ტეგები

, , ,


1989 წლის ნოემბერში  სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარება სერიოზულად დაიძაბა. პირველი სისხლიც მაშინ დაიღვარა. ცხინვალში „წითელ ეკლესიასთან“ 25 ნოემბერს მოკლეს ნიკო თეგაშვილი. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” წაიკითხავთ 1989 წლის ნოემბერში,  ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ  მასალას, რომელშიც ცხინვალში და მის მოდამოებში მაშინ შექმნილ მძიმე ვითარებას ნოდარ ნათაძე, ზვიად გამსახურდია და შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე აღწერენ.

1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭომ საქართველოს უმაღლეს საბჭოს მიმართა მოთხოვნით რეგიონისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რაც ოსურმა ორგანიზაციამ ”ადამონ ნიხასმა” თავისი რადიკალური მოთხოვნების წამოსაყენებლად გამოიყენა. ოსი სეპარატისტების მოთხოვნებს შორის მაშინ გაჩნდა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების მოთხოვნაც.

1989 წლის 23 ნოემბერს ეროვნული მოძრაობის ლიდერების მოწოდებით 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა: “ისტორიულ მიწა- წყალზე ქართველი მოსახლეობის ეროვნული და ადამიანური უფლებების დაცვისა და ეროვნებათშორისო ურთიერთობების საკითხების’ მოგვარების მოწოდებებით მშვიდობიანი მიტინგის ჩასატარებლად. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა სამხედროებმა გადაუღობეს.

მივყვეთ 1989 წლის პრესაში შემონახულ მასალას. მასში  დეტალურად აღწერენ დღეს, რომელმაც აჩვენა, რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოში მეორე დიდი ნაღმი იწყებდა ამოქმედებას.

კრემლის მიერ შემუშავებული სცენარები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ანუ როგორ შეხვდნენ ოსები მშვიდობიან მომიტინგეებს

kremli23 ნოემბერს უნდა გამართულიყო ქართველი საზოგადოებრიობის მშვიდობიანი მიტინგი ცხინვალში, აქამდე რამდენიმე შეხვედრა შედგა ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მოითხოვდნენ მიტინგის გადადებას. ცხინვალის ქართველი მოსახლეობის მოთხოვნითა და თხოვნით მიტინგი არ გადაიდო. 23 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაიძრა ხალხი ცხინვალისკენ. იმ დღეს ქართლის სოფლებში, ცხინვალის მიდამოებში, ამ ძირძველ ქართულ მიწაზე მართლაც ამაღელვებული განწყობილება სუფევდა. მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ცხინვალისკენ ხალხი მშვიდობიანი და მეგობრული მისიით მიემართებოდა, მაგრამ მიტინგი არ შედგა. ამან განსაკუთრებით დაძაბა მდგომარეობა.

ვითარებას ამწვავებდა ისიც, რომ მშვიდობიანი მისიით ჩასულ მომიტინგეებს ცხინვალის ოსი მოსახლეობის ნაწილმა ტრანსფარანტებით – „ოსეთი იყო, არის და იქნება საბჭოთა!“ ( ღმერთმა შეარგოთ ოსებს თავიანთი სამშობლოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა, მაგრამ ქართულ მიწებს რას ერჩიან?!) და ლენინის სურათებით „ხელდამშვენებულებმა“ ცხინვალის მისადგომებთან გადაუკეტა გზა. მას ზურგს უმაგრებდა ჯარი. ასეთ დაძაბულ, საშიშ სიტუაციაში საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ მაინც მოახერხა ცხინვალში შესვლა და მცირე მიტინგიც ჩაატარა, მიმართა ოს მოსახლეობას, მაგრამ გაავებულ ბრბოს არაფრის მოსმენა არ სურდა. მას „ვიღაცის“ მიერ მკაცრად ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ ქართველები ოსების დასარბევად მიდიოდნენ.

ერედვიშემდეგ დღეებში ვითარება სულ უფრო დაიძაბა. სოფლებში გაჩნდა ოსი და ქართველი მოსახლეობის პიკეტები, მოხდა შეიარაღებული შეტაკებები. ჯარის ნაწილებს აშკარად ანტიქართული პოზიცია ეჭირათ, ისინი დაუფარავდ იცავდნენ ოს ექსტრემისტებს, ანიარაღებდნენ და აკავებდნენ ქართველებს. „ადამონ ნიხასის“ წარმომადგენლებმა და მათ ფეხის ხმას აყოლილმა ოსმა მოსახლეობამ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა აგრძნობინა ჯარისკაცებს. შეიარაღებული ოსები ცხინვალში თავს ესხმოდნენ ქართველთა ოჯახებს, ძარცვავდნენ ბინებს, ცხინვალში „წითელ ეკლესიასთან“ 25 ნოემბერს მოკლეს ნიკო თეგაშვილი. ქართული მილიცია ყველაფერს აკეთებდა ვითარების ნორმალიზაციისთვის, მაგრამ მას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, ხშირშემთხვევაში, ჯარი უპირისპირდებოდა მილიციის თანამშრომლებს, აკავებდა და ანიარაღებდა მათ. სამაგიეროდ ოსი ეროვნების მილიციის თანამშრომლები წარმატებით ეწეოდნენ ანტიქართულ პროპაგანდას და საქმიანობას, აიარაღებედნენ ოს მოსახლეობას. ამჟამად ვითარება შედარებით სტაბილურია. 23 ნოემბრის მიტინგის შესახებ თავის აზრს გვიზიარებენ: საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე და ბატონი ზვიად გამსახურდია.

