ტეგები


სოხუმა1989 წლის 3 ნოემბერს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობაში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის  გასტროლები დაიწყო და მან მთელ თვეს გასტანა. ამ ღონისძიების ფარგლებში სოხუმელმა მსახიობებმა დედაქალაქის თეატრის მოყვარულებს პირველ სპექტაკლად ” დიდოსტატის მარჯვენა” შესთავაზეს. მნიშვნელოვანი იყო, რომ გასტროლები სოხუმის ქართული თეატრის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღს დაემთხვა, ამას გარდა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1989 -ში ლამის მთელი საქართველო მოიცვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართველობის მხარდასაჭერმა აქციებმა. აქედან გამომდინარე, სოხუმის ქართული თეატრის გასტროლები თბილისში განსაკუთრებული დატვირთვისა უნდა ყოფილიყო.

„ჯერ კიდევ 1885 წლიდან სოხუმში სცენისმოყვარეთა ძალებით იქმნებოდა წარმოდგენები. იმ პერიოდის გაზეთებიდან ვგებულობთ რომ საქართველოს სხვა ქალაქებიდან აქ ჩამოსული მსახიობთა ამხანაგობის ჯგუფები და მოძრავი თეატრის დასები აწყობდნენ სპექტაკლებს. 1889 წლიდან სოხუმში ქართული სპექტაკლების მოწყობა უფრო სისტემატურ ხასიათს იძენს. წარმოდგენებში მონაწილეობას იღებდნენ: ლადი მესხიშვილი, ნატო გაბუნია, შალვა დადიანი და სხვები.. სოხუმის ქართული თეატრის საუკუნოვანი ისტორია მოიცავს როგორც კლასიკურ პიესებს, ასევე ქართული დრამატურგიის ნიმუშებს: უილიამ შექსპირის „ოტელო“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, შილერის „ვერაგობა და სიყვარილი“, ჩეხოვის „ივანოვი“, გორკის „მდაბიონი,“ ალ. სუმბათაშვილის -იუჟინის „ღალატი,“ ყაზბეგის ხევისბერი გოჩა, კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და სხვა.” წერდა 1989 წლის ქართული პრესა.

1982 წელს სოხუმის  ქართული თეტარი ახალ შენობაში გადავიდა. სადაც მისი პირველი სპექტაკლი „მარადისობის კანონი: იყო. იმავე პერიოდიდან თეატრს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული თეატრის პარალელურად ფუნქციონირებდა ს. ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრიც, სადაც სპექტაკლები აფხაზი და ქართველი მწერლების ნაწარმოებების მიხედვითაც იდგმებოდა. დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, სოხუმის აფხაზური დრამატული თეატრის განმარტებაში  გამორჩევით არის აღნიშნული ბ. შინკუბას, ოტია იოსელიანის და ნოდარ დუმბაძის მიხედვით დადგმული სპექტაკლები: „როგორც გენებოთ,“ „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „თეთრი ბაირაღები“.