ტეგები

,


“მე ვგრძნობ, თუ რა ხშირად ვართ მიჯაჭვულნი ცხოვრების მხოლოდ უარყოფით მხარეებს, იმას, რაც ცუდია. ჩვენ რომ უფრო მეტი სურვილი გვქონდეს, დავინახოთ სიკეთე, დავინახოთ ის სილამაზე, რაც ირგვლივ გვარტყამს, შევძლებდით გარდაგვექმნა ჩვენი ოჯახები, შემდგომ – კარის მეზობლები, მერე – ისინი, ვინც ჩვენს უბანში, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. ჩვენ შევძლებდით მოგვეტანა სიმშვიდე და სიყვარული ამსოფლად, რომელიც ასე მოწყურებულია ამას.თუ მართლა გვინდა დავიპყროთ მსოფლიო, ეს უნდა გავაკეთოთ არა ბომბებითა და სხვა გამანადგურებელი იარაღით. ჩვენ მსოფლიოს სიყვარულით დავიპყრობთ. ურთიერთგადავაწნათ ჩვენი სიცოცხლენი, მოვქსოვოთ ისინი სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის ძაფებით, და ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს დაპყრობას. ” დედა ტერეზა

1989 წლის ივნისში საქართველოს მსოფლიოში სახელგანთქმული კათოლიკე მისიონერი, ნობელის პრემიის ლაურეატი დედა ტერეზა ესტუმრა  და 9 აპრილის ღამეს მოწამლულები მოინახულა. მაშინ, დედა ტერეზამ თბილისში სათნოების სახლი დააფუძნა და იქ ოთხი მოწყალების დაც დატოვა.

დედა ტერეზე თბილისშიეს ისტორიული ფოტო, რომელზეც ვხედავთ  დედა ტერეზას თბილისში, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან: ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდანაა.

1989 წელსვე საქართველოში გამართულ ფესტივალზე – “ოქროს საწმისი” –  მთავარი ჯილდო მიენიჭა დედა ტერეზაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს. მოსკოვში მოღვაწე  რეჟისორმა თამარ დულარიძემ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დედა ტერეზას თბილისში ჩამოყვანაში, “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ამ ფილმის ავტორები მათთვის გადაცემულ საჩუქრებს დედა ტერეზას გადასცემდნენ და ამ გზით მოხვდა მასთან მოსკოველი ქართველების საჩუქარი – ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული ქართული ხალხური  სიმღერების ფირფიტა. “რომ ჩაუტანეს, იქიდან დაგვირეკეს. დედა ტერეზას არასოდეს უნახავს კინო, მაგრამ მუსიკას უსმენდა. და დაუკრეს ეს ფირფიტა. პირველი იქ არის ურმული. პირველი რომ დავუკარით, ატირდაო, მოითხოვა კიდევ…მერე უთქვამს, იქნებ გაიგოთ, რომელ ეკლესიაში გალობს ეს კაციო. ეჭვი არ შეპარვია, რომ ურმული არის საეკლესიო და რომ ამის გალობა შეიძლება მარტო ეკლესიაში. უკითხავს, ეს ქვეყანა სად არისო. რომ უთხრეს, საქართველოაო და რუკაზეც უჩვენეს, თქვა: იქ ვერასოდეს მოვხვდებიო. აი, აქ დავიწყეთ ჩვენ ის, რასაც თბილისში “ჩალიჩი” ჰქვია.” (რეჟისორი თამარ დულარიძე “რადიო თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში “ქალი და მსოფლიო.” 2003 წელი)