ნოდარ ნათაძე: 22- ში ვიყავი ცხინვალში. შევხვდი პედინსტიტუტის ქართველ და ოს თანამშრომლებს, საოლქო კომიტეტში – ოს ინტელიგენციას. საუბარში რა თქმა უნდა მონაწილეობდნენ ქართველებიც.

პუპუჩემი ჩასვლის მიზანი იყო ჩამეტანა მიმართვის ტექსტი, რომელსაც ხელს აწერდა „საქართველოს ეროვნული მოძრაობა“ და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ და ოსებს ძმობა გვჭირდება, როგორც ჰაერი. ნათქვამი იყო, რომ ცხინვალელმა ოსებმა უნდა განუმარტონ თავის შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ქართულ მიწაზე ცხოვრობენ და ქართველი ერის ინტერესთა პატივისცემა მართებთ. ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქართველს არასდროს არ შეუზღუდავს ოსისათვის საქართველოში ცხოვრების უფლება და არც არასდროს შეუზღუდავს მას. ყველა ოსმა, ვინც კი წაიკითხა ეს მოწოდენა ოსი ხალხისადმი, პირველი წაკითხვისას დიდი მოწონება გამოთქვა, მეორე წაკითხვაზე ბევრმა „პატარა რედაქცია“ ისურვა, რადგან მათი აზრით, ფრაზას -” ქართულ მიწაზე ცხოვრობენ“ – შეიძლება ზოგ -ზოგში „გაღიზიანება” გამოეწვია. ჩვენი პასუხი იყო: “მე როცა ვამბობ, რომ ჩემი მიწა ჩემი მიწაა და ჩემი ცოლი ჩემი ცოლია, თუ ეს ვინმეს აღიზიანებს, მე მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.” ასე იყო თუ ისე, მე ვთხოვე პედინსტიტუტის თანამშროლებსაც და საოლქო კომიტეტის თანამშრომლებსაც, ამ მიმართვის სამასიოდე ასლი, რომელიც ჩატანილი გვქონდა, ხალხში გაევრცელებინათ. ახლაც მგონია, რომ ეს საჭირო იყო, რადგან იქ ნათლად იყო ნათქვამი, რომ ხვალინდელი მიტინგი ძმობისა და მშვიდობის მატარებელი იქნებოდა. გაავრცელეს თუ არა მათ ეს მიმართვა, დღემდე არ ვიცი.

მოწოდება23-ში თბილისელი მომიტინგეები რომ ცხინვალისკენ მივდიოდით, სოფელ ერგნეთთან, ცხინვალიდან ოთხიოდე კილომეტრის მანძილზე, გზა გადაკეტილი დაგვხვდა ჯავშანტრანსპორტიორით. მე დაბლა, მინდორში ვიდექი დაახლოებით ერთი საათის მანძილზე და ლაპარაკში ვიყავი გართული. გავიგონე, ზემოდან რომ თქვეს, გზა გახსენო და ხალხი ავტობუსებით ცხინვალისკენ გაემართა. ხალხის მიერ კორდონის ძალით გადალახვა არ შემიმჩნევია. არც შესაბამისი ხმაური გამიგონია. ცხინვალისკენ ფეხით რომ მივდიოდით, გადაგვისწრო ჯავშანტრანსპორტიორმა, რომელიც მანამდე გზას კეტავდა. ცხინვალის შესასვლელში, ხიდთან, ქალაქს ადამიანთა 5-6 ათასიანი მასა კეტავდა. მას წინ ედგა ფარიანი ჯარისკაცების ერთი მწკრივი. ჯარისკაცების წინ 30 -იოდე მეტრი დაკავებული იყო აგურით დატვირთული დიდი „კრაზებით,“ ხოლო მათ წინ იდგა ერთურთში მკლავგაყრილი სამასიოდე კაცი, რომლებიც გზას კეტავდნენ. ისინი ამბობდნენ, ქალაქში ნუ შეხვალთ, თორემ იქ შეიარაღებული ექსტრემისტები არიან და მათ ქცევაზე პასუხს არ ვაგებთო.

