ტეგები

, ,


„საქართველოს ყველა მკვიდრი – ქართველიც, ოსიც, აფხაზიც, ლეკიც და აზერბაიჯანელიც, ქრისტიანიც, მაჰმადიანიცა და იუდეველიც, რესპუბლიკელიცა და მონარქისტიც, თქვენ წარმოიდგინეთ, „ცალკე აღებული“ კომუნისტიც კი ზურაბს, როგორც მართლა ქრისტიანს, მოყვასად მიაჩნდა, ყოველ მათგანს პატივს სცემდა და ამიტომაც ჰქონდა ეს „უცნაური უნარი“-მათთან თანასწორი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა შეეძლო. შვილით ტრაბახი არ დამაბრალოთ – ეს უნარი ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს მას, ვინც დემოკრატობაზე დებს თავს“.   ნიკო ჭავჭავაძე

1989 წლის 21 ივლისი განსაკუთრებული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე, თანამოზრეებთან ერთად, ჩავიდა ცხინვალში და მოლაპარაკებები გამართა ოსური სეპარატისტული ორგანიზაციის „ადამონ ნიხასის“( სახალხო ფრონტი) ლიდერთან ალან ჩოჩიევთან. ეს ის ალან ჩოჩიევია, რომელმაც 1989 -ის გაზაფხულზე აფხაზური სეპარატიზმის მხარდამჭერი ღია წერილის გამოქვეყნებით აღაშფოთა ქართული საზოგადოება. 1989 წლის 21 ივლისისთვის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარება უკვე დაძაბული იყო. ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაინც შეძლეს ერთმანეთისთვის მოესმინათ, შემდეგ კი ოსი და ქართველი ხალხისადმი ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს. მისი ავტორები მოძმე ხალხებს გონიერების გამოჩენას და შექმნილი დაძაბულობის განეიტრალებისთვის ერთობლივი ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ. მიმართვის ავტორები სთხოვდნენ ოსებს და ქართველებს არ აჰყოლოდნენ პოლიტიკოსებს, რომლებიც შიშის დათესვით ცდილობდნენ ერთმანეთისგან მათ გაუცხოებას. “კი არ უნდა გავუცხოვდეთ, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც კი არ გვანსხვავებს, გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით ორივე ხალხის მტერია დაინტერესებული,’ – ნათქვამი იყო 1989 წლის 21 ივლისის მიმართვაში, რომელსაც ზურაბ ჭავჭავაძე და ალან ჩოჩიევი აწერდნენ ხელს.

ზურა 1ოდნავ მოგვიანებით  ჩაწერილ ინტერვიუში ზურაბ ჭავაჭაძე ძალზედ საინტერესოდ აფასებდა  ცხინვალის 21 ივლისის შეხვედრას, “ადამონ ნიხასთან” მიღწეულ შეთანხმებას და  საქართველოში ეროვნებათაშორის ურთიერთობების გართულებას.

“ყველაზე მტკივნეულ საკითხად ჩვენ მიგვაჩნია ეროვნებათშორისი ურთიერთობანი, სხვადასხვა ხალხში ეროვნული თვითშეგნების აღზევებას ხანდახან მივყავართ ეროვნებათშორის კონფლიქტამდე, ეს იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა სამართლიანობა. ამ მხრივ კი საბჭოთა კავშირში პრობლემები თავსაყრელია. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეროვნებათშორისი შეტაკებანი. ამ მიმართულებით მუშაობის პოზიტიურ მაგალითად მიგვაჩნია ჩვენი და „ადამონ ნიხასის“ ერთობლივი მიმართვა ქართველი და ოსი ხალხისადმი, რომელიც 21 ივლისს გაკეთდა. რომ არ ყოფილიყო ეს მიმართვა, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები შიდა ქართლში იმ დაძაბულ დღეებში. საქმე ისაა, რომ ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომელიც მოხდა ქვემო ქართლში ( მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში) და აფხაზეთში, მავანთ, როგორც ჩანს, ძალიან სურდათ ეროვნებათშორისი შეტაკებების პროვოცირება ქართველებსა და ოსებს შორის, რომლებიც მუდამ თანხმობითა და მშვიდობით ცხოვრობდნენ. ამ მიზნით ქართველებს შორის დაიწყეს ხმების გავრცელება, თითქოს ოსების მხრიდან მზადდებოდა თავდასხმა. ამავე დროს ოსებს შთააგონებდნენ, თითქოს ქართველები აპირებენ ოსებზე თავდასხმას. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. შიდა ქართლის გზაზე მოსახლეობამ დააყენა შეიარაღებული პიკეტები, რომლებიც ავტომანქანებს ამოწმებდნენ.

