ტეგები

, ,


როცა სსრკ ისტორიას ბარდებოდა და  ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები ღვივდებოდა, როცა ზომიერება და შორსმჭვრეტელობა ასე გვაკლდა, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყო ლიდერი, რომელიც პოლიტიკოსის მთავარ დანიშნულებად მტრულად განწყობილებთან საერთო ენის გამონახვას მიიჩნევდა და ამაგრებდა ხიდებს აფხაზი და ოსი თანამემამულეებისკენ.

„ყველაზე მტკივნეულ საკითხად ჩვენ მიგვაჩნია ეროვნებათშორისი ურთიერთობანი. სხვადასხვა ხალხში ეროვნული თვითშეგნების აღზევებას ხანდახან მივყავართ ეროვნებათშორის კონფლიქტებამდე, ეს იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა სამართლიანობა. ამ მხრივ კი საბჭოთა კავშირში პრობლემები თავსაყრელია. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეროვნებათშორისი შეტაკებანი.“    ზურაბ ჭავჭავაძე ჭავჭავაძე

დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს, გარდაიცვალა 1989 წლის 21 დეკემბერს. იყო 20-ე საუკუნის ოთხმოციანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მისი სიტყვებია: “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”შეძლო მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა „ადამონ ნიხასის“ლიდერ ალან ჩოჩიევთან, მოგვიანებით “ადამონ ნიხასმა” და “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ოსი და ქართველი ხალხებისადმი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს ხელი. 1988 წლის 3 დეკემბერს სოხუმში გამართულ მიტინგზე ზურაბ ჭავჭავაძე აფხაზებს და ქართველებს აფხაზურ ენაზე მოუწოდებდა ერთიანობისკენ. ის ამაყობდა 1989 წლის აპრილში –  სოხუმში – ჩატარებული გრანდიოზული დემონსტარციით, სადაც ქართველი ახალგაზრდების გვერდით აფხაზი ახალგაზრდებიც იდგნენ. 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„დამოუკიდებლობის გაკვეთილებში“ ზურაბ ჭავჭავაძეს გავიხსენებთ ვრცელი ამონარიდით მისი 1989 წლის ინტერვიუდან. მოსკოვიდან წახალისებული სეპარატისტების ორგანიზებით უკვე შემდგარი იყო  ლიხნის კრება და უკვე ჩავლილი იყო დიდი საპროტესტო გამოსვლები თბილისში, რაც ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართველი მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვისა და ლიხნის შეკრების ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით დაიწყო. შეკითხვას რას აკეთებდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დასამყარებლად? ზურაბ ჭავჭავაძე პასუხობდა:

„ჯერ კიდევ შარშან, ივნისში, ამ მიზნით ჩვენ სპეციალურად ჩავედით სოხუმში, სადაც გვქონდა საუბარი აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ შევთავაზეთ შემოსულიყვნენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, რათა ერთობლივად გვებრძოლა ქართველების და აფხაზების ეროვნული პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტისთვის. მათ გვიპასუხეს, რომ თვითონ აპირებდნენ თავიანთი არაფორმალური ორგანიზაციის შექმნას.მაშინ შევთავაზეთ, ერთმანეთთან დაგვემყარებინა მჭიდრო კონტაქტები და აღვუთქვით ყოველგვარი დახმარება აფხაზური ეროვნული საკითხების გადაჭრაში. როცა მათი მხრიდან უნდობლობა შევნიშნე, მე მათ სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი: „არაფერია გასაკვირი ჩვენს წინადადებაში, ვინაიდან არ შეიძლება არსებობდეს აფხაზური ეროვნული პრობლემა, რომელიც იქნებოდა ანტიქართული და პირიქით, – არც ერთი ქართული ეროვნული პრობლემა არ შეიძლება იყოს ანტიაფხაზური. თუ ასეთი „პრობლემები“ არსებობენ, ისინი გამოგონილი, შეთითხნილი და არაბუნებრივია. ჩვენ არ მოვითხოვთ ავანსად გვენდოთ, შეგვამოწმეთ საქმეში და ნახეთ, რას გავაკეთებთ მათ გადასაწყევტად.“ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ოლეგ დამენიამ ამაზე მიპასუხა, რომ ისინი მზად არ არიან ასეთი დაილოგისთვის, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოგვმართავს ამგვარი წინადადებით. ჰო, აი,კიდევ რა: ჩვენ შევთავაზეთ დახმარება აფხაზური საშულო სკოლის დაარსებაში, აღვუთქვით მათ, რომ მოვთხოვდით მთავრობას სახსრებს, ქაღალდს და ა.შ V –XI კლასებისთვის აფხაზურ ენაზე სახელმძღვანელოების გამოსაცემად ( როგორც ცნობილია, ამჟამად აფხაზურ ენაზე სწავლება მხოლოდ მეოთხე კლასამდეა), რათა აფხაზ ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ სრული საშუალო განათლება თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღონ. ამაზე ჩვენ არაორაზროვნად გვიპასუხეს, რომ ისინი დაინტერესებულები არ არიან ეროვნული სკოლის შექმნით და ურჩევნიათ, განათლება მიიღონ რუსულ ენაზე.მე მგონია, რომ ამ ფაქტიდანაც ( ანალოგიური კი უამარვია)

შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ანტიქართულ მოძრაობას აფხაზეთში არ შეიძლება დაერქვას აფხაზური ეროვნული მოძრაობა. იგი, ფაქტობრივად, ანტიაფხაზურიც კი არის. 1988 წლის 3 დეკემბერს ჩვენმა საზოგადოებამ სოხუმში ჩაატარა მიტინგი, რომელიც მიეძღვნა ქართველი და აფხაზი ხალხების ერთიანობას. ეს ალბათ ისტორიაში პირველი მიტინგი იყო ხალხთა ძმობისადმი მიძღვნილი, რომელიც ხელისუფლებამ აკრძალა და მერე როგორ! ამ დღეს სოხუმში არ ჩამოვიდა არც ერთი მატარებელი სამხრეთიდან, გადაკეტეს ავტომაგისტრალები და გვიან საღამომდე შეაჩერეს მოძრაობა. სოხუმი, ფაქტობრივად, სამხედრო მდგომარეობაში იყო. ჩვენ მაინც შევძელით არასანქცირებული მიტინგის ჩატარება. მიტინგის შემდეგ მადლიერების გრძნობა გამოხატეს ქართველებმაც და აფხაზებმაც. ერთმა მილიციის პოდპოლკოვნილკმა, აფხაზმა, რომელიც მანამდე ხელს გვიშლიდა, მიტინგის შემდეგ ბოდიში მოგვიხადა, – ჩვენ თქვენზე სულ სხვა რამეს გვეუბნებოდნენო. და აი, ამ მიტინგის შესახებ წერდნენ, რომ იგი ანტიაფხაზური იყო!

2 აპრილს ჩვენ სოხუმში მოვაწყვეთ არასანქცირებული მიტინგი და დემონსტრაცია იმის პროტესტის ნიშნად, რომ 1 აპრილს გუდაუთის რაიონში მოხდა თავდასხმა ქართველი მგზავრებით სავსე ავტობუსზე. მიტინგის შემდეგ, რომელიც სოხუმის გარეუბანში, კელასურში ჩატარდა, გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია ქალაქის ცენტრისკენ, რომელშიც მონაწილეობდა 40 ათას კაცამდე, რაოდენ სასიამოვნო იყო, რომ ამ აქციაში ჩვენს გვერდით მოდიოდნენ აფხაზი ახალგაზრდებიც, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად მოუწოდებდნენ საქართველოს ერთიანობისკენ. სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ.“

ზურაბ ჭავჭავაძის გამოსვლა სოხუმში გამართულ მიტინგზე https://www.youtube.com/watch?v=KLkaCNjennI