ჯარისკაცებს და ამ ორას -სამას კაცს შორის, თანდათანობით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა. იყვნენ ჩემთვის უცნობი ადგილობრივი ადამიანები, იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი მოხელეები, იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბატონი გივი გუმბარიძე, მეც იქ გახლდით კარგა ხანს. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა გვიან ღამემდე. მე მგონი მისულებს რომ ის ორას-სამას კაციანი კორდონი გაერღვიათ, ხოლო შემდეგ ჯარისკაცებს და მათ უკან მდგომ მასას შერეოდნენ, ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. ხაზს ვუსვამ, ძალიან ცუდი, რადგან მსხვერპლს დიდი მასშტაბი ექნებოდა, როგორც შემდეგ გავიგე, გზიდან მარჯვნივ მდებარე ფერდობი, ზღუდელის ფერდობი, მომარაგებული საბურავებით, ბენზინით და ბენზინიანი ბოთლებით იყო სავსე.

შოთა გორგოძე: 23 ნოემბრის წინ ბევრი შეხვედრა გვქონდა როგორც საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან, ისე ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან. ჩემი აზრით, რადგან დაძაბული მდგომარეობა იყო, რადგან „ადამონ ნიხასმა“ მოწამლა საზოგადოებრივი აზრი, თითქოს ეს მიტინგი ოსების დასარბევად მზადდებოდა, ამიტომ მიტინგი არ უნდა ჩატარებულიყო.

პოლიციაჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ოსი ხალხისთვის აგვეხსნა მიტინგის არსი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენიმე დღეში ამის გაკეთება ძალიან ჭირდა. ოსი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეგვპირდნენ – ყევლაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოსი ხალხი მოვამზადოთ და ერთი თვის შემდეგ ჩავატაროთ მიტინგიო, „ადამონ ნიხასმაც“ ( გაზაევი) აღიარა თავისი შეცდომები, მაგრამ რადგან მიტინგი მაინც იმართებოდა, ჩვენ იქ ვიყავით და ვცდილობდით არაფერი მომხდარიყო. მიტინგი სოფელ ერგნეთთან უნდა გამართულიყო, ასე გვქონდა დათქმული. იქვე დავაყენეთ პოლიციის კორდონი, რომ ხალხს პატივი ეცა მილიციისთვის და ცხინვალისკენ არ დაძრულიყო. მე მივმართე კიდეც ხალხს, არაფერი გამომივიდა. მოითხოვეს ცხინვალიდან წარმომადგენლების მოყვანა, ჩვენ მივიღეთ ზომები და ცხინვალის ოსური მოსახლეობის ათიოდე წარმომადგენელი მოვიდა, ამასობაში ცხინვალელი ქართველები დაიძრნენ და კორდონს მიღმა აღმოჩნდნენ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ მიტინგის ცხინვალში გამართვას, ამ დროს აქედან დაძრული ხალხის ნაწილიც, კორდონს მიღმა აღმოჩნდა, ჩვენ გადაგვასწრეს. მეტი გზა აღარ იყო, გავხსენით კორდონი და შემდეგში იმდენი მოვახერხეთ, მაინც ხალხს ჩავდგომოდით სათავეში. ცხინვალთან კი, ქართველები მოდიანო და, ოსებს გადაეკეტათ გზა. სტადიონამდეც ვერ მივაღწიეთ, სადაც მიტინგის ჩატარებას ვვარაუდობდით, რადგან ქალაქის ცენტრში მაინც სახიფათო იყო. ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ჩავდექით, რომ არაფერი მომხდარიყო. ქართულ არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებისადმი პირადად მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ შეჯახება თავიდან ავიცილეთ. შემდგომში მთელი ჩვენი შემართება წარიმართა იმისთვის, როგორმე მიტინგი მაინც ჩატარებულიყო, მაგრამ ამაოდ. მიტინგის მოწინააღმდეგეები ოსებს შორის საკმაოდ იყვნენ. მდგომარება იძაბებოდა, ამიტომ მე გამოვიძახე შინაგანი ჯარები, რათა წესრიგის დაცვაში დაგვხმარებოდნენ. არაფორმალებმაც გადაწყვიტეს ცხინვალის შესასვლელთან ჩაეტარებინათ მცირე მიტინგი და ამის შემდეგ ხალხი უკან დააბრუნეს, შეხლა-შემოხლა აგვაცილეს.

