ტეგები

,


1989 წლის ზაფხულში ჟურნალ „ოგონიოკში“ დაიბეჭდა ინტერვიუ ანდრეი სახაროვთან და  მას ყველაზე დიდი გამოხმაურება საქართველოდან მოჰყვა. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ფიზიკოსმა და დისიდენტმა, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატმა,ამ ინტერვიუში საქართველოს „მცირე იმპერია“ უწოდა.

სახაროვიცოტა ხნით ადრე, ანდრეი სახაროვი მეუღლესთან ერთად თბილისს სტუმრობდა. მაშინ ის საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დაპატიმრებული ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვდა, საბჭოთა ხელმძღვანელობას კი 9 აპრილის დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, პირველ რიგში იმათ დასჯას, ვინც მშვიდობიანი დემონსტრატების სასტიკი მეთოდებით დაშლის ბრძანება გასცა.

1989 წლის მაისში სახაროვმა თბილისში, 9 აპრილის ღამეს მოწამლულები და დაჭრილები  მოინახულა, აქ მომხდარის შესახებ  სიმართლე მან მაშინ შორს გაიტანა. ანდრეი სახაროვისგან ჩვენი ქვეყნის „მცირე იმპერიად“ მოხსენიება მტკივნეულად მივიღეთ. პრესაში  საპასუხო „ღია წერილები“ დაიბეჭდა. ამჯერად, ზვიად გამსახურდიას ცნობილ მიმართვას გაგახსენებთ, მანამდე კი იმის შესახებ რა და როგორ თქვა თავად სახაროვმა, რომელიც ჩვენს მიერ ხსენებულ ინტერვიუში  საბჭოთა კავშირის  მასშტაბით, მოკავშირე რესპუბლიკების, ავტონომიური რესპუბლიკების და ოლქების სტატუსთან გათანაბრების ინიციატივით გამოდიოდა. სახაროვის  კონცეფციით ასეთ საფუძველზე უნდა შექმნილიყო კონფედერაციული კავშირები, რომლის წევრებსაც არჩევანის და თვითგამორკვევის თავისუფლება ექნებოდათ.

” ყველა რესპუბლიკას – მოკავშირესა და ავტონომიურს, ავტონომიურ ოლქებს, მიეცეთ თანაბარი უფლება ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების შენარჩუნებით. ყველა მათგანმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლობის მაქსიმალური ხარისხი. მათი სუვერენიტეტი მინიმალურად უნდა იქნეს შეზღუდული ერთობლივი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის საკითხებით…სხვა მხრივ ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და ასე უნდა მოაწერონ ხელი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას… უნდა დავიწყოთ იმპერიული სტრუქტურის სრული დემონტაჟით. მხოლოდ ასე შეიძლება ნაციონალური პრობლემის გადაჭრა მცირე იმპერიებში, როგორებადაც გვევლინებიან მოკავშირე რესპუბლიკები – მაგალითად, საქართველო, რომლის შემადგენლობაშიც მოქცეულია აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები. თუკი საქართველოთი არ დავიწყებთ და რუსეთში იგივეს არ გავაკეთებთ, წარმოიქმნება დიდი სირთულეები, ხოლო თუ მთელ ამ უზარმაზარ ქვეყანაში კონფედერაციების კონცეფცია ამუშევდება, საქმე გაიოლდება”… აღნიშნავდა ანდრეი სახაროვი.

ახლა კი იმის შესახებ როგორ უპასუხა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს “მცირე იმპერიად”მონათვლასა და საბჭოთა  რესპუბლიკების სტატუსთან ავტონომიების სტატუსის გათანაბრების ინიციატივას

