ტეგები

, ,


1989 წლის  9 აპრილის ღამის ჯოჯოხეთი რუსთაველის პროსპექტზე, ზუსტად ისეთი, როგორიც  იყო და როგორც ის ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ -ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭავჭავაძემ აღწერა  1989 წლის 18 აპრილს გამოქვეყნებულ მოგონებაში.

სისხლიანი კვირა

ზურაბ ჭავჭავაძე, “ივერია,” 1989 წლის 18 აპრილი.

სანტლები

“9 აპრილი. დილის 4 საათი სრულდება. რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ ათასობით ადამიანს მოუყრია თავი. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. ჰაერში, რომ იტყვიან, დენთის სუნი ტრიალებს. ლენინის მოედნის მხრიდან გვერდიგვერდ ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი მოიწევს. უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაუყოვნებლივ, სამხედრო ძალის გამოყენებით დაშალოს მიტინგი. ეჭვი არაა, მანიფესტანტებს დაუნდობლად გაუსწორედბიან. „ქალებმა და ბავშვებმა უკან დაიხიეთ,“ – ვყვირი და რუსთაველისა და ჭიჭინაძის ქუჩების კუთხიდან იმპროვიზირებული ტრიბუნებისკენ გზას მივიკვლევ. ოთხმა ჯავშნიანმა მანქანამ ნელი სვლით ჩაუარა მთავრობის სახლს და სამხატვრო გალერეასთან შედგა. მათ უკან მომავალი, ფარებითა და ხელკეტებით აღჭურვილი ჩაფხუტიანი ჯარისკაცების კოლონა რუსთაველის გამზირზე – ჩიტაძის ქუჩის მიდამოებში შეჩერდა. საბრძოლო მანქანებსა და ქვეით ჯარს შორის წარმოქმნილი დერეფანი კვლავ ხალხით ივსება. ხელკეტიანთა უკან დგას სამი სპეციალური მანქანა, რომელთა წყლის ზარბაზნები ყველას აფიქრებინებს, რომ თავიდან ხალხის დაშლას წყლით შეეცდებიან. ნურას უკაცრავად, თურმე ამ მანქანებს სრულიად სხვა დანიშნულება აქვთ.

ხელკეტიანები, ჩემი შეფასებით, ერთი პოლკი, რუსთაველის გამზირზე სოლისებურად ფარიეწყობიან. მთავრობის სახლის წინ, ხალხის მასაში ცვივა ქიმიური იარაღის შემცველი ყუმბარები, ქვაფენილიდან დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლეზე დგება მტვრისმაგავრი ქიმიური ნივთიერების ბუღი, იწყება პანიკა. ორიოდე წუთიც და სპეცჯარები იერიშზე გადმოდიან. ორგანული მინისგან დამზადებული ფარებით ერთიანი კედელი შეუქმნიათ, სოლისებურად წინ მოიწევენ და ხელკეტებს დაუზოგავად ურტყამენ გაბრუებულ დემონსტრანტებს, რომელთა უმრავლესობა ქალებია. ხელკეტიანები, რომ იერიშზე წარმოვიდნენ, მაშინღა მივაღწიე იმ ამაზრზენ ქანდაკებას, რომელიც მთავრობის სახლის ფასადის მარცხენა მხარეს დგას. წინსვლა შეუძლებელი ხდება. ხელკეტიანთა ბანდების მწყობრი წინ მოიწევს და ქიმიური იარაღით გაბრუებულ და გაუგონარი ცემა-ტყეპით დაზაფრულ ხალხს მოერეკება, თან გაქცევის საშუალებას არ აძლევს, ხალხი ერთმანეთს აწყდება, წუთიც და – რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად პარაპეტიდან იმ ორმოში ვვარდები, მთავრობის სახლის მთელ სიგრძეზე დეკორატიული ბუჩქები რომ იზრდება. თავზე გვაცვივა ოტებულ ადამიანთა ახალ – ახალი ტალღები. ენით აუწერელი გნიასი დგას. უმრავლესობა გოგონები და ქალებია.