ბატონო შოთა, იქნებ გაგვაგებინოთ, მაინც ვის ექვემდებარება საქართველოში განლაგებული შინაგანი ჯარები?
– საკავშირო შინაგანი ჯარები პირადად საბჭთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩვენს რესპუბლიკაში განლაგებული მისი უმნიშვნელო ნაწილი კი მე, მაგრამ ისევ საკავშირო მინისტრის მეთვალყურეობით.
ე.ი. ფაქტობრივად თქვენ მათი ხელმძღვანელი მაინც არ ხართ. როგორც თვით ჯარისკაცებმა აღიარეს, სწორედ მათ, ვინც შემდგომ დღეებში განსაკუთრებული აგრესიით იქცეოდა, როსტოვიდან იყვნენ ჩამოსული, ამაზე რას გვეტყვით?
– ჯარის მცირე ნაწილი მართლაც როსტოვიდან იყო ჩამოსული, შემთხვევით.  საერთოდ, როსტოვში მდებარეობს ამ ჯარის მთავარი სამმართველო, სწორედ ამ დროს ჩვენს რეპუბლიკაში ჩამოსული იყო ინსპექტირებაზე როსტოვიდან ერთ-ერთი ბატალიონი..
– და მაინც როგორ აფასებთ იმ დღეებში ჯარის მოქმედებას?
– ჯარი ყოველთვის როდი თამაშობს კარგ როლს, ამჯერადაც ასე მოხდა.

ზვიად გამსახურდია 23 ნოემბერს დავგეგმეთ მშვიდობიანი მიტინგის ჩატარება ქალაქ ცხინვალში საქართველოს ეროვნულ პრობლემებზე. ხელისუფლებასთან გვქონდა დიალოგი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იყო რაღაც წინასწარი შეთანხმება მიტინგის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამ დიალოგის დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ მივმართავდით ძალადობას არავითარ შემთხვევაში, თუ ცხინვალისკენ მიმავალ გზას გადაგვიკეტავდა მილიციის ან ჯარის კორდონი.

ზვიოროდესაც ჩვენ ერგნეთის გზა გადაგვიკეტა მილიციამ, ძალადობისთვის არ მიგვიმართავს. უბრალოდ წინადადება მივეცით შინაგან საქმეთა მინისტრს შოთა გორგოძეს  გაეხსნა გზა. მან მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ გახსნა გზა და ჩვენ დავიძარით ცხინვალისაკენ, მაგრამ ცხინვალის შესასვლელში, ზღუდელის მთასთან, კვლავ გადაგვეღობა მილიციის და ჯარის კორდონი, რომელიც ზურგს უმაგრებდა ცხინვალის ოსი მოსახლეობის კორდონს. ოსი მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ჩვენი ქალაქში შესვლის. დავინახეთ რა საფრთხე სისხლისმღვრელი შეტაკებისა, მოვერიდთ ძალის გამოყენებას, მითუმეტეს, ჩვენს წინაშე იდგენენ საბჭოთა ჯარისკაცები, ისევე როგორც ღალიძგის ხიდთან. ცხადი იყო რომ ძალადობით შესვლას ცხინვალში, მოჰყვებოდა პირველ რიგში ამ ჯარისკაცების მიმართ ძალადობა, ეს გამოიწვევდა ჯარის შემოყვანას და კომენდანტის საათს, რითაც შესრულდებოდა „ადამონ ნიხასის“ მიზანი, რომელსაც იგი მიელტვოდა. ამის გამო ზღუდელის მთასთან ჩავატარეთ მცირე მიტინგი და უკან დავბრუნდით. ეს სულაც არ იყო „სამარცხვინო უკანდახევა,“ როგორც ამას ზოგიერთი სახავს, არამედ ჰუმანური და გონივრული გადაწყვეტილება. ამან აგვაცილა ძმათამკვლელი ომი ქართველებსა და ოსებს შორის. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებო, ნაწილი ხალხისა იქ დარჩა და განაწილდა სოფლებში ქართველი მოსახლეობის დასაცავად და დღესაც იქ განაგრძობენ ყოფნას, უკან დაბრუნდა მხოლოდ ის, ვისი იქ ყოფნაც არ იყო საჭირო.

ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ ცხინვალისკენ გამოიწვია არნახული ეროვნული გამოღვიძება გორში და მთელს ქართლში, სადაც დღეს ეროვნული მოძრაობა არნახულად არის გააქტიურებული. დღეს ქართული მოსახლეობა აკონტროლებს მთელს სამაჩაბლოს, თავად ქალაქ ცხინვალის გამოკლებით, მაგრამ შორს არ არის დროს, როდესაც ცხინვალიც ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება.

ცხინვალის ექსტრემისტებს სტიმულს აძლევს და აძლიერებს როკის გვირაბის არსებობა, საიდანაც შემოსდით იარაღი და ყოველგვარი დახმარება. ე.წ. როკის გვირაბის აფეთქება მოხსნის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემას, რის შედეგადაც ცხინვალში მშვიდობა დაისადგურებს. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ მოსკოვისა და თბილისის ხელისუფლებისგან როკის გვირაბის გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ უკიდურეს ზომებს.