ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილები“ იხსენებს გზას, რომელიც საქართველომ მე-20  საუკუნის 80 -იანი წლების ბოლოდან დღემდე გამოიარა. ჯერ გზის  დასაწყისში ვართ, იმ პერიოდში, როცა საბჭოთა საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით ჯერ  სერგო ორჯონიკიძის იუბილე აღნიშნეს, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძისა. ეს 1986-87 წლებში მოხდა.

სერგო ორჯონიკიძის დაბადების დღის ზეიმიდან  2 წელი იყო გასული, როცა მისი ძეგლი თბილისში წითელი საღებავით გადაიღება.1987 -ში კი, როცა კომუნისტური ხელისუფლების მეთაურობით ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილეს ვზეიმობდით, მთაწმინდის პანთეობში ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს. დაზიანებული საფლავი სასწრაფოდ აღადგინეს, მაგრამ, საბჭოთა სინამდვილეში  მომხდარი ეს ფაქტი, ახალი და მღელვარე ეტაპის შემობიჯებას მიუთითებდა. 1986 -ის და 1987 -ის საიუბილეო ღონისძიებებს დაწვრილებით  გავიხსენებთ,მანამდე კი უფრო შორეული და უფრო ბნელი წარსულის ერთი სუსხიანი დღის გამოსვლას გადავავლოთ თვალი. ეს დღე და ეს გამოსვლა ჩვენი ბოლშევიკური წარსულიდანაა.

daxvreta

( ნაზი გაბაიძის ფოტოებიდან)

ლავრენტი ბერია

სიტყვა ქალაქ თბილისის საბჭოთა მშრომელი ინტელიგენციის საერთო – საქალაქო წინასაარჩევნო შეკრებაზე

1937 წლის 9 დეკემბერი

“ქართველი ხალხის საზიზღარი მოღალატეები ნ. ჟორდანია, ი. წერეთელი, ე.გეგეჭკორი, მ. წერეთელი, ა. ჩხენკელი, გრ. რობაქიძე და სხვა. ერთ დროს თავის თავს სთვლიდნენ ქართული ინტელიგენციის რჩეულ ნაწილად, ქართველი ხალხის წარმომადგენლად. საქართველის მშრომელთა მიერ გაძევებეულნი, ისინი გაიქცნენ თავიანთ საზღვარგარეთელ პატრონებთან.აშკარად და ცინიკურად გახდნენ ფაშისტურ დაზვერვათა აგენტები და ლაქიები.

1924 წელს მათ შესძლეს ქართული ინტელიგენციის ერთგვარი ნაწილისთვის, განადგურებული თავადაზნაურობისა, კულაკობისა და ოფიცრობის ნარჩენებთან ერთად, მონაწილეობა მიეღებინებინათ სისხლიან ავანტიურაში, რომელიც როგორც ცნობილია, მის დამწყებათა სრული განადგურებით დასრულდა.

ქართველმა ხალხმა შეაჩვენა ისინი, როგორც ყველაზე მოსისხლე მტრები. მაგრამ ხალხის საზიზღარმა მტრებმა არ შესწყვიტეს თავიანთი ძირგამომთხრელი მუშაობა.

ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემები აღმოჩნდნენ პროფესორები: გ. ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა. წერეთელი. ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ს. ახმეტელი, მწერლები: მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, საქართველოს საბჭოთა კავშირის ლიტფონდის ყოფილი დირექტორი დავით წერეთელი, ცნობილი მენშევიკი გაიძვერები ნ. ქარცივაძე, სეით დევდარიანი, გ. მახარაძე და სხვ.

ისინი, უკლებლივ ყველანი, ეწეოდნენ ჯაშუშობას, მჭიდრონ იყვნენ დაკავშირებულნი უცხოეთის დაზვერვასთან, აგროვებდნენ და  საზღვარგარეთ ჰგზავნიდნენ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს. არ თაკილობდნენ არავითარ საშუალებას,  ისინი ამზადებდნენ წყლის მოწამვლას ნატახტარის წყალსადენში, ამზადებდნენ ბაქტიოროგიულ დივერსიას..

მერე რითი დასრულდა მთელი ეს დანაშაულებრივი მუშაობა ხალხის მოსისხლე მტრებისა, რომლებიც ადამიანთა საზოგადოების ნაძირალთა  ფსკერზე მოექცნენ?

საბჭოთა ხელისუფლების ორგანოებმა  ყველა ისინი შეიპყეს, გაანადგურეს და მოსპეს ( ხანგრძლივი ტაში) მთელი ქართველი ხალხი ზიზღითა და კრულვით იხსენიებს მათ. ასეთივე ბედი მოელის ყველას, ვინც გაბედავს მძლავრი საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას ( ხანგრძლივი ტაში)

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მტრები კიდევ დარჩნენ. უნდა გვახსოვდეს დიდი სტალინის ბრძნული მითითებები, რომ ვიდრე არსებობს კაპიტალისტური გარემოცვა, ჩვენში გამოგზავნიან ჯაშუშებს, მავნებლებს, ჩვენკენ გამოიწვდიან ბინძურ, სისხლიან ხელებს. ჩვენ კიდევ უნდა გავაძლიეროთ რევოლუციური სიფხიზლე. საბჭოთა ინტელიგენცია ჩვენი ქვეყნის მშრომელებთან ერთად უნდა იბრძოდეს პატიონად, ხალხის მტრების წინააღმდეგ. ( მქუხარე ტაში)“