ტეგები


ტავი

რადგან  საბჭოთა კავშირის ბოლო და მღელვარე წლებს ვიხსენებთ, შემოგთავაზებთ მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებულ ისეთ სტატიებსაც, რომლებმაც  საზოგადოებაში არსებული  განწყობა შემოინახეს: ბავშვური  და იმედიანი. შეგახსენებთ  როგორ დავიწყეთ  ხმამაღლა ოცნება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე. გაზეთი “დროება” 1989  წელი გურამ სიხარულიძე                                           

ქართველთა მიზანი

“საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მას არც ტერიტორია აკლია და არც მოსახლეობა. ბუნების მიერაც უხვად არის მომადლებული სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მრავალფეროვნების გათვალისწინებით მას მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში არ არის ერთბაშად წარმოდგენილი ზღვა, სუბტროპიკები, ალპური ზონები, მიუვალი ყინულოვანი მასივები და ურთულესი კატეგორიის მწვერვალები, კარსტული მღვიმეები და მიწის ქვეშა უფსკრულები, თერმული წყლები და უდანოები. ასეთი მხოლოდ საქართველოა, უძველესი და უკულტურესი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე ბარბაროსული განადგურების მიუხედავად მრავლად არის შემორჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები.

საქართველოს მტრები, მისი დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები, მერყევნი, მშიშრები და ნიჰილისტები, რუსი და სხვა ჯურის შოვინისტები გაჰკივიან საქართველო პატარაა და რუსეთის გარეშე დამოუკიდებლად ვერ იარსებებსო. ასეა ეს? გადავხედოთ მსოფლიო პოლიტიკურ რუქას. მასზე ჯერჯერობით არ არის აღნიშნული თავისუფალი საქართველო ( ტერიტრია 70 ათასი კმ2, მოსახლეობა 5, 5 მილიონი, აქედან 4 მილიონი ქართველია) თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ერთა ლიგაში დამოუკიდებელი საქართველოს მიღების საკითხი წყდებოდა მისი ტერიტორია 93 ათასი კვადრატული კმ -ით იყო წარმოდგენილი. ფაქტია, რომ 23 ათასი კვადრატული გასაბჭოების შემდეგ დაკარგა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შემდეგ ეს ფართობი შესაძლოა ნაწილობრივ მაინც უკან დაიბრუნოს. ვიმეორებ – მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე თავისუფალი საქართველო ჯერჯერობით აღმიშნული არაა, სამაგიეროდ აღნიშნულია მასზე ბევრად პატარა ქვეყნები: ალბანეთი, დანია, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია.. ბაჰრეინი, კატარი, კვიპროსი,კუვეიტი…. ოკეანიაში უმარავი პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. დავასახელებ მხოლოდ ვანუატუს, ნაურუს, სოლომონის კუნძულებს, ფიჯის…

დასკვნა მკითხველისთვის მიმინდია. ჩემის მხრივ კი დავძენ, რომ ტვინნაღრძობი უნდა იყო ან გამყიდველთა მსახური რომ ენა შემოგიბრუნდეს და თქვა: ღვთისმშობლის წილხევდრი ქვეყანა, ჩვენი საყვარელი ივერია ტერიტორიულად ძალიან პატარაა და დამოუკიდებლად არსებობა არ შუძლიაო.”