ტეგები

,


1989 ზაფხულში სიტუაცია საქართველოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკიდერესად დაიძაბა. საბაბი სოხუმის უნიფერსიტეტის ქართული სექტორის თბილისის უნივერსიტეტის ფილიალად გამოცხადების ინიციატივა აღმოჩნდა და 1989 წლის ივლისში ძმამ ძმაზე ხელი აღმართა. მაშინ აფხაზეთში აფხაზების ხელით  ქართველების სისხლი დაიღვარა. მომხდარიდან 25 წელი გავიდა. რა ხდებოდა 1989 წლის ივლისში საქართველოში, აფხაზეთში? როგორ აგორდა იქ გუნდა, რომელიც ზვავად იქცა? როგორ ამოხეთქა მიზანმიმართულად დათესილმა სიძულვილმა?  წაიკითხეთ 1989 წლის ივლისში, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებული ერთი სტატია  გაზეთის სპეციალური კორეპონდენტი გია  თასოევი, მაშინ, დეტალურად აღწერდა აფხაზეთში საკუთარი თვალით ნანახს.

                                    ტრაგედია აფხაზეთში

“ლიტერატურული საქართველო,” 1989 წლის ივლისი

აფხაზეთში მიმავლებმა, როგორც კი ქუთაისს გავცდით, ვეღარ ვიცანით დასავლეთ საქართველო, ჩვეულებრივად ლაღი და ლამაზი. გზისპირას ელექტროგაყვანილობის ბოძებზე დაეხარათ სამფეროვანი ეროვნული დროშები შავი ლენტით. ავტოინსპექციის საგუშაგოებთან გვაჩერებდნენ, გვჩხრეკდნენ, როგორც ერთ-ერთმა მილიციის მუშაკმა აგვიხსნა, რამდენჯერმე იყო მცდელობა საქართველოს გარედან მომავალი ბოსტნეულით სავსე მანქანების ძარაში იარაღის დამალვისა, რათა აფხაზეთში შეეტანათ.

ზუგდიდი პარალიზებული დაგვხვდა. იმართებოდა და იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. გაფიცულია საწარმო-დაწესებულებები. ერთადერთი, რაც შეიძლება ყველას სახეზე ამოიკითხო, ესაა წუხილი, შეშფოთება – სოხუმში მიმდინარე მოვლენების გამო.
სოხუმის უნივერსიტეტის ქართული სექტორის თბილისის უნივერსიტეტის ფილიალად გამოყოფა, აფხაზეთის ექსტრემისტულად განწყობილმა ჯგუფმა ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა და მოითხოვა – ქართული სექტორი ისევ სოხუმის უნივერსიტეტს დაქვემდებარებოდა.
როგორც უკვე ცნობილია, თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში უნდა დაწყებულიყო მისაღები გამოცდები. მოსალოდნელი არასასიამოვნო ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, მიმღებ კომისიასთან ერთად იმყოფებოდა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი.

იცოდნენ რა მისაღები გამოცდების დაწყების შესახებ, სოხუმის რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლას ალყა შემოარტყა აფხაზური ეროვნების 5000-მა მოქალაქემ. პროვოკაციულად გამოიწვიეს არეულობა, შეიჭრნენ სკოლის შენობაში, ვანდალურად დაანგრიეს რაც მოხვდათ ხელში, სკოლის შენობაში, მიმღები კომისიის წევრებს რკინის კეტებით დაერივნენ და რომ არა ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან მოწვეულ, განიარაღებულ მილიციის მუშაკთა თავდადადება, სკოლის შენობაში მყოფი ქართველები სიკვდილს ვერ გადაურჩებოდნენ. იქ ამჟამადაც ნათლად ჩანს ქართველთა სისხლის ნაკვალევი, გაცოფებული აფხაზური ეროვნების ბრბოს მიერ რომ იღვრებოდა.

შემდგომ ამისა, აფხაზთა შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა რუსთაველის პარკში შეგროვილ ქართველებს, აქვე გარკვევით უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო წესრიგი, თუ რა მიზეზთა გამო, ამას ალბათ სათანადო ორგანოები გამოიკვლევენ. რასაკვირველია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული ქართული მილიციის ნაწილების განიარაღების მიზეზებიც გაირკვევა.
16 ივლისი უიარაღო დაუცველი ქართველებისთვის „ბართლომეს ღამედ“ გადაიქცეოდა, რომ არა აფხაზეთში მცხოვრები სვანი მოსახლეობის გმირობა, სამოქალაქო ომის ცეცხლი ემუქრებოდა სოხუმს, შემდგომ კი მთელს აფხაზეთს.

მდინარე ღალიძგასთან ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა რამდეიმე ქართველი, 48 დაშავდა. სოფელ ტამიშთან გააჩერეს სოხუმიდან წყალტუბოში მიმავალი ავტობუსი, ქართველი მგზავრები გადმოსხეს, აიყვანეს მძევლებლად, მიმართავდნენ შანტაჟს. 16 ივლისს, განთიადისას, ალყა შემოარტყეს სოხუმის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს, დაუშინეს ავტომატის ტყვიები. ეს იმ დროს, როცა იმავე საავადმყოფოში ქირურგიულ ოპერაციას უკეთებდნენ თვით აფხაზების მიერვე უნებლიედ დაჭრილ აფხაზ ექსტრემისტ კობახიას, რომელსაც საკუთარი ძმის თანდასწრებით სისხლი გადაუხეს ქართველებმა- ჯღამიამ და მიქაიამ. 15 ივლისს საღამოს კი დაჭრილი მილიციის თანამშრომელი არ მიიღო სოხუმის მეორე კლინიკურმა საავადმყოფომ ( მთავარი ექიმი ვიაჩესლავ აბუხბა) იმ საბაბით ‘ქართველებს თქვენი საავადმყოფოები გეყოფათო.“ თანამშრომლის ზურაბ ჯიჯეიშვილის განმარტებით, რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ მილიციის მუშაკებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უწევდნენ საბოტაჟს, შემთხვევის ადგილას მისულ მედპერსონალს კი სცემდნენ.

18 ივლისს ჩვენ შევხდით აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ პოეტს გენო კალანდიას, ჩვენთან საუბრისას ბატონმა გენომ თქვა: აფხაზეთის დღევანდელი ტრაგედია დაიწყო „აფხაზური წერილით“, რომელიც მეცხრამეტე პარტიულ კონფერენციას გაუგზავნეს. ეს იყო საოცარი სიძულვლილით დაწერილი წერილი, შედგენილი აფხაზეთის ინტელიგენციის მიერ. ეს წერილი არალეგალურად დადიოდა, გაჩნდა ბზარი აფხაზებსა და ქართველებს შორის. მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს ქართველსა და აფხაზს შორის სიძულვლილი არ ყოფილა. გაზეთ „ბზიფში“ დაბეჭდილი წერილით აფხაზ კაცს მტრად გაუხადეს ქართველი კაცი, აგორებული გუნდა ზვავად იქცა და რისხვა დაატყდა ქართველ კაცს. მე ვიცი ამ სიძულვილს ვინც თესავს. ესენი არიან ის აფხაზი ექსტრემისტები, რომლებიც ამბიციური მიზნებით ცდილობენ პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას. ამ სიძულვილის შედეგია, რომ აფხაზეთში მოღვაწე ქართული ინტელიგენცია იძულებული გავხდით დაგვეყენებინა სოხუმის უნივერსიტეტის და მწერალთა კავშირის გამოყოფის საკითხი. ჩვენ გვეუბნებიან „იმუშავეთ ერთადო,“ როცა აფხაზეთის მწერალთა კავშირში ბუდობს „აიდგილარი,“ აფხაზთა სახალხო ფრონტი, რომელიც ანტიქართული საქმიანობით გამოირჩევა მხოლოდ. ამასწინათ გამოვიდა აფხაზეთის სახალხო ფრონტის გაზეთი „აიდგილარ,“,რომლის რვავე გვერდის ყოველ სტრიქონაში ქართველებისადმი ზიზღი გამოსჭვივის“.

სოხუმში არაერთხელ შევესწარი ერთად თავმოყრილი აფხაზების მოწოდებას: „ქართველები, წაეთრიეთ აფხაზეთიდან,“ ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში. მოვლენები კალეიდოსკოპურად იცვლება. რა მოხდება დღეს, ხვალ, არავინ იცის. თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გამო მომხდარი მოვლენები მხოლოდ საბაბია, მიზეზს უფრო ღრმა ფესვები აქვს. მიმდინარე წლის აპრილში „ბზიფის“ ინციდენტს რომ სათანადო პოლიტიკური შეფასება მისცემოდა, დღევანდელ ტარგედიას ავიცილებდით. ექსტრემისტულად განწყობილი აფხაზთა ნაწილის გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს კომუნისტური პარტიის გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანი კ.ოზგანი ოლიმპიური სიმშვიდით წარმართავს შორსგამიზნულ აქციებს.”

სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში სხვა და სხვა ეროვნების ადამიანებმა მასთან საუბარში კატეგორიულად ითხოვდნენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც იქ  სამოქალაქო ომს აღვივებდნენ.