ტეგები

, ,


ბათუმი

(1988 წლის მანიფესტაცია ბათუმში)

1988 წლის მიწურულს როგორ აღიქვამდნენ მაშინდელ ხელისუფლებას ეროვნული მოძრაობის აქტივისტები და რა საშიში ტენდენციები იკვეთებოდა მიტინგებთან და მანიფესტაციებთან დაპირისპირებაში? ამის ნათელსაყოფად შემოგთავაზებთ ამონარიდს გაზეთ “დურუჯის” ერთ სტატიიდან. ეს გაზეთი ყვარელში ” ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თაოსნობით გამოიცემოდა. შემდეგ კი 1988 წლის დეკემბერში, ბათუმში  განვითარებულ საყურადღებო  მოვლენებს გავიხსენებთ.

“ქართველი ხალხი გააღიზიანა და აღაშფოთა იმპერიის დედაქალაქში მიმდინარე ე.წ. სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა მეორე ყრილობამ, რომელიც როგორც მოველოდით, წინასწარ დასახული გეგმით წარიმართა. ეს არ არის პარლამენტი, როგორ მას ბოლო დროს უწოდებენ. პარლამენტსა და მოსკოვის ყრილობას შორის დღეღამური სხვაობაა. ან რა შეიძლება ითქვას „პარლამენტარზე,“ რომელსაც კენჭისყრის დროსაც ვერ გაურკვევია რომელ ღილაკზე დააჭიროს თითი, აკანკალებულს რომ უჭირავს უმარტივესი აპარატი და ბრიყვული გამომეტყველებით აცეცებს აქეთ-იქით თვალებს. ასეთი დეპუტატები ყრილობის უმრავლესობას შეადგენს..

ყრილობამ დაგვანახა ( მანამდეც ვხედავდით) რომ „პერესტროიკა,”“გლასტნოსტი“ და „დემოკრატია,“ რუსეთის იმპერიაში არ არსებობს, არც სხვა იმპერიებში არსებულა და ვერც იარსებებს. “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა,” აი, რა მშვენივრად უთქვამთ ჩვენს სულმნათ წინაპრებს. სწორედაც რომ არ გათეთრდების…“

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, სწორედ, სტატიაში ხსენებულ ყრილობაზე თქვა: ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი საქართველომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ აღიდგინაო. მართალია ამ ყრილობაზე ხელი აიღეს საბჭოთა რესპუბლიკებისთვის სსრ კავშირიდან გასვლის უფლების წართმევაზე (რაც ისედაც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა) ყრილობის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა ხელმძღვანელობა უფრო მკაცრი გახდა მიტინგებისა და მანიფესტაციებისადმი დამოკიდებულებაში.

ცნობილია, რომ მოსკოვიდან უკან დაბრუნების შემდეგ, 1988 წლის დეკემბერში, ჯუმბერ პატიაშვილმა კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მიიწვია მეცნიერები და“ შემოქმედებითი ინტელიგენციის“ წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების, შემოქმედებითი კავშირების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელები. ეს შეკრება თბილისის ნოემბრის დიდი მანიფესტაციების და შიმშილობის აქციის მიზეზებისა და შედეგების გაანალიზებას დაეთმო.

მალევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ბათუმში მილიციის და შინაგანი ჯარის მობილიზება მოახდინა იმ დღისთვის, როცა ეროვნული მოძრაობის ლიდერების ორგანიზებით მიტინგი უნდა გამართულიყო. ეს უნდა მომხდარიყო 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს.

„კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მაშინდელმა მდივანმა გ.ემირიძემ წინასწარ მოახდინა ხულოს, ქედის და შუახევის რაიონებში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველების დეზინფორმაცია და მოამზადა ისინი,”- აღნიშნავდა ჟურნალი „გუშაგი“ და განაგრძობდა – “ამ მიზნით დასახელებული რაიონებიდან ბათუმში 7 ავტობუსით ჩაიყვანეს დაახლოებთ 300 კაცი. ამ სამარცხვინო აქციის ორგანიზატორებმა მათ მოატყუეს, თითქოს ზ. გამასახრდიას, მ კოსტავას და მათ მიმდევრებს სურთ აიძულონ მაჰმადიანი ქართველები, მიიღონ ქრისტიანობა.“

მაშინ, მილიციამ თბილისი-ბათუმის გზიდან, უკან – თბილისისკენ გააბრუნა ასობით პირი. დეტალებს ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა გიორგაძე ასე იხსენებს: “ჩაქვში მატარებელი გააჩერეს. ხალხის უდიდესი მასა მატარებელს დახვდა და მიტინგის ორგანიზატორებს ეძებდა – მათი ჩაქოლვა უნდოდა.“

„ყველაფერი ეს ხდებოდა ხელისუფლების და მილიციის წარმომადგენლების თვალწინ, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ემირიძეს და საქართველოს მთავრობას, რომელიც განგებ აღვივებს მტრობას სხვადასხვა სარწმუნოების ქართველებს შორის.“ ნათქვამი იყო 1988 წლის 11 დეკემბრის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერდნენ მ. კოსტავა, ზ გამსახურდია და სხვა პირები.