ტეგები

,


„ერთმა ისტორიკოსმა თქვა: ხალხი, რომელიც ივიწყებს თავის წარსულს, განწირულია მისი ხელმეორედ განცდისთვისო, ეს წიგნი დავწერე იმისთვის, რომ აღარასდროს განვიცადოთ ახალი სისხლიანი კვირა.“ანატოლი სობჩაკი წიგნის შესახებ „თბილისის  1989 წლის სისხლიანი კვირა.“

სობ

ფოტოზე – ანატოლი სობჩაკის ძეგლი თბილისში.

1989 წლის 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა თბილისში წესრიგის აღსადგენად. შემდეგ კი, თბილისში, მშვიდობიანი დემონსტრანტების და მოშიმშილეების უსასტიკესი მეთოდებით დარბევის დეტალების შესწავლას სსრკ სახალხო დეპუტატების საგამოძიებო კომისია შეუდგა  ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის დასკვნა მძიმე აღმოჩნდა საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის. კომისიის თავმჯდომარეს საბჭოთა არმიის სახელის შებღალვაში დასდეს ბრალი. დასკვნაში ითქვა, რომ თბილისში მიმდინარე მიტინგის დაშლის გეგმის მომზადებისას და ამავე გეგმის განხორციელებისას ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებს საკავშირო და რესპუბლიკური ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან.

საინტერესო დეტალებს იხსენებს ანატოლი სობჩაკი წიგნში “თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა.“ ის მიუთითებს 1989 წლის აპრილის უმძიმესი გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებს: ჯუმბერ პატიაშვილი, ბორის ნიკოლსკი ( საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი 1984-89 წლებში) კონსტანტინ კოჩეტოვი ( 1989 -ში სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ) იგორ როდიონოვი (1989-ში სსრკ ჯარების ამიერკავკასიის გარნიზონის მეთაური). ხსენებულების გარდა სობჩაკი ასახელებს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიების მზადებაში მონაწილე სხვა პირებსაც: ზურაბ ჩხეიძე ( მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) ოთარ ჩერქეზია (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) ცეკას მდივნები: ნუგზარ ფოფხაძე და გურამ ჭითანავა, შს მინისტრი შოთა გორგოძე.  „ეს პირები წარმოადგენდნენ „კოლექტიურ“ ხელისუფლებას, ისინი ყოველთვის ზარზეიმით უჭერდნენ მხარს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს.“ წერს ანატოლი სობჩაკი.

წიგნში „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა“აღნიშნულია, რომ თავიდან იგორ როდიონოვი წინააღმდეგი იყო თბილისში დემონსტრაციის დაშლის ღონისძიებაში სამხედრო ძალის გამოყენების. „ როდიონოვს არ შეიძლება არ სცოდნოდა რაზე მიდიოდა, ამიტომ სავარაუდოა, რომ პროცესში მისი ჩართვის მიზეზი იმდენად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ, მაგალითად, სსრკ თავდაცვის მინისტრის ბრძანება, ანდაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანება.. მაგრამ ეს ყველაფერი მარჩიელობაა, არც როდიონოვმა, არც გენერალმა კოჩეტოვმა, არც სსრკ თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა, არც ჩებრიკოვმა (1989-ში სსრკ უშიშროების ხელმძღვანელი) არ აღიარეს მსგავსი ბრძანების არსებობა. ამიტომ, მომხდარი გენერალ როდიონოვის სინდისზე რჩება.“

საინტერესოა წიგნის ის ნაწილიც, რომელშიც ავტორი საქართველოს სსრ უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელის და 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე ჯუმბერ პატიაშვილის შემცვლელის გივი გუმბარიძის შესახებ წერს: „გუმბარიძე ვერ შეძლებდა მონაწილეობა არ მიეღო 1989 წლის 9 აპრილის ოპერაციის წინა თათბირებში. უცნაური ისაა, რომ ამ თათბირებში მონაწილეებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა იმის შესახებ როგორი იყო გივი გუმბარიძის პოზიცია. გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ის სადღაც გადიოდა ან ჩუმად იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ გადამწყვეტ თათბირზე, რომელიც ვიწრო წრეში გაიმართა ( პატიაშვილი, ნიკოლსკი, კოჩეტოვი, როდიონოვი) ის მიწვეული არ ყოფილა.“