ტეგები

, ,


anqvabi

1989 წლის თებერვალში თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუსთან, ამავე ინსტიტუტის კომკავშირელმა აქტივისტებმა (მილიციასთან ერთად) სასტიკად დაარბიეს “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ორგანიზებით მიმდინარე აქცია. საპროტესტო აქციის მონაწილეების უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენდნენ. ისინი სოხუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალის დახურვის და აფხაზურ სკოლებში აფხაზეთის ისტორიის დამახინჯებულად სწავლების მცდელობას აპროტესტებდნენ. იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ აქცია არანაირად არ იყო მიმართული აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.

ამონარიდი 1989 წლის 18 თებერვლის დარბევის შემსწავლელი კომისიისთვის მიცემული ერთ-ერთი განმარტებიდან: „ცემაში ნაწილობრივ მილიციაც მონაწილეობდა, მაგრამ ძირითადი აქტივობა კომკავშირული აქტივის კისერზე გადავიდა. სისხლი დაიღვარა. მაშინ ვედროებით გამოჰქონდათ წყალი და ასხამდნენ კიბეებზე. კორპუსის ჰოლში მოზაიკური საფენია და ისიც დასისხლიანებული იყო. მერე დამლაგებლების მობილიზაცია მოხდა და ყველაფერი მორეცხს.“

1989 წლის გაზეთ “საქართველოში,” რომელსაც “სახალხო ფრონტი” გამოსცემდა, ნოდარ ნათაძის საინტერესო განმარტებას წავაწყდით. ის წერდა, რომ 1989 წლის 18 თებერვლის სასტიკ დარბევას შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე ალექსანდრე ანქვაბი ადევნებდა ადგილზე თვალს და მილიციის თანამშრომლებს მითითებებსაც აძლევდა.

აი, რას წერდა ნოდარ ნათაძე:

“პირველი დიდი მიტინგი თბილისში, რომელიც დარბეულ იქნა, 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგი იყო – ქართველებისა და აფხაზების მეგობრობისადმი მიძღვნილი მიტინგი. ძალადობა ოთხჯერ მოხდა: ჯერ სპი-ს მთავარ კორპუსთან, შემდეგ ყოფილ რკინიგზელთა კორპუსთან ( აქ იყო სწორედ მილიციას „კომკავშირლები“ რომ მიეშველნენ) შემდეგ მეტრო „პოლიტექნიკურთან“ და ბოლოს ისევ მეტრო „პოლიტექნიკურთან.“ უკანასკნელი დარბევა მაშინ მოხდა, როცა მიტინგი უკვე იშლებოდა. დასკვნა ნათელია: განზრახული იყო აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი მიტინგის დარბევა. ვინღა გაარჩევს მერე მეგობრული იყო თუ მტრული, რათა შემდეგ, როცა საქმე უკვე მსხვერპლზე მიდგებოდა (რაც, რაღა თქმა უნდა, უკვე გათვალისწინებული იყო), საქმე ისე წარმოედგინათ, თითქოს ქართველები თავისუფლებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ აფხაზთა დაჩაგვრის უფლებისთვის.

მეტრო პოლიტექნიკურთან რბევის პროცესში შევნიშნე, რომ ამ „ სასახელო“ ოპერაციას ერთი გამხდარი და ფერმკთალი, შავგვრემანი ახალგაზრდა ხელმძღვანელობდა. ქუჩის სავალ ნაწილზე იდგა რუხი პალტოთი და რუსულად აძლევდა მითითებებს მასთან მიმსვლელ მილიციის უმაღლეს ოფიცრებს. ამ თემაზე კრიტიკულად გამოელაპარკა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის თანამშრომელი, სამი შვილის დედა ქალბატონი ელიზბარაშვილი, ახალგაზრდამ ისე გაღიზიანებით და ისე უხეშად უპასუხა, რომ მართალი მოგახსენოთ, მისი ამ რეაქციის შეუნიღბაობა გამიკვირდა.

გავიკითხე მისი ვინაობა, აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტსამმართველოს უფროსი, ეროვნებით აფხაზი, გვარად ანქვაბი. ამგვარად, ქართულ-აფხაზური მეგობრობის მიტინგის დარბევა აფხაზს ჰქონია მინდობილი და მისსავე ხელში ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეები.”

1989 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელი აქტივისტებისა და მილიციის მიერ სტუდენტების დარბევას ეხმაურებოდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამოცემა “დურუჯი.” აქცია სწორედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული.

“დღეს ძალიან ბევრს წერენ და ლაპარაკობენ კომკავშირის გაუქმების, ან პირიქით მისი ავტორიტეტის ამაღლების შესახებ. ჩვენი აზრით შეუძლებელია კომკავშირული ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლება, ვინაიდან იგი მას არასდროს ჰქონია, ხოლო არარსებულის ამაღლებაზე ლაპარკი ზედმეტია. დღეს რომ კომკავშირს გავლენა და ავტორიტეტი დაკარგული აქვს, ამას მისი ე.წ. ლიდერებიც აღიარებენ, მაგრამ საკითხავია რა დროს, რომელ წლებში ჰქონია ავტორიტეტი? განუკითხაობის და რეპრესიების დროს? ან იქნებ 1989 წლის 18 თებერვალს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წინ მოწყობილი მიტინგის ( რომელიც აფხაზეთის საკითხს ეხებოდა) დარბევის გეგმის ძირითად შემსრულებლად პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირული აქტივისტები წარმოგვიდნენ.

ჩვენი საზოგადობის რამდენიმე წევრი თავად არის მოწმე და მონაწილე იმ რბევისა და ცემა-ტყეპისა, თუ როგორ სასტიკად, მხეცურად, ამაზრზენი ცინიზმით უსწორდებოდნენ დემონსტრაციის მონაწილეებს, თავიანთ თანატოლებს, კურსელებს, ჯგუფელებს, თანამემამულეებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირელი ორგანიზაციის აქტივისტები. ისინი არ ინდობდნენ არც გოგონებს, არც ბიჭებს და იარაღი რომ ქონოდათ, შესაძლოა, სასიკვდილიდ გაემეტებინათ ისინი. რომელ ავტორიტეტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.”