ტეგები


ილია

1989 წლის აპრილში, სააღდგომო ეპისტოლის ბოლო ნაწილში საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი  9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას შეეხო. მანამდე კი ისაუბრა მეოცე საუკუნეზე, ეკლესიის მნიშვნელობაზე, აღზრდის საკითხებზე და ა.შ  სრულად გთავაზობს პატრიარქის  1989 წლის ვრცელი სააღდგომო ეპისტოლის იმ  ნაწილს, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს ეხმიანებოდა.

“დანო და ძმანო ჩემნო, ჩვენთვის დღეს მაცხოვრის აღდგომის სიხარული 9 აპრილის ღამეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და მთიან აჭარაში სტიქიით მომხდარი უბედურების მწუხარებასთან არის წილნაყარი.

„მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან, – გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.

რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.მთავარია გულისხმიერებამ და გონიერებამ არ გვიღალატოს, რომ სწორ გზას არ ავცდეთ.

დიახ, რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.

ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.

9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ.

იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე მიიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. საქართველომ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან ჩვენზედ დაკისრებული მისია იყო. ამისთვის ვმადლობთ ღმერთს.

საქართველოს ეკლესია აღავლენს ლოცვებს უდანაშაულოდ მსხვერპლშეწირულთა სულის საოხად, რათა უფალმან დააწესოს იგინი სავანესა მართალთასა. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, ამინ!

მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ზეიმის დღეა, ღვთაებრივი მადლი აღდგომის სიხარულისა სძლევს ყოველგვარ მწუხარებას. მაშ, შეიმოსეთ სიხარულით. იგი თქგენი მუდმივი თანამდევი იქნება, თუ სიყვარულის გზას აირჩევთ და მას გაჰყვებით.”