ტეგები

,


mart

ყოველ 25 მარტს ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში მასობრივი სტალინური დეპორტაციის მსხვერპლს იხსენებენ. ჩვენს მიერ თქვენთვის შემთავაზებული ფოტოები კი ასახავს 1989 წლის 25 მარტის დიდ სამგლოვიარო მანიფესტაციას რიგაში – ბალტიისპირელი ხალხების მიმართ სტალინის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულის გახსენებას.

1949 წლის იანვარში შემუშავდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს საიდუმლო დადგენილება ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან „კულაკებისა და ბანდიტების“ ოჯახების გასახლების შესახებ. სტალინის გეგმა მიზნად ისახავდა ოკუპირებული ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის გაწმენდას მოწინააღმდეგეებისგან. 1949 წლის მარტში ამ სამი ქვეყნიდან ციმბირში 100000 – ამდე ადამიანი გადაასახლეს.

ბალტიისპირელების მასობრივი დეპორტაცია 24 მარტს ღამით დაიწყო. ადამიანები ღამით გამოყარეს სახლებიდან, დღისით კი მათ სამსახურებში იჭერდნენ, ბავშვები სკოლებიდან გამოყავდათ. ეს ადამიანები პირუტყვისთვის განკუთვნილი ვაგონებით გაუყენეს ციმბირის გზას. ნაწილი გზაში დაიღუპა. დეპორტირებულებში იყო ძალიან ბევრი ქალი და ბავშვი. „ლატვიაში არ არის ოჯახი, ეს ტრაგედია რომ არ შეხებოდა,“ ამბობს ამ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტე. ის ციმბირში, გადასახლებში დაიბადა.

რამდენიმე წლის წინ ესტონეთის სასამართლომ დახურა საქმე საბჭოთა უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ, რომელსაც 1949 წლის მარტის უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. წაყენებული ბრალი გენოციდში თანამონაწილეობად კვალიფიცირდებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ 87 წლის განსასჯელი განუკურნებელი სენით იყო ავად.

2009 წელს კი ესტონეთშივე, არნოლდ მერის გახმაურებული საქმე დაიხურა  ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო. არნოლდ მერი 1992-2001 წლებში  ესტონეთის პრეზიდენტის ლენარტ მერის ღვიძლი ბიძაშვილი იყო. ამ 89 წლის მოხუცსაც უპირებდნენ გასამართლებას. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ 1949 – ში, ესტონეთის კომკავშირის ცეკას მდივანი არნოლდ მერი პირადად მონაწილეობდა ესტონელების დეპორტაციაში. საინტერესოა, რომ  ამ საქმის წარმოებას აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გარდაცვალების შემდეგ არნოლდ მერი დმიტრი მედვედევმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

ესტონეთის კანონმდებლობა არ სცნობს ხანდაზმულობას ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორშიც ზემოთხსენებულ პირებს ედებოდათ ბრალი. დასასრულს გაგაცნობთ დიმიტრი მედვედევის სიტყვას, რომელიც მან პრეზიდენტობისას წარმოთვა –  ესტონეთში, მშვიდობიანი ესტონელების გენოციდში თანამონაწილეობისთვის ბრალდებულის  ხსოვნის საპატივცემულოდ: “ნათელი და ვაჟკაცი ადამიანი – არნოლდ მერი –  სამართლიანობის, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალების ერთგული იყო. ის ღირსეულად ატარებდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას – მეორე მსოფლიო ომში თავგანწირული ბრძოლისთვის. არნოლდ მერი უკანასკნელ დღეებამდე რჩებოდა ნაციზმთან შეუპოვარ მებრძოლად და ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ისტორიის გადაწერის მცდელობას. რუსეთში მუდამ გვემახსოვრება არნოლდ კონსტანტინეს ძე, როგორც წესიერი და პრინციპული ადამიანი.”