ტეგები

,


xidi

ფოტოზე: აფხაზეთი ( საქართველო)

1989 წლის მარტში სოფელ ლიხნში, სეპარატისტულად განწყობილი და მოსკოვიდან წახალისებული ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა აფხაზების დიდი შეკრება. ამ შეკრებაზე აფხაზეთის ავტონომიის საბჭოთა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს, მიიღეს შესაბამისი მიმართვა საბჭოთა ხელმძღვანელობის სახელზე.

ლიხნის შეკრებაზე მიღებული მიმართვის შინაარსის გახმაურებას მოყვა ქართველების საპროტესტო გამოსვლები: სოხუმში, ლესელიძეში, გალში. აფხაზეთის ქართული მოსახლეობისთვის სოლიდარიბის გამოსახტავად და ლიხნის შეკრების ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისშიც – „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობაზე ამგვარ ზეწოლას გარკვეული შედეგი ჰქონდა. ”სოხუმში ჩავედი და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა გავათავისუფლე, აფხაზეთის მთელი საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს გვერდით იყო, აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბაც კი,” – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუმბერ პატიაშვილი.

ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. აქციის ინიციატორები, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები დაშლის მომხრეები იყვნენ, მაგრამ მათი პოზიცია გადამწყვეტი ვერ გახდა.თბილისში მიმდინარე აქციაზე აფახაზეთის საკითხმა უკან გადაიწია და მთავარი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა. შემდეგ კი თბილისში 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა. თამარ ჩხეიძე, რომელიც 1989 -ში  „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას“ წარმოადგენდა, წლების შემდეგ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანვითარებდა მოსაზრებას, რომ 9 აპრილის შემდეგ ” აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც რუსეთისგან იმართებოდა, გაუმძაფრდა დაუსჯელობის სინდრომი. მათ დაინახეს, რომ ის საზოგადოება, რომელიც გამოვიდა აფხაზეთის ქართველების უფლებების დასაცავად, თავად დაისაჯა, თავად იქნა დასჯილი.”

ამავე ლოგიკით, აფხაზების გარდა,, აფხაზეთის ქართველობასაც ჩამოუყალიბდა განცდა იმისა, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები მათი მიზეზით დასაჯეს. თბილისში ხომ ხალხი ქუჩაში აფხაზეთის ავტონომიის ქართველობისთვის სოლიდარობის გამოსახატავად გამოვიდა. ვითარება აფხაზეთში დაიძაბა.. სოხუმის უნივერსიტეტში ”ქართულმა ნაწილმა” თავი თბილისის უნივერსიტეტის ფილიალად გამოაცხადა და 89 წლის ივლისში სოხუმში ერთდრულად ქარველების და აფხაზების მიტინგები გაიმართა…

1989 წლის ივლისშივე აფხაზეთში სისხლი დაიღვარა – ქართველების სისხლი. დანებით და სანადირო თოფებით შეიარაღებული აფხაზები მშვიდობიან ქართველ მომიტინგეებს მიუვარდნენ. აქ დაიღუპა ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვანელი ვოვა ვეკუა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი.