ტეგები

,


სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპულიკაში აგორებულ დაპირისპირებას ერთ – ერთი პირველი ნიკო თეგაშვილი ემსხვერპლა. ეს 1989 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინდელი სერიოზული დაძაბულობა “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” დეტალურად გავიხსენეთ. საქართველოს უახლესი ისტორიის ამ რთულ ეპიზოდთან დაკავშირებით ამჯერად ჯაბა იოსელიანის მონათხრობს შემოგთავზებთ  –  მისივე წიგნიდან “მესამე განზომილება.”

იოსელიანი იხსენებს, რომ 1989 წლის ნოემბერში ცხინვალში ქართველების  გასვლითი  მიტინგის დაცვა “მხედრიონს”უთავია. ცხინვალში წინასწარ შესულან შეიარაღებული მხედრიონელები და დაუკავებიათ პოზიციები შენობების სახურავებზე. “ერთი სიტყვით დაცვა საიმედოდ მოეწყო. საუბედუროდ, მიტინგმა ცხინვალში ვერ შემოაღწია. ამის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: ზვიად გამსახურდიამ და გივი გუმბარიძემ ბოლო მომენტში ღონისძიების ხელმძღვანელობის დაუკითხავად განიზრახეს მიტინგი ცხინვალში კი არა, მის მისადგომებთან გამართულიყო.” ჯაბა იოსელიანი, “მესამე განზომილება.”

baba

“1989 წლის 23-24 ნოემბრის ცხინვალში გასვლითი მიტინგის წარუმატებლობის შემდეგ ამ ღონისძიების იდეის ავტორად მე მასახელებდნენ. ვერ დავიჟინებ, იქნებ მართლაც ასე იყო, რადგან წინააღმდეგი არ ვიყავი. საქმე ის არის, რომ კომუნისტური მმართველობის ბოლო წლებში საქართველოს ეთნიკური უმცირესობა ნომენკლატურული, და აქედან გამომდინარე სოციალური პრივილეგიებით სარგებლობდა, განსაკუთრებით შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში. იგი როგორც თავმოწონებული ინტერნაციონალისტი და ჭეშმარიტი კომუნისტი, მოქმედებდა სტალინის ლოზუნგით – „ურტყი შენიანს, რომ სხვას ეშინოდეს.“ ედუარდ შევარდნაძე ძალაუფლებაში მოსვლისთანავე მწერალთა კავშირის ტრიბუნიდან, კრემლის კომუნისტურ მედავითნეთა წარმომადგენლის, ვინმე შაუროს თანდასწრებით დაემუქრა ქართველ ხალხს და შავი დღე აყარა „ნაციონალისტ“ მწერლებსა და კინომატოგრაფისტებს.

ოსებს, თათრებს და ნაწილობრივ სომხებს, როცა კომპაქტურად დასახლების ადგილებში სოციალური პირველობა გაინაღდეს, იმის პრეტენზიაც გაუჩნდათ, რომ ეს სამუდამოდ დაეკანონებინათ ( 1989 წლის ივნისის ბოლნისის და მარნეულის მოვლენები, ე.წ. ბორჩალოს რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა). აფხაზებმა კი ტოპონიმიკური ომით დაიწყეს სეპარატისტული მოძრაობა. ასე რომ, ქართველებს ეროვნული თავმოყვარეობა მართლაც შელახული ჰქონდათ. ყველაფერ ამის გამო მიმაჩნდა: ქართველს უნდა დაბრუნებოდა თავისი სამშობლოს ბატონ – პატრონის გრძნობა და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობის მოვალეობაც, რაც ჩვენთან ერთად მცხოვრებ ეთნოსთან თანასწორუფლებიანობას გვაკისრებდა. ასე იყო თუ ისე, მხედრიონმა ითავა 1989 წლის ნოემბრის მიტინგის უსაფრთხოება და მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩაატარა.

ცხინვალიცხინვალში ამოვირჩიეთ ადგილი, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ოსებთან ერთად მიტინგის მოწყობა.ეს იყო ლენინის მოედანი. სასტუმროში, რომელიც ამ მოედანზე დგას, ორ სართულზე ინკოგნიტოდ შევასახლეთ შეიარაღებული მხედრიონელები. ასევე ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა, რომლის ფანჯრებიც მოედანს გადაჰყურებდა, ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდა. ამავე სახლის სახურავზე განვალაგეთ რამდენიმე სათვალთვალო და საცეცხლე პუნქტი. დავიკავეთ სარკინიგზო ვაგზლის მოედანზე გამოსასვლელი და მოპირდაპირე მხარის „სახანძროს“ მიდამოები.

ერთი სიტყვით დაცვა საიმედოდ მოეწყო. საუბედუროდ, მიტინგმა ცხინვალში ვერ შემოაღწია. ამის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: ზვიად გამსახურდიამ და გივი გუმბარიძემ ბოლო მომენტში ღონისძიების ხელმძღვანელობის დაუკითხავად განიზრახეს მიტინგი ცხინვალში კი არა, მის მისადგომებთან გამართულიყო.

ამან გამოიწვია დაბნეულობა, შეუთანხმებელი მოქმედება, ქაოსი,ოსების გაგულისება, რომელთაც წაეხმარა ცხინვალში განთავსებული ჯარის ნაწილი. ცხინვალის შესასვლელთან აღიმართა ცოცხალი კედელი, დაიწყო გაქაჩვა- გამოქაჩვა, გადაყვირ – გადმოყვირება, ლანძღბა – გინება. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებას და პარალელურად ძალის დემონსტრირებას( რაც მიტინგის მიზანს შეადგენდა) ვეღარ შევძლებდით. ხალხი ისე დაიმუხტა, რომ ან ხელჩართული ბრძოლა უნდა დაწყებულიყო, რაც უამრავ მსხვერპლს მოიტანდა, ან უნდა გავბრუნებულიყავით, საიდანაც მოვედით. მე კიდევ ერთ გამოსავალს წავეპოტინე: ორივე მხარეს შევთავაზე ორას -ორასი კაცი შევხვედროდით ერთმანეთს ცხინვალის თეატრში, წარგვედგინა ჩვენ – ჩვენი პრეტენზიები და დაგვეწყო მოლაპარაკება. ეს ოპტიმალური ვარიანტი შუა გზაში ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და ირაკლი წერეთელმა. ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ჩვენმა ჩანაფიქრმა სრული ფიასკო განიცადა, ოსთა მხარე კი გამარჯვებული გამოიყურებოდა.”

1989 წლის ნოემბრის დიდი მსვლელობა ცხინვალისკენ  – https://lessonsgeo.wordpress.com//?s=%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%94&search=Go