ტეგები

,


ვინ რა უთხრა საქართველოს მოსახლეობას 1989 წლის აპრილის დიდი ტრაგედიის დღეებში? რითი ანუგეშა? რა ურჩია? იყო ბევრი მიმართვა და ისინი მაშინდელი პრესის ფურცლებს შემორჩა. ჭაბუა ამირეჯიბის წერილი – “ჭკუით, ქართველებო!”-  1989 წლის 12 აპრილს,გაზეთ “სახალხო განათლებაშ” გამოქვეყნდა. აი, რა ეწერა ამ წერილში:

“უფრო გვიან, უფრო სიზუსტით დადგინდება ჭეშმარიტება  და ვიმედოვნებ, ქართველი ერის ისტორიას შემორჩება ეს პირსისხლიანი ეპიზოდი, როგორც უდიდესი შეცდომისა და ხალხის უსინდისოდ მოტყუების მაგალითი. დღეს ამისთვის არც ტელევიზიას სცალია, არც მე და, სიმართლე გითხრათ, ახლა ზუსტი ანალიზის თავი არცა  მაქვს. თუმცა მე ამას როდესმე გავაკეთებ, გამოვაქვეყნებ და თუ არ გამომიქვეყნეს ხელნაწერის სახით გავავრცელებ.

ახლა მე სხვა თემაზე მინდა ვილაპარაკო. უნდა ვილაპარაკო იმ საშიშროებაზე, რომელიც ჩვენს ერს და თბილისს, მის მოქალაქეებს და მცხოვრებლებს ახლო მომავალში ელით, თუ ჩვენ თავს არ ვუთხარით დამაწყნარებელი, სიმშვიდის მომგვრელი და ღირსების შემანარჩუნებელი ორიოდე სიტყვა.

ხელისუფლება სამხედროების ხელშია, ეს იმას ნიშნავს,  კანონმა და კონსტიტუციამ მუშაობა შეწყვიტა, როდესაც ცხადდება კომენდანტის საათი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცველი ორგანოები და ჯარის ნაწილი გამოდიან არა კანონიდან, არამედ საჭიროებიდან…

მე მგონი კმარა, რაც ჩვენმა მცირერიცხოვანმა ერმა დაკარგა გუშინ. ნუღარ გავზრდით მსხვერპლს, მოვეკიდოთ საქმეს გონებით, თავშეკავებით, მომავლის იმედით.

მეგობრებო, ჩვენ ობოლი ერი ვართ, არც ნათესავი გვყავს სადმე მსოფლიოში, და არც დიასპორა გვაქვს, ანუ  ქართველობა არსად არის გაბნეული, ჩვენ ჩვენი კერის მოსიყვარულე ერი ვართ. ჩვენ მხარის დამჭერი არავინა გვყავს – დავიხსომოთ ეს. დავიხსომოთ ისიც, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა ხელისუფლება, რომელსაც უპატიებია ვინმესთვის განზრახვა – დაამხოს არსებული ხელისუფლება.

ჩვენ მშვენიერი ახალგაზრდობა გვყავს, ვიცი, რომ მთელი საქართველო გლოვობს, მაგრამ ნათელი საქართველო მჯიღს მკერდში იცემს.

კეთილგონიერება მოითხოვს ყველაფრისგან შევიკავოთ თავი. ნურავინ დადგება იმის იმედად რომ ვინმეს რაიმეს შეარჩენენ. ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, ან უკვე იყვნენ შვილების პატრონნი, ან მომავალში უნდა შეემატებინათ ჩვენი ერისთვის შვილები და, მაშასადამე, ერის მომავალი. „საცა არა სჯობს გაცლა სჯობს,“ – ჩვენ უნდა შევიგნოთ  ეს. დავაკავოთ ტემპერამენტი, გზნება.

ჭორების დონებზე ლაპარაკი არ მინდა მე, რაც ნამდვილად ვიცი იმას ვიტყვი. თუ თვითონ მოქალაქეებმა, ახალგაზრდობამ არაფრით გამოიწვია საჯარისო პატრულის წყრომა, შეურაცხყოფა იქნება ეს, ქვის სროლა, სტვენა, მან ქანების გრიალი, ცხვირწინ დროშის დრიალი და საერთოდ გამომწვევეი საქციელი, პატრული ხმას რა გასცემს. ნუ გავამწვავებთ მდგომარეობას, არაფერს მოგვცემს  ჩვენ კიდევ ასი მოკლული, თუნდავ ერთი მოკლული, ეს არ არის ერის ინტერესებში.”