ტეგები


მუხრანა

1988 წლის ბოლო მღელვარე იყო საბჭოთა საქართველოში –  დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად,  საბჭოთა გიგანტური პროექტების მშენებლობის შესაჩერებლად, საბჭოთა ჯარში ქართველი ახალგაზრდების მკვლელობის ფაქტების გასაპროტესტებლად და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საბჭოთა რესპუბლიკების გასვლის, თუნდაც, ფორმალური უფლების შესანარჩუნებლად, ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ამ დროიდან საბჭოთა საქართველოში აზვირთდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც თავიდანვე ასე აქტიურად ჩაება ახალგაზრდობა. საბჭოთა ხელისუფლება დიდი შიშით ეკიდებოდა ათწლეულობით შებოჭილი ენერგიის ამოხეთქვას. იმ დროს პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა საინტერესო სიტყვით მიმართა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციას და იქ შეკრებილებს  მოუწოდა – ახალგაზრდების შეჩერებაზე კი არ ეფიქრათ და ეზრუნათ, ყურად ეღოთ მათი მოთხოვნები. გთავაზობთ ამონარიდს მუხრან მაჭავარიანის ამ გამოსვლიდან. ეს სიტყვა 1988 წლის ბოლოს ითქვა.

“უფრორე ღამით,
ხანდახან დღისით,
არც ისე შორით,
ხმა მესმის ფიქრის:
უჩუმრად ყოფნას,
სინდისი მიშლის!
ხმის ამოღებას,
სიკვდილის შიში!

დიახ, იყო ასეთი დრო და იყვნენ იმ დროს ამგვარ მდგომარეობაში მყოფნი.

ხმას ამოიღებ, –
ვაია!
ჩუმად იქნები, –
უი!..
ვინც ლაპარაკობს,
ხომ ტყუის! –
ვინც დუმს, –
ის უფრო ტყუის!

დიახ, იყო ასეთი დრო და იყო იმ დროს ამგვარი ვითარება! დღეს?! – ახლა?! სამწუხარო ისაა, რომ დღესაც, ჯერ კიდე იმ დროშია არაერთი ჩვენთაგანი. გვიჭირს, ძალიან გვიჭირს შეგუება სიახლესთან. შეჩვეული ჭირი გვიჯობს შეუჩვეველ ლხინს.

განვლილი 70 წლის მანძილზე ისე შევეჩვიეთ სიცრუესა და ორპირობას, ისე გადავეჩვიეთ მართლის თქმასა და გულწრფელობას, ცოტა არ იყოს, გვეჩოთირება კიდეც აწინდელი დემოკრატიზმი.

საქართველოში, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანაში, არაერთი საჭირბოროტო პრობლემა იდგა და დგას. ეს პრობლემებია ეკონომიკური, ეროვნული, სოციალური…ამ პრობლემებზე ქართულმა მწერლობამ, ჯერ კიდევ, საჯაროობამდე აღიმაღლა ხმა:

ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა;
გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად:
მიწიანა, კაციანა,ციანა —-
საქართველოს მოთმინების ფიალას.

25 წლის წინათ გაისმა ეს სიტყვები. იცვალენ დრონი. მთავრობამ საჭიროდ სცნო ცხოვრების, ადამიანის აზროვნების გარდაქმნა. ამის მისაღწევად კი აუცილებელი იყო დემოკრატიზმი და საჯაროობა. ამიტომაც, მთავრობამ დაუშვა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიზმი და საჯაროობა.მთავრობამ ხალხს უთხრა: 70 წლის მანძილზე ადამიანმა დაჰკარგა ადამიანის სახე! უნდა მოხდეს გარდაქმნა! – კაცი უნდა დაემგვანოს კაცს! – ეს კი მხოლოდ მაშინ განხორციელდება, როცა ადამიანი თავის გასაჭირს იტყვის დაუფარავად, გულახდილად! თქვით, რა გაწუხებთ, – რა გსურთ!

ახალგაზრდობაც ( და არა მარტო ახალგაზრდობა) ხმამაღლა ამბობს, რაც მას აწუხებს, რაც მას სურს! ეწყობა მიტინგები; ზოგი ნამეტანს ითხოვს, ზოგი ზომიერ მოთხოვნებს აყენებს! ჩვენში კი ( უფროსებში) ამის გამო შეშფოთებაა! ვიძახით: – რა ვიღონოთ, როგორ გავაჩუმოთ ეს ახალგაზრდებიო!

ჩემი აზრით, ახალგზარდების დასაწყნარებელი ილეთებისა და ზომების გამოძებნას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ ყურად უნდა ვიღოთ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები. უნდა ავამაღლოთ ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური დონე, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ეროვნული და სოციალური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ-ორ დღეში, არც ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ, როცა ხალხი, ახალგაზრდობა დარწმუნდება, რომ ჩვენ ამას ნამდვილად ვაკეთებთ, მაშინ და მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ მათ თვალში ნდობას.

როგორც მართებულად ამბობენ, პრობლემები არასდროს დაილევა! – ამიტომ არც მიტინგები შეწყდება! მერედა, რაა ამაში შემაშფოთებელი?! ყოველ დემოკრატიულ ქვეყანაში წარამარა იმართება მიტინგები და მანიფესტაციები. ჩვენში ხომ უკვე დემოკრატიაა?! გამართონ ეს მიტინგები! იყოს აზრთა სხვადასხვაობა!
ხალხი მათ არ მოუსმენს, თუ ისინი მართალნი არ იქნებიან. ხალხსა და მთავრობას შორის ურთიერთშიში მაშინ სუფევს, როცა მთავრობა უსამართლოა! მთავრობა როცა სამართლიანია, – არც ხალხს ეშინია მთავრობისა და არც მთავრობას, – ხალხისა!

70 წლის მანძილზე გარეთ „ვაშას“ ვიძახდით, შინ, – „ვაის! გარეთ ტაშისცემით ხელებს ვიტყავებდით, – შინ ხელებს თავში ვიშენდით! – და სწორედ იმ შინ „ ვაის“ ძახილმა და თავში ხელების შენამ შვა ეს ახალგაზრდობა! ისინი ( ეს ახალგაზრდები) ახლა გარეთ, ქვეყანაში ჰყვირიან იმას, რასაც ჩვენ შინ ჩურჩულით, შიშით ვამბობდით.”