ტეგები

,


პოეტ ამირან კალაძის   1989 წლის  17   დეკემბრის  გამოსვლა  პროგრამა „მოამბეში.“

ღია წერილი ვლადიმირს!

“ამ ცოტა ხნის წინათ მწერალთა კავშირში გამართულ თავყრილობაზე ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა სინანულშერეული გულწრფელობით იკითხა – ნუთუ ამ ხნის კაცი ისე უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, საქართველოს ეროვნული შემოსავალი ვერ უნდა გავიგოო.. ერთადერთი რითაც კოლეგებმა მისი დამშვიდება შეძლეს ის იყო, რომ საიდუმლოდ გაანდეს, თქვენ კი არა, მაგას ვერცერთი ქართველი ეკონომისტი ვერ გაიგებსო.

ამირანდა აი, სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე 15 დეკემბერს ყველას გასაგონად მსგავსი სინანული გამოთქვა ერთმა მწერალმა, ოღონდ ამჯერად რუსმა – ვასილი ბელოვმა. რაშია საქმე ბოლოს და ბოლოს? –  გაბრაზებით იკითხა მან, რა ამბავია, დღისით მზისით რომ გვყლეფენ, სად არის განმკითხავი, ეს რა სიმდიდრე მიედინება რუსეთიდან საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიო? და იქვე ჩამოთვალა მისთვის ცნობილი რესურსები, რომელსაც თურმე რუსეთი თავის თავს აკლებს და ჩვენ გვჩუქნის.. ბოლოს კი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის ტაშის გრიალია. მანვე მთავრობას მოსთხოვა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც ბოლო და ბოლოს დაიანგარიშებს რუსეთის „ძღვენს“ „მოძმე“ რესპუბლიკებისადმი. სხვისი არ ვიცი და მე პირადად ამდენ ხანს გულწრფელად მებრალებოდა უბრალო რუსი კაცი, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდამ ათეული წლების მანძილზე უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა – აბა როგორი გასაძლებია, გათენებიდან შუაღამემდე პრესით, რადიოთი და ტელევიზიით გამუდმებით გიძახონ: შენ აჭმევ ყველას! შენ აცმევ ყველას! შენა ხარ რაცა ხარო და მის დასტურად ვლადიმირიც ( დაიპყარ მსოფლიო) დაგარქვან!გასჭრა პროპაგანდამ. დაიჯერა და დაიწყო გულზე ხელების ბრაგუნი.. დაიჯერა და ქედმაღლურად დაგვიბრიალა თვალები!

და რაოდენ დასანანია, რომ ამ შოვინისტური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა ისეთი ნიჭიერი მწერალი, როგორიცაა ვასილი ბელოვი, რომელმაც გულუბრყვილოდ ირწმუნა, რომ მართლა ერთი აჭმევს თოთხმეტს! ახლა ისღა უკვირს, იმ გაუმაძღარ „ნახლებნიკებს!“ რატომ არ სჯერათ ეს, რატომ ლოცვა-კურთხევას არ აღუვლენენ მამას და მარჩენალს!

ასეა თუ ისე, მე ერთი რიგითი ქართველი სიამოვნებით ვუჭერ მხარს ვასილი ბელოვის წინადადებას. მოდით მართლა შევქმნათ ასეთი კომისია და გავიგოთ ბოლოს და ბოლოს ვინ ვის ინახავს ჩვენს „ცენტრალიზებულად“ გაღატაკებულ ქვეყანაში. იქნებ მაშინ მაინც გაიგოთ, რას ვყიდილობთ და რას ვყიდით, რას გვჩუქნიან და რას ვჩუქნით.. იქნებ ამასობაში საავიაციო ქარხნის და მისთანების საიდუმლოსაც ჩავწვდეთ, ქარხნები აგიშენეთო რომ გვაყვედრიან და „თბილისი“ მარტო სახელად რომ ჰქვია! თავად განსაჯეთ – ერთი ფრთა რომ ხარკოვიდან ჩამოვა, მეორე კამჩატკიდან, კუდი იაკუტიიდან, ბორბალი ფრუნზედან, მუშახელი როსტოვიდან, აწყობილი თვითმფრინავი კი მოსკოვს ჩაბარდებ, ვისი ყოფილა ეს ქარხანა? რამდენი ქარხანა ბოლავს და გუგუნებს ასე „ცენტრალიზებულად“ კიშინიოვში, ტალინში,რიგაში, ტაშკენტი?!

ასე რომ, რაკი ამდენ ხანს ჩვენ ვერ გავბედეთ დამთვლელ – დამაანგარიშებელი კომისიის მოთხოვნა, მწერალ ბელოვს მაინც დავუჭიროთ მხარი თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს დეპუტაციის პასიურად აგრესიული უმრავლესობაც ( ზ. ყურაშვილი, ჯ, გუგუჩია, თ, მენთეშაშვილი, თ, სპანდერაშვილი) დაგვეთანხმება!

კეისარს კეისრისა! ვლადიმირს – ვლადიმირისა! ჩვენ – ჩვენი!
ყველას თავისი მოახმაროს ღმერთმა მშვიდობაში!”