ტეგები

,


25 თებერვალი 1921 წელი. ,,ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”

1921 1

1986 წლის ოქტომბრის ბოლოს საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობამ პომპეზურად აღნიშნა იმ კაცის 100 წლის იუბილე, რომელმაც ლენინთან და სტალინთან ერთად დამოუკიდებელ საქართველოს მოუღო ბოლო. ეს ის დრო იყო, როცა მიხეილ გორბაჩოვს სიტყვა „პერსტროიკა“ ახალი ნახსენები ჰქონდა, ანტისაბჭოთა გამოსვლები კი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, საბჭოთა კავშირში „უძრაობის ეპოქა“ სრულდება და მალე, დიდ ეკრანებზე თენგიზ აბულაძის „მონანიება“ უნდა გვენახა. ამ დროს შეეცადა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული პატივი მიეგო სერგო ორჯონიკიძის ხსოვნისთვის. სასწავლო დაწესებულებებში “დიდი რევოლუციონერის” უზარმაზარი პორტრეტები დაკიდეს.

1986 წლის 21 ოქტომბრის გაზეთი „კომუნისტი:“ „სერგო ორჯონიკიძის ნათელი ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მშრომელებმა დამკვრელური შრომით აღნიშნეს საიუბილეო თარიღი. გულთბილ ვითარებაში ჩაიარა ზეიმმა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სერგოს მშობლიურ სოფელში, რესპუბლიკის ბევრ რაიონში.“

თბილისში გვირგინით შეამკეს სერგო ორჯონიკიძის ძეგლი, რომელიც ორი რაიონის – ორჯონიკიძის და საბურთალოს რაიონების დამაკავშირებელ გზაზე იდგა. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე  ზარ-ზეიმით გახსნეს მისი სახლ-მუზეუმი და იქ თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ალავიძემ თქვა: „სამშობლო არ დაივიწყებს თავის ერთგულ შვილებს, ახალი მუზეუმის როლი არ ამოიწურება მხოლოდ ჩვენი გამოჩენილი თანამემამულის ხსოვნის პატივისცემის გამოხატავით, ეს მოზარდი თაობის კომუნისტური და იდეურ – ზნეობრივი აღზრდის კიდევ ერთი ცენტრია.“

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა 2 წელი და მწერალთა კავშირის მდივანი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც 1987-ში ჯუმბერ პატიაშვილს იმოწმებდა და მწერლებს  “გენერალური ხაზის” დაცვისკენ  და” სანიმუშო დისციპლინისკენ” მოუწოდებდა, დაწერდა: „მეც გამოვთქვი ჩემი აზრი სერგო ორჯონიკიძის პიროვნების გამო. ბოლოს იგი „სახალხო ფრონტის“ გაზეთშიც დაიბეჭდა. ვთქვი, რომ ორჯონიკიძემ უნდა დასტოვოს თავისი პიედესტალი. მთავრობამ ბოლოს და ბოლოს ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს და გადაწყვიტა და მოხსნა კიდეც ძეგლი უღირსი პიროვნებისა.. შემდგომ რა მოხდა? მოაბეს ყელში ვეეებერთელა მავთული, დააგდეს სპეცმანქანაზე და ნანადირევი დათვივით ათრიეს ქუჩა-ქუჩა. ერთ კაცს ( ჩემი თვალით ვნახე) ფეხი ედგა სერგო ორჯონიკიძის სახეზე, ამაყად იხედებოდა აქეთ-იქით, მაგრამ რა ძალიან მოჰგავდა იმის ფეხი სერგო ორჯონიკიძის და მისთა ძმათა ჩექმაში გამოწყობილ ფეხს, რომლის ქვეშაც ითელებოდა ქართველი ხალხის უფლება..“ ( სტატიიდან „თავისუფლება ლომთა ხვედრია.““ლიტერატურული საქართველო,“ 1989 წელი)

საქართველოს დამაქცევარი ბოლშევიკი ლიდერის ძეგლი თბილსს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოაცილეს. მანამდე კი საბურთალოზე, სერგო ორჯონიკიძე წითელ საღებავში ამოვლებული იდგა. მის ძეგლს ხალხი კვერცხებს უშენდა. ერთხანს კგბ-მ ძეგლს შეიარაღებული დაცვაც კი დაუყენა.

თბილისში სერგო ორჯონიკიძის ძეგლის დამხობა იყო ერთგვარი სიმბოლო „ბოროტების იმპერიის“ დასასრულისა.