოხდომებს და უსაგნო და უაზრო დავას? რა გვაქვს გასაყოფი და გასარკვევი, ოსი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს დამოუკიდებლობაში ხედავს თავის ბედნიერებას და ქართველების გვერდით დადგება პირველივე მოწოდებისთანავე. ეს არის ჩვენი გზა, მანამდე კი ყველამ ერთად, სანამ კიდევ დროა, მოვუხმოთ გონიერებას, ცისკენ აღვმართოთ ერთიმეორისთვის სამარცხვინოდ მიშვერილი თოფები და ჩვენი შერიგების და ჩვენი ძმობის შეურყვნელობის აღსანიშნავად დავაქუხოთ. ჩვენი ძალა და გამბედაობა საქართველოს ბედნიერებას მოვახმაროთ. დავუბრუნდეთ ჩვენს სადროშოს, როგორც ეს იყო დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის დროს, ამიტომ, „ირონ ასოციაცია რასდძინად“ („ ოსური ასოციაცია სიმართლე“) საჭიროდ თვლის სასწრაფოდ, საჯაროდ გაიმართოს დიალოგი სამხრეთ ოსეთის მშრომელებთან იმ კარის გახსნისთვის, რომელიც საუკუნეობრივად ყოველთვის ღიაა ქართველთა და ოსთა შორის.”

საქართველოში მცხოვრების ოსების ეს მიმართვა 1989 წლის ბოლოს გამოქვეყნდა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში უკვე დაღვრილი იყო  სისხლი. “ადამონ ნიხასის” 1989 წლის აქტივობები, მისი მოთხოვნები, ცხინვალისკენ ქართველების 15000 -იანი მსვლელობა და ცხინვალის შესასვლელთან შექმნილი დიდ დაძაბულობა წინა “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გაგახსენეთ. ახლა იმის შესახებ, თუ როგორ მწიფდებოდა დაპირისპირება საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი რგოლების დონეზე.

1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. პროგრამით განისაზღვრა სახელმწიფო ენის გამოყენება რესპუბლიკის პარტიულ, საბჭოთა, ადმინისტრაციულ სამეცნიერო -სასწავლო და სხვა დაწესებულებებში. საპასუხოდ, 1989 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომმა მიიღო დადგენილება ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, 26 სექტემბერს კი სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთერთმეტე სესიამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მოსთხოვა საქართვლოს სსრ კონსტიტუციის 78 -ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: „სამხრეთ ოსოეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა.“

მას შემდეგ რაც ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპოტატთა საბჭოს საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ამაღლების შესახებ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნა გამოაცხადა, თან მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამავე სესიაზე მიიღეს ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ კანონიც, რომლითაც ავტონომიურ ოლქში ოსური ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადეს.ეს ყველაფერი 10 ნოემბერს მოხდა.1989 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღელსი საბჭოს პრეზიდიუმმა ცხინვალში მიღებული გადაწყვეტილებები გააუქმა.