ტეგები

,


                                                გია ნოდია

ნოდია1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველო იყო ნიმუში ქვეყნის, სადაც ერთის მხრივ, იდეალურად, აზრის დონეზე  კომუნისტური ტოტალირიზმი უარყოფიია, მაგრამ, მეორე მხრივ ვერ შეიქმნა სამაგიერო პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს კონსტრუქციულ ალტერნატივას შესთავაზებდა, რომელსაც ხალხი ქვეყნის მართვის ფუნქციას მიანდობდა. ამიტომ არ ჩანს პერსპექტივა ძველი სისტემის რეალური უარყოფისა,” – წერდა გია ნოდია თავის სტატიაში “კომუნიზმის შემდეგ” და იქვე გამოთქვამდა შეხედულებას, რომ მის მიერ აღწერილ ვითარებაში მაშინდელი ხელისუფლება შესანიშნავად გრძნობდა თავს. ამ საინტერესო სტატიის ერთ ნაწილს ვრთავთ ჩვენს პროექტში – გარდამტეხი – 1989 წლის გასახსენებლად.

pasporti“9 აპრილამდელი ხელისუფლება სწორხაზოვნად და პრიმიტულად მსჯელობდა: ჩვენ გვებრძვიან, ამიტომ ჩვენც უნდა ვებრძოლოთ. კონფრონტაციის მწვერვალი შეიქმნა 9 აპრილის ღამე, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური დამარცხება აღმოჩნდა. ახალმა ხელმძღვანელობამ აირჩია მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მოქმედების წესი: „გვებრძოლონ, ჩვენ კი ნუ შევებრძოლებით.“ მთავრობის მიერ ამ პოზიციის დაკავებამ სულ მალე თვალსაჩინო გახადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ სიმბოლურ-იდეალური და არა რეალური ბრძოლის უნარი გააჩნია. რაკი კომუნისტური იდეის ფანატიკოსები ხელისუფლებაში დიდი ხანია აღარ არიან, კომუნისტურმა პარტიამ იოლად დათმო იდეოლოგიური სფერო, რათა სამაგიეროდ რეალური ძალაუფლება შეენარჩუნებინა.მან ოპოზიციას, თითქოს, „ხელშეკრულება“ დაუდო: გვლანძღეთ, გვთათხეთ (მათ შორის ჩვენსავე პარტიულ პრესაში), კომუნისტების ძეგლები ჩამოიღეთ, ქუჩებს სახელები გადაარქვით, იშიმშილეთ და იმიტინგეთ, იარაღიც აისხით, ერთი-ორი შენობაც დაიკავეთ, რეალური ძალაუფლება კი ჩვენი იყოსო. ერთან, რომელიც მართლა მზადაა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ასეთი თამაში, ცხადია, იმთავითვე წაგებული იქნებოდა. ხალხი მყისვე შექმნიდა რამდენიმე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას, ჩაატარებდა არჩევნებს და ძველ ხელისუფლებას (რაგინდ კარგი ადამიანებისგან ყოფილიყო იგი შემგარი) წარსული ცოდვების მოსანანიებლად პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე მოაქცევდა. მაგრამ, ჩვენში შექმნილი თავისუფლბა ოპოზიციამ მხოლოდ საკუთარი უსუსურობის გამოსააშკარავებლად გამოიყენა. თუკი ჩავთლით, რომ ხელისუფლების მოქმედება ოპოზიციის მიმართ გარკვეული რაციონალური გათვლის შედეგია, ის შესანიშნავადაა გათვლილი. რაკი ოპოზიციას სინამდვილეში აერთიანებდა არა პოლიტიკური იდეა ( საზოგადოდ „დამოუკიდებლობა“ და „დემოკრატია“ მხოლოდ სიტყვებია), არამედ რაღაცის წინააღმდეგ ბრძოლის რომანტიკა, ის გარედან წინააღმდეგობას რომ აღარ წააწყდა ( გარდა იმისა, რომ თბილისში ლენინის ძეგლი არ ჩამოაღებინეს), თავის შიგნით არსებული ფრაქციების ბრძოლის ასპარეზად იქცა. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია ჩემი აზრით არასწორი შეფასება ჩვენი ოპოზიციის გაჭირვებისა: ოპოზიცია სუსტია იმიტომ რომ მისი ფრაქციები ერთმანეთს ებრძვიან. მე მგონი პირიქით უნდა ვთქვათ: ოპოზიციის ფრაქციები იმიტომ ებრძვიან ერთმანეთს ასე შეურიგებლად, რომ მთლიანად ოპოზიციამ დამოუკიდებლად პოლიტიკური მოქმედების უნარი ვერ გამოამჟღავნა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: ადამიანთა რაღაც ჯგუფი რომ ხედავს არაფრის გამკეთებლები არა ვართო, ერთმანეთს უწყებს ჩხუბს. ამ პირობებში კი ფრაქციათა ურთიერთშერიგების პოპულარული მოთხოვნა უაზრობად იქცევა. 15 ივნისის „თბილისში“ დაიბეჭდა პატარა წერილი სათაურით „ხალხი დაიღალა.“ საშუალო მოქალაქის დონეზე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მახასიათებელი სწორედ დაღლილობა და აპათიაა. დაღლილ და აპათიურ ხალხს კი როგორც ისტორია გვიჩვენებს უჩნდება ძლიერი ბელადის სურვილი. დაღლილ ხალხს უნდა რომ თავისი ბედი“ ძლიერ პიროვნებას“ ჩააბაროს, რომელსაც უსაზღვროდ მიენდობა. იგი აღარ კითხულობს სად წაიყვანს ბელადი, მთავარია თვითონ მას თავი გაანებონ, არ მოსთხოვონ: აირჩიე, გადაწყვეტილება მიიღე, ტვინი გაანძრიეო. ეს განწყობილება, ცხადია, ერთადერთი არ არის და არსებული ხელისუფლებაც არ არის დაინტერესებული ახალი ანტიკომუნისტური ბელადების გაჩენით, მაგრამ, პოსტკომუნისტური საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხე ჩვენთვის ძალაშია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. კომუნისტური იდეოლოგია მოკვდა, რა მოდის მის მაგივრად?”