molotovსაინტერესო ფაქტი მოხდა 1989 წლის 24  დეკემბერს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. სახალხო დეპუტატთა ყრილობამ  მიიღო დადგენილება  –   საბჭოთა კავშირსა და  გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შესახებ, 1939 წელს გაფორმებული  შეთანხმების ( მოლოტოვ – რიბენტროპის პაქტი)  პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების თაობაზე. დადგენილებაში ჩაიწერა:  სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობა  გმობს 1939 წლის 23 აგვისტოს, საბჭოთა კავშირსა და  გერმანიას შორის დამატებითი საიდუმლო ოქმის, ასევე სხვა საიდუმლო დოკუმენტების ხელმოწერის ფაქტს და  მათ  ცნობს ბათილად. აღნიშნული დოკმენტები  არ ქმნიდა ბალტიისპირა სამ  რესპუბლიკასთან სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს.  სტალინის და მისმა გარემოცვამ ისინი ძალისმიერი ზემოქმედებისთვის  და აღნიშნული რესპუბლიკების წინაშე საბჭოთა კავშირის მიერ ნაკისრი  სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევისთვის გამოიყენა.

საბჭოთა კავშირის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა –  ედუარდ შევარდნაძემ – თავის მემუარებაში აღწერა ის, თუ როგორ მივიდნენ  საბჭოთა რუსეთში ზემოთხსენებული დადგენილების მიღებამდე.

 

                  დაკარგული პაქტის ძიებაში

edika“მინდა “მოლოტივ -რიბენტროპის“ პაქტს ისევ დავუბრუნდე.

თუ გვსურდა „პერესტროიკას“ ეცოცხლა, თუ გვსურდა მსოფლიოს დაეჯერებინა ჩვენთვის, პაქტი თავის საიდუმლო ოქმიანად უნდა გამოგვექვეყნებინა და შესაბამისად, შეგვეფასებინა კიდეც.

დაუჯერებელია, მაგრამ თავად პაქტისა და ოქმის დედანი არსად ჩანდა. როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება, მაგრამ ვერ მოვძებნეთ – უკვალოდ გაქრა.

გორბაჩოვთან შეთანხმებით საგანგებო კომისია შევქმენი, ჩემი მოადგილის, აკადემიკოს ილიჩოვის მეთაურობით. მას უნდა გაერკვია ყველაფერი და შესაბამისად, წინადადებები წარმოედგინა…

სამწუხაროდ დედნებს ვერა და ვერ მიაკვლია, დედნების გარეშე კი ყველა მსჯელობა და რაიმე გადაწყვეტილების მიღება იურიდიულად არასამართლიანი იქნებოდა. დედნის შესაბამისი ეგზემპლარები სავარაუდოდ გერმანიაშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ( იმ დროს) ვერც იქ ჩატარებულმა  მოკვლევამ გამოიღო სასურველი შედეგი.

ბოლოს კომისიამ დაიწყო იმ თანამშრომელთა მოძებნა, რომლებიც პაქტის ხელმოწერის დროს სამინისტროში მუშაობდნენ და  შეიძლება რაიმე სცოდნოდათ და აქ უცნაური რამ გაირკვა: როდესაც ვიაჩესლავ მოლოტოვი მინისტრობიდან გაათავისუფლეს, თურმე მან ერთადერთი, რაც წასვლის წინ მოიკითხა, სწორედ პაქტი და ოქმი იყო. ამის შემდეგ ორივე გაქრა, როგორც ჩანს მოლოტოვმა წაიღო.

საბოლოოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ცნობა, რომელიც ადასტურდებდა პაქტისა და ოქმის არსებობას,  თუმცა მასში ისიც იყო აღნიშნული, რომ დედნები ვერ იქნა აღმოჩენილი და მათზე მხოლოდ ასლების მიხედვით უნდა გვემსჯელა..

მიხეილ გორბაჩოვმა საკითხის განხილვა ლუკიანოვს გადაულოცა, რა თქმა უნდა საფუძვლად იაკოვლევის ის მასალა გამოიყენეს, რომელიც  თავის მხრივ ილიჩოვის კომისიის მიერ მომზადებულ  საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას ემყარებოდა.

საკითხის განხილვა წინააღმდეგობრივად მიმდინარეობად. პირველ სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა სწორედ დედნების უქონლობის გამო დასკვნას მხარი არ დაუჭირა. შემდეგი კენჭისყრა კიდევ რამდენჯერმე გაიმართა. იყო ზემოქმედება დეპუტატებზე, რაკიღა ილიჩოვის საწყისი დოკუმენტიც არ გამორიცხავდა პაქტისა და დედნის არსებობას, იაკოვლევის მოხსენების დასკვნები გაზიარებულ იქნა.

ribenსაბჭოთა რუსეთის პარლამენტმა დაადასტურა , რომ ბალტიისპირეთი 1939 წელს სტალინის და ჰიტლერის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ბალტიისპირელები კმაყოფილები იყვნენ საკითხის ასე გადაწყვეტით. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ბალტიიპირელთა  ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ახლა მათი მოთხოვნა მხოლოდ  კონფედერაციით აღარ შემოიფარგლებოდა. დღის წესრიგში ამ რესპუბლიკების სრული დამოუკიდებლობა დადგა. ეს კი მხოლოდ მათ კი არა, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებსაც აძლევდა ძლიერ სტიმულს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

რაც  შეეხება პაქტის და  ოქმის დედანს- ისინი მაინც , საგანგებო ძებნის შემდეგ, გერმანიაში აღმოჩნდა. ქვეყანაში, სადაც სათუთად უფრთხილდებიან ისტორიის ყოველ ფურცელს.”

ედუარდ შევარდნაძე