ტეგები

,


1989 წლის 9 აპრილის სასტიკი სადამსჯელო ოპერაციიდან 10 დღეც არ იყო გასული, როცა გაზეთ ” თბილისში” გამოქვეყნდა ფილოსოფოს გია ნოდიას სტატია ” რას ნიშნავს „გონიერება?“ “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  შემოგთავაზეთ 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში გამოთქმული მოსაზრებები, ამ ბლოკს კიდევ ერთს შევმატებთ. გავიხსენოთ რა გზა მიაჩნდა წერილის ავტორს ყველაზე გონივრულ და რაციონალურ გზად მაშინ.

რას ნიშნავს „გონიერება?“ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით იწყებდა სტატიას გია ნოდია:

15-nodia“9 აპრილის წინა და მომდევნო დღეებში ეს მოწოდება იყო ძირითადი შინაარსი ჩვენს მეცნიერთა, ხელოვანთა, მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა მრავალი გამოსვლისა საქართველოს პრესით, რადიოთი და ტელევიზიით.

სიტყვა „გონიერება“  ( ან – „კეთილგონიერება“) ამდენი ხმარებისგან გაცვდა, გაიცრიცა, საზრისი დაკარგა, გამაღიზიანებელიც კი გახდა.

არადა, რომ დაფიქრდები, შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძებნას რომ იწყებ, გინდა–არ გინდა, ისევ ეს სიტყვები ამოგიტივტივდება: „ემოციებს არ უნდა ავყვეთ. გონიერებაა საჭირო!“

საჭირო კია, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ერთი და იგივე სიტყვების ხშირი გამეორებაა, რაც ხელს გვიშლის გონიერებისკენ და თავშეკავებისკენ მოწოდება ბუნებრივად და სწორად აღვიქვათ?

წლების განმავლობაში ოფიციალური პროპაგანდის ენაზეც და ჩვენს ცნობიერებაში სიტყვა „გონიერება“  „მორჩილების“ სინონიმად იყო ქცეული. მმართველობის ბიუროკრატიული სისტემა ისე შეკრული და შეუვალი ჩანდა, რომ მასთან შებრძოლების, რაიმეგვარი პროტესტის გამოთქმის მცდელობა სიგიჟედ აღიქმებოდა. აკი საბჭოურ ფსიქიატრიაში მეტისმეტად ჯიუტი სამართლისმაძიებლობა „შიზოფრენიის“ სიმპტომად მიიჩნეოდა და არაერთმა სამართლისმაძიებელმა მართლაც ამოჰყო თავი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. გონიერებისკენ მოწოდება კი ამის საპირისპიროდ ნიშნავდა: „ხომ ხედავ არაფერ გამოდის? მაინც ვერაფერს გახდები, იყავი შენთვის, გააკეთე შენი საქმე.“ ახლაც ამას ნიშნავს, როცა გვეუბნებიან – ან ჩვენს თავს ვეუბნებით – „გონებას მოვუხმოთ!“ დაგვიხოცეს ხალხი – გამოვიგლოვოთ, დავმარხოთ, მერე დავმშვიდდეთ და ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ. შევიგნოთ კარგად, რომ არაა ჩვენი საშველი, და სიცოცხლეს მაინც ნუ ჩავიგდებთ საფრთხეში. ზოგი, შეიძლება, დღესაც ასეთ „გონიერებას გულისხმობს, სხვებს კი ის სურვილი ამოძრავებს, საზოგადოების ენერგიას უფრო რაციონალური და რეალისტური გზა მოუნახონ და სულაც არ ცდილობენ ცინიზმისა და განურჩევლობის ჭაობში დაგვაბრუნონ. მაგრამ ამ სურვილის გამოხატულებასაც ჩვენი აუდიტორია სტვენით შეხვედრია. რატომ? უარი ვთქვით გონებაზე? არა, მაგრამ თვით სიტყვამ განიცადა დისკრედიტაცია, მეტისმეტად გაუჯდა „მორჩილების“ გემო. გვეშინია მეტისმეტმა „გონიერებამ“ ისევ ძველებურად არ ჩაგვაღუნინოს თავები.”

