ტეგები

,


1989 წლის ივნისში  გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუში  აკაკი ბაქრაძეს კითხეს – რას იღონებდა რომელიმე უმაღლესი სასაწავლებლის რექტორად რომ დაენიშნათ? ამ შეკითხვაზე გაცემულ პასუხში აკაკი ბაქრაძემ საინტერესოდ აღწერა უმძიმესი პრობლემა, რასაც საბჭოთა განათლების სისტემა წარმოადგენდა და ისაუბრა საბჭოთა საზოგადოების მანკიერებებზე: შრომის  უპატივცემულობასა და უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის უცნაურ, მასობრივ  მოთხოვნილებაზე. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  ინტერვიუს ამ ნაწილს გაგაცნობთ.

ბაქრძე “რას ვიღონებდი? ვერაფერს. სსრკ-ში განათლების სისტემა მოითხოვს საძირკვლიანად დანგრევას და ახალ საფუძველზე თავიდან აშენებას. ეს კი რექტორს არ ძალუძს. ამას სახელმწიფო ღონისძიება სჭირდება. სსრკ-ში ყველაფერი, მათ შორის განათლებაც, ეყრდნობა მასობრიობას. ხოლო, ის რაც მასობრივია, უვარგისია. ეს ბუნების უბრალო კანონზომიერებაა. გინახავთ მაგალითად, თქვენ მასობრივად ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი? რა თქმა უნდა, არა. თითო-ოროლა თუ შეგხვდებათ. როგორ შეიძლება მასობრივად განათლების მიღება? განათლების მიღებას ხომ ჭკუა სჭირდება, ნიჭი სჭირდება. სად, რომელი ღმერთი არიგებს ნიჭიერებას და ჭკუას მასობრივად? ამიტომ განათლებას იგი უნდა იღებდეს, ვინც ამის უნარით დააჯილდოვა უზენაესმა.

– ზემორე ნათქვამს ისე ნუ გაიგებთ, თითქოს განათლებულთა განსაკუთრებული კასტის შექმნას მოვითხოვდე. არა, სრულიად სხვა რამეს ვამბობ.

დიპლომი– სსრკ-ში უამღლესი სასაწავლებლის დამთავრების დიპლომი ასრულებს იმ როლს, რასაც ძველად აზნაურის ან თავადის სიგელი. თუ გქონდა სიგელი პრივილეგირებულთა ჯგუფს ეკუთვნოდი. ახლაც ასეა: თუ გაქვს დიპლომი პროვილეგირებულთა ჯგუფს ეკუთვნი. მართალია, არამატერიალურად, მაგრამ ზნეობრივად პროვილეგირებულთა.

– როგორც წესი, ფაბრიკა – ქარხნებში მუშა ბევრად მაღალ ხელფასს იღებს, ვიდრე ინჟინერი. ეს თავდაყირა დაყენებული საქმეა. რაღად გინდათ ის ინჟინერი, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე მუშას? დედამიწაზე არ არის სახელმწიფო, გარდა სსრკ-სა, სადაც ასეთი აბსურდული ვითარება არსებობს. აბსურდს ორი მიზეზი უდევს საფუძვლად. პირველი: სსრკ-ში ფასი აქვს რაოდენობას და არა ხარისხს. მეორე: სსრკ-ში შრომა სრულიად გაუფასურებულია.

– ადამიანმა შრომით ტყავი რომ გაიძროს, ვერაფერს მიაღწევს. ხოლო ყველა გაქნილ-გაიძვერას შეუძლია ხელის გაუნძრევლად ფუფუნებაში იხრჩობოდეს. ამის გამო საბჭოთა ადამიანმა დაკარგა შრომის სიყვარული, პატივისცემა, არ სწამს მისი ღირებულება. ამიტომ ადამიანური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება სურს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომით. მატერიალურ კეთილდღეობას კი ნაირ-ნაირი მაქინაციებით მოიპოვებს.

– შრომას რომ ფასი ჰქონდეს, ყველა, ნიჭიერი და უნიჭო არ მიაწყდებოდა უმაღლეს სასწავლებელს. იქ შესასვლელად არ გაჩაღდებოდა ვაჭრობა, როგორც ბოდბისხევის ბაზარში. შრომას კი მაშინ ექნება ფასი, როცა ყველა პროფესიის ადამიანი, დაწყებული მეეზოვით დამთავრებული მეცნიერით, თავის საქმიანობით არა მარტო თავის რჩენას შეძლებს, არამედ ზომიერი კეთილდღეობის შექმნასაც…

– როცა ვისწავლით, რომ არავითარი შრომა არ არის სათაკილო, რომ ყოველგვარი შრომა პატივისცემის ღირსია, რომ სათაკილოა და სამარცხვინოა მხოლოდ უქნარობა, მაშინ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს ფეტიშად არ გავხდით და მუხლმოდრეკილი არ მივმართავთ მსხვეპლს მრავალათასი მანეთის სახით.

– განათლების სისტემა რომ მყარ ნიადაგზე დადგეს, მთელი საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლაა საჭირო, რომელ რექტორს ძალუძს ეს? არც ერთს. იმისათვის, რომ სწავლა-განათლებამ პირვანდელი ღირებულება დაიბრუნოს, მთელი საბჭოური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შეცვლაა საჭირო.”