სპეცჯარის ერთი ასეული დემონსტრანტთა რიგებს არღვევს და ალყას გვარტამს ორმოში ჩაცვენილებს. ისინი მიჯრით დგებიან პარაპეტზე ჩვენს გევრდით, ხელკეტებს და წიხლებს გვირტყამენ და ორმოდან ამოსვლის საშუალებას არ გვაძლევენ. ნუთუ მათში არც ერთს არ აღმოაჩნდება ადამიანობა და ნაცემ – ნაგვემებს, დასისხლიანებულ ქალიშვილებს მაინც არ მისცემს გაქცევის საშუალებას?! როგორ არა, აი, ერთ-ერთი ჯარისკაცი პარაპეტის ნაპირიდან უკან იხევს, ასასვლელ ადგილს ათავისუფლებას და უსიტყვოდ გვთავზაობს – ამოდით გაიქეცითო. ოციოდე წლის ჭაბუკი სხვების დახმარებით ახერხებს პარაპეტზე ასვლას ( სულ ცოტა 1.5 მეტრის სიმაღლეა), წელში სწორდება.. და „ღვთისნიერი“ ჯარისკაცი ჯერ გამეტებით ჩასთხლეშავს თავში ხელკეტს და შემდეგ ჩაკეცვას არ აცლის, ფარით ისე უბიძგებს, რომ გონწასული და თავგაჩეხილი ახალგაზრდა ჰაერში კამარას კრავს და ერთმანეთში აზელილ ხალხს ეცემა. განწირული ქალების კივილი ცას წვდება. ხსნა არსაიდან ჩანს და აქ, ჩემთვის მოულოდნელად, მოულოდნელად, რადგან ჩემი ცხოვრება საპირისპიროს მოწმე ვარ, განწირულთ მხსენლად მოგვევლინა ხუთი ქართველი მილიციელი! ორი მათგანი რიგითი იყო, სამნი, ვგონებ, ზემდეგები, ისინი მთავრობის სახლის მხრიდან შემოვიდნენ, სამნი ჯარისკაცებსა და ჩვენს შორის ჩადგნენ და აწიოკებული ხალხის ამოყვანა დაიწყეს. ორმა ქანდაკებასა და ჯარისკაცებს შორის დერეფანი შექმნა და ორმოდან ამოყვანილების გატარება დაიწყო უსაფრთხო ადგილისკენ. არ იფიქროთ, რომ ეს დამრბევთა სცენარში შედიოდა, უბრალოდ, მომხდურნი დააბნია მილიციელთა ფორმამ და მათმა თავდაჯერებულმა, გაბედულმა მოქმედებამ. ამის დასტური ისაა, რომ რამდენიმე წუთში ამ მილიციელებსაც ისევე დაერევიან, როგორც ხალხს აწიოკებდნენ, მაგრამ მანამდე oriveსამ ქართველ მილიციელს ზედიზედ აჰყავს ზევით განწირული ადამიანები. ერთი უცნობი მამაკაცი, მერაბ კოსტავა და მე ქვევიდან ვეხმარებით. უმრავლესობა ქალები და გოგონები არიან. თითქმის ყველანი ნაიარებნი, აცახცახებულნი, ფეხშიშველნი ( იმ გოგოებიდან, ვინც მე ავსვი ზევით, მხოლოდ ერთს შერჩენოდა ცალი ფეხსაცმელი). ზევით კი ავსვამთ, მაგრამ რა? ბევრი ისეა გაბრუებული, რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს და იქვე იკეცება. მათ გადასაყვანად ბიჭების ასმაც დავიწყეთ, ისინი ზურგზე იკიდებენ და ისე მიათრევენ გათიშულთ.

ორმო ნელნელა ცარიელდება. მე და მერაბიც ამოვდივართ პარაპეტზე, მილიციელი ისეა ქანცგაწყვეტილი, თითქოს ვეღარ გევხმარება. ორმოში კვლავ ცვივა ხალხის ახალი ტალღა, ჩვენ მათ ამოყვანს ვიწყებთ. „წადით, თქვენ წადით, ჩვენ ამოვიყვანთ.“ – გვეუბნება მილიციელი, რომელსაც სახეზე ფერი აღარ აქვს, ცივი ოფლი ასხამს და ძლივსღა სუნთქავს. ჩვენ ფეხს არ ვიცვლით, ორი თუ სამი კაცის ამოყვანას კიდევ ვასწრებ და თავს გვესხმიან რუსთაველის გამზირის მხრიდან იერიშით ამოსული სპეცჯარის გამძვინვარებული ჯარისკაცები. ამათთან შედარებით ისინი, რომლებმაც თავიდან შემოგვარტყეს ალყა, კრავებსა ჰგავდნენ. ახალმოსულები მილიციელებსაც ჩვენსავით ხელკეტებით უსწორდებიან. მე და მერაბი მთავრობის სახლის გასწვრივ, კედელ-კედელ, პირევლი საშუალო სკოლის მიმართულებით მიმავალ ხალხს ვუერთდებით.

ო, რა ნელა მივიწვეთ წინ! წინ მიმავალთ არ უწყიან რა ხდება უკან და მეჩვენება, რომ გულისგამაწვრილებლად ნელა მოძრაობენ. ჯარისკაცებმა ჩვენი მხსნელი მილიციელები გადაჯეგეს და ახლა ჩვენსკენ მორბიან.. სულ უკან მე ვარ, ჩემს წინ მერაბია. ორიოდე მეტრიღა რჩება ქუჩამდე. „ დაუჩქარეთ“ – ვყვირი და მერაბს მთელი ძალით ვაწვები. ჯარისკაცები გვეწევიან და ხელკეტებს მიშენენ. თავს ხელებით ვიფარავ და ვიხრები. დარტმები, ძირითადად ზურგზე და ფეხებზე მხვდება. ორიოდე ნაბიჯიც და ქუჩაზე ვიქნებით. ამ დროს მარჯვენა გვერდში ძლიერ დარტყმას ვიღებ, თითქმის მაშინვე თავში. ვგონებ, შევყვირე, ვიღაც ტრიალდება, ენერგიული მოძრაობით იგერიებს ჯარისკაცს და ქუჩაზე ჩამოხტომაში მეხმარება, რადგან იმ წუთას თითქმის ვეღარაფერს ვხედავ. ჩვენმა მდევრებმა მთავრობის სახლის წინა ტერიტორია რაკიღა დაიკავეს, ჩანს, ახალი ბრძანების მოლოდინში წუთით შეჩერდნენ. ჩამოხეულ – ჩამოფლეთილი და დასისხლიანებული ხალხი ზემელის მიმართულებით გარბის. ფიზიკური ტრამვებისა და განსაკუთრებით ქიმიური გაზის ზემოქმედების გამო გვარიანად გაბრუებული ვარ. ლაღიძის წყლებთან როგორ მივაღწიე, არ ვიცი. ჰაერი მომწამლავი აირითაა გაჟღენთილი, სუნთქვა ჭირს, წყურვილი მახრჩობს. დამსჯელი რაზმების კოლონა რუსთაველის გამზირის მთელ სიგანეზე ჩვენსკენ მოიწევს. ოციოდე დემონსტრანტთან ერთად ლაღიძის წყლების ეზოში შევრბივარ..”