ტეგები

,


sh

1989 წლის 9 აპრილს თბილისში,  მშვიდობიანი დემონსტრანტების უსასტიკესი დარბევის შემდეგ (რაც საბჭოთა ჯარის გამოყენებით მოხდა და რასაც მსხვერპლი მოჰყვა) მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამონარიდს  1989 წლის 14 აპრილს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ედუარდ შევარდნაძის გამოსვლიდან.

9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ჯუმბერ პატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე

“ამას ვამბობ უკვე უქარაგმოდ, როცა ვეხები ამხანგ პატიაშვილის მეთაურობით რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს არის გადაწყვეტილება ძალის გამოყენების, თბილისში კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებას, როგორც გვითხრეს, მოითხოვდა რესპუბლიკის ბევრი თვალსაჩინო ადამიანი, რომლებიც ახლა მის კრიტიკოსთა როლში გამოდიან. გადაწყვეტილება, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წევრებმა ლამის ერთხმად მიიღეს, ზოგიერთების გამოკლებით. გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებას ესოდენ მძიმე, გამოუსწორებელი შედეგები მოყვა.”

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებზე

“ლაპარაკობენ 9 აპრილის ტრაგედიის წინ მომხდარი ამბების მშვიდობიან ხასიათზე და დუმილით გვერდს უვლიან სრულიად არამშვიდობიან მოწოდებებს, წინადღით რომ გაისმოდა. ზოგიერთმა, ვისაც ახალგაზრდობის კერპობა სწყუროდა, ვინც ამას ჩემულობდა, არათუ უგულებელყო თავისი პასუხისმგებლობა მის წინაშე, არამედ დაიწყო თამაში თავისი უპატივცემულობით კანონებისადმი, მართლწესრიგისადმი, კონსტიტუციისდამი. მე არ გამოვდივარ ბრალმდებლის როლში, მინდა მხოლოდ ვთქვა, რომ ვერაფერით ვერ დამიღწევია თავი იმ გრძნობისგან, თითქოს ეგრეთ წოდებული არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებიდან ზოგს სრულიად შეგნებულად მიჰყავდა ადამიანები, რომლებიც მათ ენდნენ, სამსხვერპლოზე. მე არამც და არამც არ მომწონს ის ჯგუფები, რომლებიც თავიანთი საკუთარი, ანგარებიანი, კარიერისტული მიზნებით, თავიანთ რიგებში ითრევენ უმცროსი კლასების მოსწავლეებს – ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი – და მათ უსანქციო, კანონსაწინააღმდეგო დემონსტრაციების პირველ რიგებში აყენებენ.დაე, ყოველმა მოზრდილმა კაცმა გააჩეროს ბავშვი და უთხრას, რომ მისთვის ადრეა სხვების მიერ თავსმოხვეული ლოზუნგების ტარება ან შიმშილობის გამოცხადება.”

გაგებით მოკიდება

“რაგინდ მძიმეც უნდა იყოს მათთვის, ძნელია გაამართლო მათი გადაწყვეტილება – საშველად მოეხმოთ ჯარები და ელაპარაკათ ხალხთან ტანკებსა და ჯავშანტრანპორტიორებს ამოფარებულთ. მე მაინც ვფქირობ, რომ აქ იყო ნაჩქარეობის ელემენტები, არ გაუანგარიშებიათ შესაძლო ვარიანტები, არ დაუპროგნოზირებიათ შედეგები.ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩემთვის არცთუ ადვილია ესოდენ მკაცრი შეფასების მიცემა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არ მინდა ხაზი გადავუსვა რესპუბლიკის პარტორგანიზაციის მუშაობას. ხელმძღვანელებს მოქმედება მოუხდათ უაღრესად ძნელ პირობებში. ეს უნდა გავიგოთ და გავითვალისწინოთ, მათ შორის ახალმა ხელმძღვანელებმა. ”

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე

“უკვე ვთქვი და მზად ვარ გავიმეორო: ამ დღეებში ჩვენ წინ გაიარა ათობით, ასობით ადამიანმაც. გაიარეს და გაატარეს – ზოგმა დროშასავით, ზოგმა მახვილივით – ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემები და საკითხები. ბევრნი ლაპარაკობდენ ისეთ რამეზე, როგორიც არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თვითგამორკვევა, თანაც ლაპარაკობდნენ საქმის ცოდნით, წინათ წარმოუდგენელი ერუდიციით.

მარტო მოწოდებებით და ლოზუნგებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. ამ დღეებში გამოვლენილ ტენდენციებს სერიოზული გააზრება სჭირდება. რესპუბლიკის ახალ ხელმძღვანელობას – მემკვიდრეობად რჩება ყოველგვარი ეროვნული ფობიები, სირთულენი და უთანხმოებანი. რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს მისთვის ეროვნებთაშორისი დიალოგის მოგვარება მრავალეროვან რესპუბლიკაში, მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების არსებული ტრადიციები და სოციალისტური პერიოდის რეალური მონაპოვრები, დარწმუნებული ვარ დაეხმარება დღევანდელი გასაჭირის დაძლევაში.

მხედველობაში მაქვს ქართველი და რუსი ხალხების მეგობრობის ტრადიციები, რომლებიც არ უნდა ვანაცვალოთ ნაციონალიზმსა და შოვინიზმს. მხედველობაში მაქვს ჩვენი რესპუბლიკის ყველა რეგიონი, მივაპყრობ რა თქვენს ყურადღებას აფხაზეთის ვითარებას. რა თქმა უნად ჩვენთვის ყველაზე მწვავე სიტუაცია ახლაა თბილისში, მაგრამ შეუწყნარებელი იქნებოდა გაგვეუბრალოებინა აფხაზეთსა და სხვა ავტონომიურ ფორმირებებში შექმნილი სიძნეელები. გთხოვდით, ნუ მიუშვებთ სენს, ნუ მოაქცევთ მას სიღრმეში, ნუ მიიყვანთ საქმეს წყლულებამდე და ანთებამდე. განა ვინე უარყოფს ეროვნული იდეების უპირატესობას ხალხის სულიერ ღირებულებათა ნუსახში? მაგრამ რაოდენ ძლიერ აუფასურებს და ამცირებს,  როცა მკვიდრდება სხვათა ეროვნული ღირსების ხარჯზე! ”

რუსი სამხედროების და გენერალ როდიონოვის ერთგვარი გამართლება

“მინდა შევეხო არმიას, მისადმი დამოკიდებულებას, იგი თბილისის ქუჩებში თავისი ნებით არ გამოსულა. იგი გამოვიდა და მითითებული ადგილი დაიკავა, როცა დაემორჩილა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იღებდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აქ, ამ დარბაზში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, როგორც ამხანაგებმა მითხრეს, ილაშქრებდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ -პოლკოვნიკი ი.ნ როდიონოვი. იგი ამბობდა, რომ ეს ფუნქცია დამახასიათებელი არ არის არმიისთვის, რომ იგი, მისი ხელქვეითები სულ სხვა ამოცანებს უნდა წყვეტდნენ.”

ანატოლი სობჩაკი 9 აპრილს მომხდარის გამოძიების შედეგებზე და პასუხისმგებელ პირებზე https://lessonsgeo.wordpress.com/2014/11/02/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-9-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98/