1989 წლის 9 აპრილის შემდგომ დღეებში დაწერილ ამ წერილში გია ნოდია მოკლედ აჯამებდა  9 აპრილის ტრაგედიამდე  ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობის მიერ განვლილ გზას, ამ მოძრაობაში ე.წ.  რადიკალების გაძლიერებას, ცალკე მაშინდელი ხელისუფლების ქცევას  და ასეთ დასკვნას აკეთებდა: “ხალხის საერთო განწყობილების გამოხატვის ძირითად საშუალებად იქცა მრავალრიცხოვანი მიტინგები და დემონსტრაციები, რომლებსაც ხელისუფლება საგანგებო ზომების გარეშე, ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდა. მიტინგზე კი, სხვათა შორის, ემოცია ყოველთვის აჯობებს გონებას, რადიკალი კი ზომიერს. საზოგადოებასთან, არაფორმალურ გაერთიანებებთან რაღაც დიალოგზე ან დათმობაზე მთავრობა მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როცა მიტინგებისა და დემონსტრაციების ახალი ტალღა მოაწვებოდა. ამასთან საზოგადოების ერთ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, შეიქმნა რწმენა, რომ მასობრივი მანიფესტაციები ერთადერთი საშუალებაა მთავრობაზე ზემოქმედებისა, რომ ხელისუფლებასთან მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება ლაპარაკი.

მცირე პერიოდის მანძილზე, გასული წლის ოქტომბერ–ნოემბერში, ხელისუფლება თითქოს დიალოგზე წამოვიდა, რამდენიმე სანქცირებული მიტინიგიც გაიმართა. ამ დროს ჯუმბერ პატიაშვილის პირადი ავტორიტეტი ხალხში, ახალგაზრდობაში  ისეთი მაღალი იყო. როგორც არასდროს. მაგრამ, სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკა ეპიზოდად დარჩა. დაბრუნდა შეურიგებელი კონფრონტაციის ხანა, რომელმაც საბოლოდ „ჩატეხილი  ხიდის“ გამოუვალი სიტუაცია მოიყვანა. ერთი მხრივ იდგა სრულიად დისკრედიტირებული მთავრობა, რომლის პირით ნათქვამ „ჭეშმარიტ სიტყვასაც“ კი ხალხი უკვე სიყალბედ აღიქვამდა, მეორე მხრივ კი – რადიკალურად განწყობილი არაფორმალური გაერთიანებები, რომლებიც ყველაზე ღიად და გაბედულად აყენებდნენ ყველაზე მიმზიდველ ლოზუნგს „საქართველოს დამოუკიდებლობას.” ამ ლოზუნგის წყალობით მათ შეეძლოთ ასობით ათასი ადამიანის გამოყვანა მიტინგებისა და დემონსტრაციებზე, მოეწყოთ მასობრივი შიმშილობები და გაფიცვები, მაგრამ არ გააჩნდათ არავითარი ნათელი და რეალისტური პროგრამა ამ დამოუკიდებლობის მიღწევისა. ხალხი მოექცა ღრმა კრიზისში, რომელიც სისხლის კიდევ ერთი დანთხევით დასრულდა.

დიდია ჩვენი ტკივილი, უმძიმესია დამსჯელი აქციის ორგანიზატორთა დანაშაული,ap მაგრამ ტკივილი კიდევ უფრო გაიზრდება და დანაშაულს დანაშაული დაემატება, თუ მსხვერპლი უაზრო აღმოჩნდა და საზოგადოებამ მომხდარიდან გაკვეთილები არ გამოიტანა.

პირველი გაკვეთილი, ჩემი აზრით, ასეთია: ერთადერთი ლოზუნგი, რომელიც დღეს რაღაცას ეუბნება ქართველი კაცის გულსა და გონებას, ხალხი მრავალწლიანი ძილის მდგომარეობიდან გამოჰყავს, საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგია.

მეორე: მოქმედების რეალური და კონკრეტული პროგრამა, რომელიც ადამიანების ამ უღრმეს მისწრაფებას უპასუხებს არის საბჭოთა კავშირის საზღვრებში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის თანდათანობითი, მაგრამ განუხრელი განმტკიცებისა და გაფართოების პროგრამა. ეს პროგრამა კი მხოლოდ სამართლებრივი ხერხებით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით შეიძლება განხორციელდეს.

თუ, ერთის მხრივ, რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელობას, მეორე მხრივ კი საზოგადოების აქტიურ ნაწილს არ უნდა სისხლიანი ტრაგედიების განმეორება, მათ ამ მიმართულებით უნდა მოახდინონ ძალთა კონცენტრაცია.” (1989 წ. 18 აპრილი. გაზეთი “თბილისი”.)