ტეგები

, ,


ბაქრძე

“ჩვენი მელანი უკვე იქცა სისხლად და ჩვენი თავისუფლებაც დაიწყო.” გვეუბნებოდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ აკაკი ბაქრაძე. გაეცანით მის მოსაზრებებს, რომლებსაც მაშინდელ “ლიტერატურულ საქართველოში” მივაკვლიეთ. როგორ იწყებოდა ჩვენი თავისუფლება “მორჩილების დემოკრატიაში?” 1989 წელი და აკაკი ბაქრაძე “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში.”

“არ არის იოლი საკუთარი ჭკუით ცხოვრება, რადგან ( კიდევ შევაწუხებ კანტს) „ თუ მაქვს წიგნი, რომელიც ჩემს მაგიერ აზროვნებს, თუ მყავს სულიერი მოძღვარი, რომლის სინდისს შეუძლია შეცვალოს ჩემი, მყავს ექიმი, რომელიც მიმითითებს ცხოვრების წესს და ა.შ. მაშინ რისთვისღა შევიწუხო თავი.“

ჩვენ ათეული წლების მანძილზე ვცხოვრობდით სხვისი ჭკუით, სხვისი სინდისით, სხვისი ნებით, სხვისი კარნახით, თავის შეუწუხებლად. ახლა აღარ გვინდა ეს. თვალი გავახილეთ. გონება გაგვეხსნა და ნამუსმა შეგვაწუხა. გვინდა გვქონდეს ვაჟკაცობა და ვცხოვრობდეთ საკუთარი ჭკუით. გვინდა დემოკრატია, მაგრამ არა მორჩილება, გვინდა თავისუფალი ადამიანის დემოკრატია. ამიტომ ვთქვით უარი მორჩილებაზე. მაგრამ ჩვენ სსრკ-ში ვცხოვრობთ, სადაც არსებობის ძირითადი და წარმმართველი პრინციპი მორჩილებაა. ამიტომ „გაგვიმასპინძლდნენ„ ორლესული ნიჩბებით, ქიმიური ბომბებით და ტანკებით. ეს კანონზომიერი შედეგია „დემოკრატიისა“, რომელიც უარს არ ამბობს მორჩილებაზე, რომელმაც არ იცის რა არის თავისუფლება. ასე რომ მორჩილების „დემოკრატიამ“ კიდევ ერთხელ მოგვატყუა, მაგრამ მომხდარმა ტრაგედიამ ჩვენ არ უნდა დაგვაბნიოს და არ უნდა შეგვაშინოს.

ტრაგედია სულს წმენდს, ამაღლებს, ასპეტაკებს. განწმენდილი, გასპეტაკებული სულით ჩვენ ვივლით წინ, იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო. ისიც უნდა გვახსოვდეს რაც ვაჟამ გვიანდერძა: „ არ გვეშველება, თუ ერთ დღეს, სისხლად არ იქეც მელანო!“ ჩვენი მელანი უკვე იქცა სისხლად და ჩვენი თავისუფლებაც დაიწყო.

პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ადრე იქნება თუ გვიან დამთავრდენა ერთი შედეგით – საბჭოთა ხალხების სრული თავისუფლებით.
რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? უპირველესად ის მოვლენები, რომლებიც ხდება ბალტიისპირეთში, მოლდავეთში, ამიერკავკასიაში, თვითონ რუსეთში. მალევე ამგვარი მოვლენები გაჩნდება შუა აზიაში, უკრაინაში, ბელორიუსიაში. აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას ვერარა ძალა ვეღარ შეაჩერებს. შეიძელვა მითხრათ – მიმართავენ ისევ სამხედრო ძალას, როგორც ჩვენთან და ძალით მოსპობენ ყოველგვარ მოძრაობასო. არ უარვყოფ, მაგრამ რამდენ ხანს? ვერავითარ პოლიტიკურ სისტემას სამხედრო ძალა დიდხანს ვერ აარსებეს. როგორ გგონიათ რუსეთს სამხედრო ძალები აკლდა 1917 წელს? არ აკლდა. რუსეთის არმია იმ დროს გერმანიის არმიას უმკლავდებოდა, მაგრამ მონარქია მაინც დაემხო, უპირველესად იმიტომ დაემხო, რომ ხალხს აღარ სჯეროდა მისი, აღარ სწამდა. როცა ხალხი აღარ უცხადებს ხელისუფლებას ნდობას, ამ ხელისუფლებას ვეღარაფერი გადაარჩენს.”