stepen

“თქვენ ჩაერთეთ ანტიქართულ კამპანიაში და საქართველო გამოაცხადეთ ”იმპერიად”, რომელმაც თითქოსდა თავის შემადგენლობაში გაიერთიანა აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ეროვნული წარმონაქმნები (”ოგონიოკი” №31).” – წერდა ზვიად გამსახურდია ანდრეი სახაროვისადმი თავის ღია მიმართვაში და იქვე მიუთითებდა, რომ დიდი ფიზიკოსი ავლენდა „ განსაცვიფრებელ გაუთვითცნობიერებლობას კავკასიის ისტორიისა და ეტიოლოგიის საკითხებში.“ თავისი ამ მოსაზრების გასამყარებლად გამსახურიას  1973 წელს, იატაკქვეშ გამომავალ ჟურნლაში დაბეჭდილი წერილი მოჰყავდა. ეს იყო ანდრეი სახაროვის წერილი „თურქი -მესხები სამშობლოში დასაბრუნებლად.“ გამსახურდია წერდა, თურქი-მესხები „ბუნებაში ისევე არ არსებობენ, როგორც არ არსებობენ შოტლანდიელი ჩინელები. ეს ტერმინი გამოგონილია ქართველ მუსლიმთა წრის გაუნათლებელი, ბნელი ადამიანების მიერ, რომლებსაც რელიგია და ეროვნება ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ და მხოლოდ იმის გამო, რომ მუსულმანები არიან, თავს თურქებად თვლიან. მაგრამ თქვენ, მეცნიერი, აკადემიკოსი ხომ უნდა გრძნობდეთ განსხვავებას, ან დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში მაინც ჩაგეხედათ და გეხილათ სტატია მესხების შესახებ. ყოველივე ამასთან დაკავშირებით თქვენ და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს წარმოგიდგინეთ მიკლუხო -მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ცნობა მესხების, როგორც ქართული ტომის შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ცნობილი დოკუმენტი ”მესხთა მდგომარეობის თაობაზე.

Zviad Gamsakhurdia, Georgian Presidential Candidateახლაც იგივეს აგრძელებთ. ”ოგონიოკში” გაკეთებული განცხადებით დაამტკიცეთ, რომ არ იცით ტერმინ ”აფხაზეთის” მნიშვნელობა და არც ის, თუ რა მიმართება გააჩნია მას ტერმინ ”საქართველოსთან”. სხვადასხვა ისტორიკოსების ნაშრომთა ციტირებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, კვლავ დიდ საბჭოთა ენციკლოპედიას დავეყრდნობი: ”ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო ადგილობრივი ეთნიკური ტიპის ჩამოყალიბება. აფხაზეთი მაშინ კოლხიდის, ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოს ნაწილს შეადგენდა. ასე რომ, ძველთაგანვე აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო. მეტიც, აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველო, ზოგჯერ – მთელი საქართველოც, როგორც, მაგალითად, ნიზამი განჯელის ცნობილ პოემა ”ისკანდერ ნამეში”(XII ს.), სადაც აფხაზეთის (საქართველოს) დედაქალაქად დასახელებულია ტფილისი. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს მეორე სახელია, ისევე როგორც ალბიონი – მეორე სახელია ინგლისის.“

ანდრეი სახაროვისადმი ღია მიმართვაში ზვიად გამსახურდია ხაზს უსვამს იმასაც, რომ „აფხაზებს“ არასწორად უწოდებენ ჩერქეზთა მონათესავე აფსუათა ჩრდილოეთ-კავკასიურ, ადიღურ ტომს, „რომელიც XVII საუკუნიდან იპყრობს ისტორიული აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ახდენს იქ მცხოვრებ ქართველთა ასიმილირებას და მკვიდრდება იქ. (იხ. აკად. ნ. ბერძენიშვილი ”საქართველოს ისტორიის საკითხები”, ტ.8 – ქართულ ენაზე).“

მივყვეთ ისევ მიმართვის ტექსტს:„აი, ვის უწოდებენ დღეს აფხაზებს, როგორც ეგვიპტელ არაბებს უწოდებენ ეგვიპტელებს, ან პალესტინელ არაბებს – პალესტინელებს. ყოველივე ეს ისტორიისა და ეტიოლოგიის ანბანია, რასაც დღეს აყალბებენ მოსკოველი და აფსუელი ცრუ-მეცნიერები საქართველოსგან მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის მოწყვეტის მიზნით და დღეს თქვენ ბანს აძლევთ იმ ფალსიფიკატორებსა და იმპერიალისტებს, რომელთაც გუშინ სხვა დანაშაულებისთვის ამხელდით. რა გაეწყობა, რაკი ერწმუნეთ მითს, რომლის მიხედვითაც ქართველები არიან აფხაზეთის დამპყრობნი, გირჩევთ ერთხელ, როდესაც სოხუმში იქნებით დასასვენებლად, მცირედი ექსკურსია მოაწყოთ მდინარე ბესლეთის ხეობაში (ჭანბას ქუჩაზე), იქ ნახავთ XII საუკუნეში თამარ მეფის მიერ აგებულ ხიდს. იქ არის ფილა წარწერით: ”ხიდზე შემორჩენილია ქართული წარწერა მთავრული ასოებით”. მაგრამ სიტყვა ”ქართული” წაშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიტყვა ”წარწერა”. საკითხავია, ვინ წაშალა?
ეტყობა იმათთაგანმა, ვინც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველო და ქართველმა იმპერიალისტებმა ის ხელში .XX საუკუნეში ჩაიგდეს! აი, როგორ ადამიანებსა აქვთ თქვენზე ზეგავლენა!

