ტეგები

,


“თავისუფლება ნიშნავს არა იმის კეთებას, რაც მოგეპრიანება, არამედ უფლებას აღასრულო შენი ვალი. თუ თავისუფლებას არ აქვს მიზანი, თუ იგი არ ცნობს ადამიანის სულზე აღბეჭდილ ზნეობრივ კანონს და ყურს არ უგდებს სინდისის ხმას, მაშინ იგი საზოგადოებასა და კაცობრიობას უპირისპირდება.” იოანე პავლე მეორე

papi 2წინამორბედებისგან განსხვავებით, პაპი იოანე პავლე II უფრო მეტად პოლიტიკური მოღვაწე იყო და ის თავის თანამედროვე ლიდერებთან ერთად მსოფლიო რეალობას ცვლიდა. რომის პაპის 1979 წლის გამოსვლას ვარშავაში, ბევრი მიიჩნევს კომუნისტური სისტემის რღვევის დასაწყისად.

Pope John Paul II„ 1979 წელს პოლონეთში რომ ჩამოვიდა გვითხრა: „არ შეშინდეთ!“ და მიგვანიშნა, რომ მხარი არ უნდა დაგვეჭირდა კომუნისტური რეჟიმისთვის. მომდევნო წელს გდანსკში  მოძრაობა სოლიდარობა შეიქმნა.კომუნისტური რეჟიმი უნდა დანგრეულიყო და ის დაინგრეოდა იოანე პავლე მეორის გარეშეც, მაგრამ მგონია დრო ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის და რომ არა იოანე პავლე მეორე, კიდევ ერთ თაობას მაინც მოუწევდა კომუნისტურ სისტემაში ცხოვრება,“ –  პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბრონისლავ გერემეკის ეს სიტყვები “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაშია მოყვანილი. სტატია პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებაში იოანე პავლე მეორის როლს ეხება.

ვოიცეხ იარუზელსკიმ 1981 წელს პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლონეთის ამ ყოფილმა ლიდერმაც აღიარია იოანე პავლე მეორის უდიდესი როლი პოლონეთში კომუნიზმის დამარცხებაში. „მის გარეშე პოლონეთი თავისუფალი ვერ იქნებოდა,“ – ეს უკვე პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის სიტყვებია.

“აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლების გარეშე მსოფლიოში მშვიდობა ვერ იქნებოდა.აქ კი უპირველესი პოლონეთის პრობლემა გახლდათ, სადაც ლეხ ვალენსას ხელმძღვანელობით „სოლიდარობის“ მიერ აგორებული გამანთავისუფლებელი მოძრაობა უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ტრადიციული საბჭოთა შეფასებით დესტაბილიზაციის დიდ წყაროდ რჩებოდა.” – იხსენებს თავის მემუარებში ედუარდ შევარდნაძე და განაგრძობს: “ამ გამწვავებულ ვითარებაში პოლონეთის პირველი პირი გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი გახლდათ, საბჭოთა ჯარის სკოლაგამოვლილი კადრის ოფიცერი… ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი იარუზელსკისთან, რომელსაც ერთადერთი თხოვნა ჰქონდა – ჯარები არ შეგვეყვანა პოლონეთში. ჯარების შეყვანის წინააღმდეგი იყო გორბაჩოვიც. მეც ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო. ვატიკანშიც ჩავედი, რომის პაპთან, იოანე პავლე მეორესთან, წარმოშობით პოლონელთან. მას უდიდესი გავლენა ჰქონდა პოლონეთზე, მის ერთ სიტყვას შეეძლო შეეჩერებინა სამოქალაქო ომის დაწყება. მართლაც, იოანე პავლე მეორე პოლონეთში ჩავიდა და სამოქალაქო ომის საშიშროება ჩააცხრო.

papi 1იარუზელსკი მშვიდობიანად წავიდა, პოლონეთი თავსმოხვეული რეჟიმისგან გათავისუფლდა და დემოკრატიული ქვეყანა გახდა. იოანე პავლე მეორემ განსაკუთრებული როლი შეასრულა არა მარტო პოლონეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაში, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთულესი საკითხების გადაწყვეტაში.”

1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით დაემხო კომუნისტური რეჟიმები. ამ პროცესს იმედებით უყურებდნენ საქართველოდან. პროფესორი გურამ ყორანაშვილი აღმოსავლეთ ევროპის ხავერდოვანი რევოლუციების შეფასებისას ასეთ მოსაზრებას გამოთქვამდა: “ჩვენი მომავალი ეროვნული თავისუფლება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეიგნებს რუსი ხალხი იმპერიალისტური ამბიციების უსაფუძვლობას და უნაყოფობას. აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებით რუსების ცნობიერებაში სათანადო ძვრები მოხდება. რუსეთი იძულებულია შეეგუოს აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას. უახლოეს წლებში იგი შეეგუება იმასაც, რომ დათმოს საკუთრივ იმპერია, ხელი შეუწყოს ამ ახალ „ხალხთა საპყრობილეში“ მყოფი ერების გათავისუფლებას. არ გამიგოთ, თითქოს მთავარ იმედს მხოლოდ ამაზე ვამყარებდე, ბევრი რამ ჩვენზეც, არარუს ხალხებზეც არის დამოკიდებული. ღმერთმა ქნას ქართველები იმპერიის არარუსი ხალხების ავანგარდში ვყოფილიყავით..” ( ეს მოსაზრება მოყვანილია გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” 1989 წლის ერთ-ერთ ნომერში)