ტეგები

,


mica

1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქი სპიტაკი მიწასთან გაასწორა. იმ დღეს 25 000 ადამიანი დაიღუპა. მძიმედ დაზარალდა სომხეთის კიდევ რამდენიმე ქალაქი. საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლები, სკოლები და საავადმყოფოები ზედმეტად არამდგრადი აღმოჩდა ძლიერი მიწისძვრისთვის და ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. საბჭოთა რესპუბლიკას მაშინ ბევრმა ქვეყანამ გამოუწოდა დახმარების ხელი. მიწისძვრით განადგურებულ ქალაქში ერთ-ერთი პირველები უკრაინელი და ქართველი მაშველები ჩავიდნენ.

გაგახსენებთ რას წერდა 1988 წლის დეკემბერში მუხრან მაჭავარიანი:“მსოფლიო შეატორტმანა სომხეთში დატრიალებულმა ცოდვამ. დედამიწის ყოველი მხრიდან ელვის უსწრაფესად დაიძრა თანაგრძნობის ნიაღვარი.. დავრწმუნდი: კაცობრიობის მკერდში, თურმე, ჯერ კიდევ ძგერს ადამიანის გული! თურმე, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა ადამიანში ადამიანურობა! სხვა ერთა მიერ სხვა ერის ტკივილის ასეთი სიღრმით განცდა, მართალია დახოცილებს მკვდრეთით ვეღარ აღადგენს, მაგრამ იმის უტყუარი საბუთი კია, რომ დედამიწაზე არც ერთი ერი მარტო არაა!“

„ჩვენ მეორე დღესვე სპიტაკში ვიყავით. მაშინ საქართველოს მთებში საკონტროლო-სამაშველო სამსახურში ვმუშაობდი.“ – იხსენებს უკრაინელი მაშველი ალექსანდრ კუდრინი და განაგრძობს: „თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მაგრამ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შანსი მცირე იყო. საცხოვრებელი სახლების ადგილას ნანგრევები იყო. ყოველ ნახევარ საათში ვაცხადებდით წუთიერ დუმილს და ვაჩერებდით ტექნიკას, იქნებ გაგვეგო ძახილი ნანგრევებიდან. ჩვენს ჯგუფში სპელეოლოგები და ალპინისტები ვმუშაობდით. ყველას დიდი გამოცდილება გვქონდა. ამას გარდა იყო ბევრი მოხალისე. მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად სომხეთში ბევრი ჩავიდა უკრაინიდან, საქართველოდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან.“

რამდენიმე წლის წინ სპიტაკის ერთ-ერთ ქუჩას და მოედანს ვიქტორ იანუკოვიჩის სახელი უწოდეს. 1988 ში იანუკოვიჩი „დონბასტრანსრემონტის“ გენერალური დირექტორი იყო და თავისი ჯგუფით ისიც იღებდა მონაწილეობას ქალაქ სპიტაკის აღდგენაში, სხვა ბევრ უკრაინელთან ერთად.

2014 წლის თებერვალში, სპიტაკში ვიქტორ იანუკოვიჩის ქუჩაზე და მოედანზე გააკრეს ფურცლები წარწერებით: „სერგეი ნიგოიანის ქუჩა,“ „სერგეი ნიგოიანის მოედენი.“ ეს იყო სპიტაკში მოქმედი გაერთიანება – „სამოქალაქო თანხმობის“ –  აქტივისტების საპროტესტო აქცია. 20 წლის სერგეი ნიგოიანი ხომ  2014 წლის 22 იანვარში, კიევის  ევრომაიდანზე მოკლეს.

“იანუკოვიჩმა საკუთარ ხალხს ესროლა, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სომხეთში მის სახელს არ უნდა ატარებდეს რომელიმე ქუჩა ან მოედანი. მე ვიცი, რომ ის მონაწილეობდა სპიტაკის აღდგენაში, მაგრამ წინააღმდეგი ვარ უკრაინელი ხალხის მაშინდელი თანადგომა ამ ერთ კაცზე იყოს მიწერილი,“ – უთხრა ერთ-ერთ რადიოს სპიტაკელმა ალენ სიმონიანმა სწორედ იმ დღეს, როცა ვიქტორ იანუკოვიჩის ქუჩას და მოედანს –  სიმბოლურად –  კიევში მოკლული სომეხი ახალგაზრდის სახელი უწოდეს.