რაც შეეხება ე.წ.”სამხრეთ ოსეთს”, კვლავ მოგვიწევს მიგითითოთ დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაზე: ”თანამედროვე ოსების წინაპრები არიან ალანები, რომლებიც თავდაპირველად ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ… ხოლო XIII საუკუნეში, მონღოლ-თათართა შემოსევის შედეგად, რომლებმაც სამომთაბარეოდ ხელსაყრელი ჩრდილოეთ კავკასიის სტეპები დაიპყრეს, ოსებმა დაიწყეს ჩამოსახლება ცენტრალური კავკასიის (ანუ საქართველოს ) მთებში”. როგორც ხედავთ, არც ოსები და არც აფსუები (აფხაზები) არ არიან ქართულ მიწაზე აბორიგენები. ისინი აქ ჩამოგვისახლდნენ, როგორც არაბები ეგვიპტეში და ისრაელის ისტორიულ ტერიტორიებზე. ყველაფერი ეს არის ისტორიისა და გეოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტება. პირად საუბარში თქვენ ჩემთვის, როგორც ფილოლოგისთვის, არაერთხელ მოგიციათ შენიშვნა ატომური ფიზიკის დარგში. ახლა კი ჩემი ჯერია გამხილოთ ჩემი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის უცოდინარობაში.

სხვათაშორის, თქვენ არასოდეს დაგიგმიათ ისრაელი პალესტინელთა წინააღმდეგ მოქმედებებისთვის, არ გიწოდებიათ მისთვის ”დამპყრობელი” და ”იმპერიალისტი”, რაც უსამართლობა იქნებოდა. მაშ რა დააშავა თქვენს წინაშე პატარა საქართველომ, საბჭოთა კავშირის ყველაზე შევიწროებულმა და დისკრიმინირებულმა ხალხმა?

ამგვარად, „აფხაზური“ და „ოსური“ პრობლემა საქართველოსთვის იგივეა, რასაც წარმოადგენს პალესტინის პრობლემა ისრაელისთვის. ვინც მათ  პროვოცირებას ახდენს, არის ქართველი ხალხის მტერი. ის ექაჩება საქართველოს ეთნოკონფლიქტებისკენ, რათა ამ გზით მოახდინოს ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის პარალიზება. აი, ამან განაპირობა 9 აპრილის და 15 ივლისის ტრაგედიები..“

ამავე მიმართვაში ზვიად გამსახურდია ეხმიანება ავტონომიური რესპუბლიკების და ოლქების სტატუსის მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსთან გათანაბრების სახაროვისეულ თეორიასაც: „ არ გეჩვენებათ, რომ თქვენ, კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვენით სტალინიზმის მხილებას, მისი მოკავშირის როლში გამოდიხართ, როცა ცდილობთ დაკანონდეს სტალინისეული დანაშაულებრივი ნაციონალური პოლიტიკა. უმრავლესობა ავტონომიური წარმონაქმნებისა ხომ საბჭოთა კავშირის ხალხების წინააღმდეგ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ისინი შექმნეს იმპერიული პრინციპით „ დაყავი და იბატონე,“ ეროვნებათშორისი მტრობის გასაღვივებლად.”

ზვიად გამსახურდიას მიმართვა დაიბეჭდა რუსულ ენაზე.  ზემოთ მოყვანილი ამონარიდები არის ჩვენს მიერ ნათარგმნი რუსული ტექსტიდან.