20 ივლისს, შუაღამისას დაგვირეკეს“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ქარელის რაიონული განყოფილების წევრებმა: ქარელში და გორში წმინდა „ილია მართლის საზოგადოებამ” მიტინგები ჩაატარა, სადაც ითქვა ოსების მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ. ასახელებდნენ თარიღსაც – 23 ივლისს. ხალხი ძლიერ აღელვებულია, შეიარაღდა და გზებზე გამოვიდა. გამვლელ მანქანებს აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ. ერთმა მანქანამ არ გააჩერა. მტერი ეგონათ, ტყვიაც დაუშინეს. ორივე უკანა საბურავი გაუსკდა და დაცხრილული მანქანიდან შიშისგან გონდაკარგული სომეხი გადმოვიდა, რომელსაც თურმე პამიდორი მიჰქონდა გასაყიდად. ერთი სიტყვით მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობაში ვართ, მოგვეშველეთო. მეორე დღეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები ცხინვალში ვიყავით. ჩვენი მოლოდინი გამართლდა. არავითარ თავდასხმაზე ოსებს არ უფიქრიათ. წინა დღის ამბები კი შეეტყოთ და ძალიან შეწუხებულები ჩანდნენ…

ჩვენი და „ადამონ ნიხასის“ ერთობლივი მიმართვა ქართველი და ოსი ხალხებისდამი, რესპუბლიკის ქართულ და რუსულ პრესაშიაც დაიბეჭდა და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. იმას კი ვიტყვით, რომ საქართველოში მცხოვრები ოსების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს სისხლისმიერი ნათესაობითაა დაკავშირებული ჩვენთან და ძალიან უნდა „მოვინდომოთ, რომ ჩვენ შორის მტრობა ჩამოვაგდოთ! ვითომ ძნელი მისახვედრია, ვის სჭირდება ამგვარი რამ?!”

ზურაბ ჭავჭავაძე იყო ის გამორჩეულად შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რომელიც 1989 წელში  მოგვიწოდებდა: პოტენციურ მოკავშირეებს მტრებად ნუ მოვიკიდებთო..

ჭავჭავაძე“უმძიმესი გამოცდის წინაშე დგას ქართველი ერი. საქართველოს დაუძინებელი მტრის წაქეზებით აფხაზეთსა და ქვემო ქართლში ერთაშორისი ურთიერთობების დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და სწორედ მაშინ, როცა აფხაზეთშიც და ქვემო ქართლშიც საგანგებო რეჟიმი იქნა შემოღებული, როცა განსაკუთრებული სიბრძნე და აუღელვებლობა გვამრთებდა, სულთმობრძავმა იმპერიამ ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით სცადა მდგომარეობის დესტაბილიზაცია საქართველოს სხვა რეგიონებში და ქართველების წაკიდება ოსებთან და ლეკებთან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი პროვოკატორი ამ მიზნით არაფორმალურ გაერთიანებათა მიერ ჩატარებულ მიტინგებსაც კი
იყენებს.“

სამწუხაროდ, 1989 წლის 21 ივლისის შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჭავჭავაძეს აღარ დასცალდა მაშინ ასე საჭირო საქმის გაგრძელება. 1989 წლის ბოლოსკენ საქართველომ ორი უმნიშვნელოვანესი ლიდერი დაკარგა: ზურაბ ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა.

შორსმჭვრეტელი ლიდერი –  ზურაბ ჭავჭავაძე https://lessonsgeo.wordpress.com/2014/11/22/%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A3/