ტეგები

,


ღალიძგადამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  დეტალურად გავიხსენეთ 1989 წლის გაზაფხულიდან როგორ დაიძაბა ვითარება საქართველოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. როგორ დატრიალდა იქ საშინელი ტრაგედია, რომელმაც სხვა ქართველებთან ერთად აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი ვოვა ვეკუაც შეიწირა. მაშინ სულ ცოტა  იყო დარჩენილი ფართომასშტაბიან დაპირისპირებამდე.

1989 წლის ზაფხულში მდინარე ღალიძგასთან შექმნილი სერიოზული დაძაბულობა ერთ თავის კომენტარში ვახტანგ ყოლბაიამ გაიხსენა. იმ დროს ის გალის რაიონის რაიკომნის მდივანი იყო.

ვახტანგ ყოლბაია:”ვოვა ვეკუას ანგარიშს უწევდა თავად აფხაზური ფრთაც. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერებთან. მათ შორის ძალიან პოზიტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ამას ხელს უშლიდა მესამე ძალა, პროვოკატორები და სპეცსამსახურები თავიანთ შავ საქმეს აკეთებდნენ და ყველა წარმატებულ მოლაპარაკებას პროვოკაციას უპირისპირებდნენ. კატეგორიულად ილაშქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ. მათ შეძლეს შეტაკების პროვოცირება, რაც ტრაგიკულად დასრულდა. ორი ცხელი წერტილი გაჩნდა. სოხუმში და გალში თითქმის ერთდროულად დაიძაბა სიტუაცია. მე მაშინ გალის ხელმძღვანელი ვიყავი, ვმუშაობდი რაიკომის მდივნად. კარგად მახსოვს, ვუძღვებოდი მიტინგს, რომელზეც სიტყვით გამოდიოდნენ მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები. ამავე დროს ზუგდიდში იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია. ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავარ მოედანზე. რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გალში იყო და ყველაფერი კეთდებოდა სიტუაციის განსამუხტად. მახსოვს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ხიშბა ჩამოფრინდა, ჩვენს მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. მაგრამ მიტინგზე არ გამოვიყვანეთ და თვითმფრინავში დავტოვეთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხიშბას სიცოცხლეს საფრთხე უქმნიდა. მიტინგი კი ჩვენ ჩავატარეთ. მიტინგის დასრულებისას მოხდა ინციდენტი – ვიღაცამ დრო იხელთა, მიკროფონთან მივარდა და წამოიძახა, რომ ვითომ აფხაზები ქართველ ბავშვებს გალში, მატარებლიდან ყრიდნენ და წვავდნენ. 8 ათასზე მეტი კაცი ვერტმფრენისკენ დაიძრა. რა არ მოვიმოქმედეთ, რომ ეს აზვირთებული მასა ვერტმფრენთან არ მიგვეშვა და ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ამის შესახებ რუსული პრესა, გაზეთი „პრავდაც“ წერდა მაშინ. კარგად მახსოვს, რომ დანარჩენი საქართველოდან წამოსული ხალხი, რომელიც ღალიძგასთან მოვიდა, მერაბ კოსტავამ, ძმებმა ფიფიებმა შეაჩერეს. ხალხმა დაგვიჯერა, გამოგვყვა და თავიდან ავიცილეთ ტრაგედია. ვფიქრობდით, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ღალიძგის მეორე მხარეს შეიარაღებული აფხაზური ჯგუფები იდგა და ყველა ადამიანი, რომელიც იქით გადავიდოდა დაიღუპებოდა. „

 

ფოტოზე: აფხაზეთი ( საქართველო) მდინარე ღალიძგა