ტეგები

,


mdelo

(ფოტოზე –  აფხაზეთი ( საქართველო) სოფელ ლიხნის ისტორიული მოედანი)

1989 წლის 18 მარტს, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზების დიდი შეკრება გაიმართა. მასზე მიიღეს  მიმართვა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის სახელზე და ამ მიმართვაში საბჭოთა კავშირის ფარგლებში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფა მოითხოვეს. ლიხნის წერილს ხელს აწერდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბაც.

18 მარტის მიმართვის შინაარსის გახმაურებამ მთელს საქართელოში მღელვარება გამოიწვია, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. 1989 წლის 1 აპრილს ქართველების საპროტესტო მიტინგი გაიმართა რუსეთის საზღვართან დაბა ლესელიძეშიც და ამ მიტინგიდან მომავალ ავტობუსებს, საიდანაც საქართველოს სამფეროვნ დროშებს აფრიალებდნენ, სოფელ ლიხნის გადასახვევთან აფხაზების ჯგუფმა ქვები დაუშინა.

3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი, მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ვოვა ვეკუა (რომელიც მალევე მოკლეს სოხუმში). მიტინგის დასრულების შემდეგ ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ლიხნის შეკრების ორგანიზატიორების დასჯის მიღწევა უნდა ყოფილიყო. თბილისში საპროტეტო აქციები ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თაოსნობით დაიწყო, თავდაპირველად სამედიცინო ინტისტუტის წინ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მალევე პროტეტსის ტალღამ რუსთაველზე, მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობაზე ამ გზით ზეწოლას შედეგი ჰქონდა. ”სოხუმში ჩავედი და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა გავათავისუფლე, აფხაზეთის მთელი საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს გვერდით იყო, აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბაც კი,” – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც 1989-ში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა.

ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. აქციის ინიციატორები, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები დაშლის მომხრეები იყვნენ, მაგრამ მათი პოზიცია გადამწყვეტი ვერ გახდა.თბილისში მიმდინარე აქციაზე აფახაზეთის საკითხმა უკან გადაიწია და მთავარი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა.

რამდენიმე თვეში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე  ასეთი შინაარსის მოხსენებით გამოვიდა აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, სახალხო დეპუტატი  ვლადისლავ არძინბა:

განსაკუთრებით გართულდა ვითარება 1988 წლის ბოლოს. თბილისში მიმდინარე მიტინგებზე გაისმა აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოწოდებები… დემოკრატიის სახელით მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები აფხაზეთის ქართულ მოსახლეობაში ანტიაფხაზურ განწყობებს აღვივებდნენ. გასული წლის დეკემბერში სოხუმში არასანქცირებული მიტინგი გამართეს. რესპუბლიკის აფხაზი და არა მარტო აფხაზი მოსახლეობა სერიოზულად აღაშფოთა სახელმწიფოს ენის მხარდასაჭერი პროგრამის განხილვამაც.. მათი გულისწყრომის მიზეზი იყო ისიც, რომ ასე ქმედებებს არ მისცა შეფასება რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ. ყველაფერი ერთად გახდა მიზეზი იმის, რომ 1989 წლის 18 მარტს, სოფელ ლიხნის ისტორიულ მოედანზე, სადაც წყდებოდა-ხოლმე აფხაზი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, სანქცირებული მიტინგი ჩატარდა. მასზე მიიღეს მიმართვა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტის სახელზე. მიმართვას ხელი მოაწერა 32000 პირმა, მათ შორის პარტიულმა ხელმძღვანელებმა, აფხაზი ეროვნების დეპუტატებმა. ყველამ ერთად აფხაზეთისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, რომელიც მას გააჩნდა 1921 წელს, ვლადიმერ ლენინის სიცოცხლეში.

ვლადისლავ არძიბა ამ გამოსვლაში აღნიშნავდა: „აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება 1921 წლის 4 მარტს დამყარდა. შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სტალინის ზეწოლით 1921 წლის დეკემბერში მან გააფორმა სამოკავშირეო შეთანხმება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, რაც დაცული იყო 1931 წლამდე.“

რა  მოხდა 1921 წელს ამის შესახებ იხ. ამონარიდში მარიამ ლორთქიფანიძის წერილიდან “აფხაზები და აფხაზეთი” https://lessonsgeo.wordpress.com/2014/10/27/%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0/