ტეგები


თავის წიგნში -“თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა”- ანატოლი სობჩაკი საინტეროსოდ ახასიათებს კაცს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილამდე საბჭოთა საქართველოს კგბ-ს ხელმძღვანელი იყო, 9 აპრილის შემდეგ კი ცეკა-ს პირველი მდივანი, გივი გუმბარიძეს  ვგულისხმობთ. 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად შექმნილი სსრკ სახალხო დეპუტატთა საგამოძოები კომისიის თავმჯდომარე ანატოლი სობჩაკი წერდა: “„გუმბარიძე ვერ შეძლებდა მონაწილეობა არ მიეღო 1989 წლის 9 აპრილის ოპერაციის წინა თათბირებში. უცნაური ისაა, რომ ამ თათბირებში მონაწილეებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა იმის შესახებ როგორი იყო გივი გუმბარიძის პოზიცია. გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ის სადღაც გადიოდა ან ჩუმად იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ გადამწყვეტ თათბირზე, რომელიც ვიწრო წრეში გაიმართა ( პატიაშვილი, ნიკოლსკი, კოჩეტოვი, როდიონოვი) ის მიწვეული არ ყოფილა.“

ახლა 9 აპრილის ტრაგედიაზე არ ვსაუბრობთ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს გივი გუმბარიძეს ვიხსენებთ  თავისი 1989 წლის  გამოსვლით – სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე. 9 აპრილის ტრაგედიის გარდა ჩავლილია ტრაგედია აფხაზეთშიც, გუმბარიძეც თავის გამოსვლაში იმ პერიოდში გამოკვეთილ მთავარ პრობლემას და ეროვნებათშორის ურთიერთობებს შეეხო.

გუმბარიძე

“უსამართლობაა, ბრალდებებს უყენებდე ხალხს, რომელსაც ეროვნებათშორისი ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები მოსდგამს, რომელსაც 80-ზე მეტი ერის წარმომადგენლები შეუფარებია და მათგან ყველაზე მცირერიცხოვანთათვისაც კი შეუქმნია პირობები, რისი წყალობითაც საუკუნეთა მანძილზე შეანარჩუნებინა მათ თავისთავადობა, კულტურა, ენა. საჭიროა მეტი გაგებით ეკიდებოდნენ პატარა რესპუბლიკის პრობლემებს, რომლის შემადგენლობაში შედის სამი ავტონომია, – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები, სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქი, რესპუბლიკისას, რომლის სკოლებში სწავლა წარმოებს რვა ენაზე – ქართულ, რუსულ, აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ესტონურ, ბერძნულ ენებზე. სადაც შვიდ ენაზე გადის ეთერში რადიოგადაცემები და ექვს ენაზე იბეჭდება გაზეთები. მზრუნველობას არ ვაკლებთ აგრეთვე ებრაელი, ქურთი მოსახლეობის და სხვათა მრავალფეროვანი კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.კომპაქტური ბინადრობის ადგილებში ეროვნული უმცირესობანი უკვე მრავალი წელია ფაქტობრივად სარგებლობენ კულტურული ავტონომიის უფლებებით, შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ ენაზე ასწავლონ თავიანთ შვილებს, მოამზადონ და დააწინაურონ ეროვნული კადრები, წარმომადგენლობდნენ ხელმძღვანელ ორგანოებში. ყოველივე ეს ჩამოყალიბდა ობიექტურად, გარედან ძალდაუტანებლად, ჩამოყალიბდა როგორც გამოხატულება მკვიდრი ერის წარმომადგენელთა პატივისმცემლური დამოკიდებულებისა სხვა ერებისადმი და ამიტომ მათ უფლება აქვთ მოითხოვდნენ ასეთივე პატივიმცემლურ დამოკიდებულებას.

დიახ, ჩვენ თავს დაგვატყდა უბედურება და გაჭირვება პიროვნების კულტის ტრაგიკულ ხანაში, რომელმაც არ დაინდო არც ქართველი და არც ჩვენი ქვეყნის სხვა ხალხები. მაგრამ უსამართლობა იქნებოდა ყოველივე იმის დაუნახაობაც, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიანიჭა აფხაზეთს მისი არსებობის ათწლეულების მანძილზე, უწინარესად, ეროვნულ განვითარებაში, ავტონომიის პირობებში.

განა მრვალისმეტყველი არ არის ის ფაქტი, რომ ამჟამად მრავალეროვან აფხაზეთში, სადაც აფხაზები 17 პროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენენ, აფხაზთა ეროვნულ კადრებს უკავიათ არჩევითი ორგანოების 40 პროცენტამდე და ხელმძღვანელი პოლიტიკური და სამეურნეო თანამდებობების ნახევარზე მეტი? უკანასკნელი წლების მანძილზე აშენდა ათობით ახალი სკოლა, გაიხსნა საკუთარი უნივერსიტეტი, ეროვნული სახელმწიფო თეატრი, ტელევიზია, ფუნქციონირებს შემოქმედებითი კავშირები, მთელ მსოფლიოში დადიან საგასტროლოდ ეროვნული შემოქმედებითი კოლექტივები, გაიზარდა გამომცემლობის სიმძლავრე, ფართოვდება ლიტერატურის, პერიოდიკისა და სხვა ბეჭვდითი პროდუქციის აფხაზურ ენაზე გამოცემათა მოცულობა. არც თუ დიდი ხნის წინ მიღებულ იქნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სპეციალური დადგენილება აფხაზური ენის შესახებ, ახლა მზადდება მისი განვითარების სახელმწიფო პროგრამა. არ შეიძლება არ ამჩნევდე იმასაც, თუ როგორ ამაღლდა აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე. აქ არც არის საჭირო მოვიშველიოთ სტატისტიკა.” ( სტილი დაცულია)